როგორ შევინარჩუნოთ ადამიანური ღირებულებები წარმატებული სამედიცინო კარიერის ფონზე – ბიძინა კულუმბეგოვის საქმიანი ისტორია

წერის დაწყება „კავკასიური ცარცის წრის“ ცნობილი ეპიზოდით მსურს: ყოველთვის, როდესაც ექიმის საჭიროება დგებოდა ხოლმე ჩემ ცხოვრებაში, სწორედ ეს ეპიზოდი მახსენდებოდა.


ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს ლოკალური მახასიათებელი როდია. აი რას წერს გია მაისაშვილი, ადამიანი რომელიც სიმსივნეს ებრძვის თავის Facebook გვერდზე: „ახლახან დავბრუნდი სტამბულიდან რადიაციისა და ქიმიო-თერაპიის მორიგი კურსიდან, სადაც ბოლომდე დავრწმუნდი, რომ თანამედროვე მედიცინას ადეკვატური პასუხი არა აქვს. მათი და ფარმა ინდუსტრიის ინტერესი არა ავადმყოფის განკურნვა, არამედ მათი ავადმყოფობის გაგრძელება და მათ ხარჯზე უზომოდ დიდი ფულის კეთებაა”.
შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ჩემს გარშემო არიან ექიმები, რომლებიც ამ იდეას აბათილებენ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბიძინა კულუმბეგოვი, ადამიანი რომელიც ჩემმა 2,9 წლის შვილმა გამაცნო. ალექსანდრე ადამიანების ამომცნობი დეტექტორია, მას არასოდეს ეშლება ვინ არის „მისიანი“. შეიძლება „მშობლის მანიით შეპყრობილი“ გეგონოთ, მაგრამ მგონია, რომ ჩემზე უფრო კარგად გრძნობს ადამიანების აურას. დადებით ადამიანებს თვალებში შესციცინებს, დანარჩენებს კი „Bye“ ან “See you-თი“ იშორებს. ალექსანდრეს ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან მოეწონა, მეტიც, შეუყვარდა. მე კი ყველა ის ადამიანი მიყვარს, ვინც უყვარს ალექსანდრეს… ალექსანდრესაგან გამომდინარე ემოციური დამოკიდებულება რამდენიმე წარმატებული ვიზიტის შემდეგ რაციონალურში გადავიდა. საბოლოოდ კი ნდობა მის მიმართ, როგორც პროფესიონალისა და როგორც ადამიანისადმი იმდენად გაიზარდა, რომ ყველა პოტენციურ თუ არსებულ პრობლემაზე „ბიძინას დავურეკოთ“ მეკერა პირზე, არადა ბიძინა ალერგოლოგ-იმუნოლოგია.
ყოველთვის, როდესაც რაღაც აღმოჩენას ვაკეთებ, ბორგვას ვიწყებ, მინდება მთელ სამყაროს გავაგებინო ამის შესახებ. ახლაც ამ მდგომარეობაში ვარ, მინდა ეს ადამიანი გაგაცნოთ, დაგანახოთ, რომ სხვანაირი ექიმებიც არსებობენ, კეთილები, თანაგრძნობის უნარის მქონენი და პროფესიონალები.
ბიძინასთან ინტერვიუს ჩაწერა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. უფრო მეტიც 2-ჯერ გადაგვედო. საქმე იმაშია, რომ ინტერვიუ სამუშაო საათების შემდეგ უნდა ჩაგვეწერა, ბიძინაც წესით ექვს საათზე ამთავრებს პაციენტების მიღებას, მაგრამ რეალურად, სანამ ბოლო პაციენტს არ გაუშვებს, ის კლინიკაში რჩება. ბოლო პაციენტის მიღება კი შეიძლება ღამის 11 საათამდე გაგრძელდეს, რადგან საუბარი იმდენად საფუძვლიანია, რომ 30-40 წუთი მიმდინარეობის ხოლმე.
და აი როგორც იქნა ერთ დღესაც 9 საათზე დაამთავრა მუშაობა და ჩვენი შეხვედრაც არა პაციენტის მამისა და ექიმის, არამედ ჟურნალისტი – რესპოდენტის რანგში შედგა. ბიძინასგან უნდა მიმეღო პასუხი კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა იყო წარმატებული ექიმი და ამავდროულად არ დაკარგო ადამიანური ღირებულებები. 13578645_10209779408146859_121223413_nჩვენ ყველას გსმენია დარიგება ბიზნეს ტრენერებისგან, რომ ოცნების პროფესიით უნდა დავკავდეთ. თუმცა მთელი სირთულე მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გავიგოთ, რა არის ჩვენი ოცნების საქმიანობა. ჩემი გამოცდილებით ამაში ბავშვობის მოგონებების გახსენება გვეხმარება. საით მიიწევდა ჩვენი გული მანამ, სანამ გარემოცვა, მშობლები, ნათესავები და ა.შ. თავგზას აგვირევდნენ. თუმცა კი ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად გვინდა მენეჯერობა, მაგრამ გვაქვს კი მენეჯერისთვის აუცილებელი თვისებები?! ასეთ შემთხევაში იდეალურია ოცნების საქმიანობისა და ჩვენი შესაძლებლობების დამთხვევა. ჩემი რესპოდენტის პროფესიული საქმიანობის ფუნდამენტი სწორედ ეს იყო – ოცნების საქმიანობისა და რაციონალური არჩევანის გადაკვეთა.

ბიძინა: „ხონის სკოლაში, რომელშიც მე ვსწავლობდი, იყო ასეთი ტრადიცია: პირველ კლასელს ფურცელზე აწერინებდნენ სასურველ პროფესიას, ეს ფურცელი ილუქებოდა და ბოლო ზარზე იხსნებოდა. დამამთავრებელ კლასებში გადაწვეტილი მქონდა, რომ სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა და აი, როდესაც გახსნეს დალუქული ფურცელი, აღმოჩნდა, რომ თურმე სასურველ პროფესიად სწორედ ექიმი მეწერა.“

დევიდ ფინჩერის „FIGHT CLUB” ცნობილი ეპიზოდი მახსენდება, როგორ იღებდნენ კლუბში წევრებს. წევრობის კანდიდატი სამი დღე იდგა კარებთან, მას არათუ შენობაში არ უშვებდნენ, პირიქით მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ მის გაგდებას. ზეწოლის სხვადასხვა მეთოდით ამოწმებდნენ რამდენად მყარი იყო ის თავის გადაწვეტილებაში. დიდი წარმატების საფუძველი რთული გამოწვევების გადალახვაში მდგომარეობს. როდესაც ყველა და ყველაფერი შენი გადაწვეტილების წინააღმდეგია, როდესაც სამყაროს ოპონირება გიწევს, სწორედ მაშინ გიმუშავდება წარმატებული ადამიანის კარმა.

ბიძინა: „თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა ფინანსურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მშობლებმაც და სკოლამაც მირჩია ქუთაისში იურიდიულზე ჩამებარებინა. ეს ჭიდილი ბოლო წუთამდე გაგრძელდა და საბოლოოდ როდესაც უკვე საბუთების შეტანის დრო იყო გავჯიუტდი, ან სამედიცინოზე ვისწავლი, ან არსად არ ჩავაბარებ მეთქი. დავიწყე მზადება შემდეგი წლის გამოცდებისთვის. ყოფილი მასწავლებლები ძალიან დამეხმარნენ სრულიად უსასყიდლოდ მამეცადინებდნენ“.

სამედიცინო უნივერსიტეტში უფასოზე ჩაბარება 90-იან წლებში შეუძლებელი ამოცანას გავდა. ეს იყო დრო, როდესაც ყველაფერი ჩაწყობით იყო და მკვეთრად ლიმიტირებულ ადგილებზე ძირითადად მაღალჩინოსნების შვილები ხვდებოდნენ.

ბიძინა: „თბილისში წამოსასვლელი ფული ძლივს შევაკოწიწეთ, გარშემომყოფები ჯერ კიდევ მარწმუნებდნენ, რომ ეს სრულიად უაზრო ხარჯი იყო. ჩამოვედი და ქიმიის გამოცდაში ჩავიჭერი. არადა ყველაზე კარგად სწორედ ქიმიაში ვიყავი მზად. საქმე იმაში იყო, რომ გამოცდის წინ მითხრეს ზეპირად უნდა ჩააბარო, როდესაც ჩემი რიგი დადგა ჩანაწერების ჩვენება მომთხოვეს, შენი მოსმენის დრო არ გვაქო. ყველა საკითხი ვიცი, სანამ კარებში გავალ მანამდე გეტყვით მეთქი. ჩემი დაჟინება უშედეგო გამოდგა, გამომიშვეს.“

ბიძინა რამაზ გიორგობიანის გმირი აღმოჩნდა ფილმიდან „სერენადა“. ის ჯიუტად აგრძელებდა ბიუროკრატიულ გიგანტთან ჭიდაობას.

ბიძინა: „მაინც არ მოვეშვი და გავაგრძელე მომზადება. პირველ გამოცდაზე დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, როდესაც ვადაზე ადრე მომთხოვეს ნაწერის ჩაბარება. ბოლო საკითხი მქონდა დარჩენილი, ვუთხარი ვხსნი ამოცანას, პასუხი ვიცი და სანამ არ დამასრულებინებთ აქედან გამსვლელი არ ვარ მეთქი. მათი ფერდაკარგული სახეები ახლაც არ მავიწყდება ამოცანის საბოლოო პასუხი რომ ვუთხარი და სწორი აღმოჩნდა. სხვა ყველა გამოცდა ჩავაბარე და უფასოზე ჩავირიცხე, 50 ადგილი იყო და 58 კაცი მიიღეს“.

სტუდენტური ცხოვრებაზე წარმოდგენა ამერიკულმა ფილმებმა შემიქმნა, თავგადასავლები, გართობა ა.შ. ჩემი სტუდენტობა მთლად ასეთ არ ყოფილა, მაგრამ არც მაინც და მაინც სწავლით ვიკლავდით თავს. თავგადასავლის ნაკლებობას სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობით ვაბალანსებდი. დღევანდელი გადასახედიდან წარმომიდგენია როგორ გამიჭირდებოდა სტუდენტური ცხოვრება ისეთივე ნაცრისფერი, რომ ყოფილიყო როგორც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც ახალგაზრდული ასაკიდან გაჭირვებასა და მუდმივ ბეჯით შრომაში გიწევს ყოფნა, უშიშარი ხდები. ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში – ფიქრობ და შენი ნაბიჯებიც უფრო თამამი, მტკიცე და გულწრფელი ხდება.

ბიძინა: „ ჩემი სტუდენტობა იყო უნივერსიტეტი – საერთო საცხოვრებელი – „ოკრიბა“. „ოკრიბაში“ დედის გამოგზავნილ საჭმელს ვხდებოდი. პატარა ბლოკნოტი მქონდა და იქ ვაწარმოებდი აღრიცხვას, რომ ყველაფერი ზომიერად გამენაწილებინა. მე-3 კურსის შემდეგ მდგომარეობა ცოტა გამოსწორდა, სახელობითი სტიპენდია დამინიშნეს“.

ჩემი დაკვირვებით ექიმობა ყველაზე მაღალ ინტელექტუალური პროფესიაა. განსაკუთრებული უნარები გჭირდება იმისთვის, რომ წარმატებული მედიკოსი იყო. ვერ იტყვი, რომ ამ საქმეს ცალსახად ჰუმანიტარული მოწყობის გონება ან ტექნიკური აზროვნება სჭირდება. ვერც იმას იტყვი, რომ მხოლოდ დიდი შრომით გახვალ ფონს, ან რომ მხოლოდ ნიჭიერება კმარა. თუ აპირებ გამოხვიდე ექიმი, უნდა ფლობდე ტექნიკურ-ჰუმანიტარული აზროვნებას, გქონდეს ნიჭი და შინაგანი ინტუიცია, გახასიათებდეს შრომისმოყვარეობა, სიახლეებისადმი მუდმივი სწრაფვა და რაც მთავარია, გიყვარდეს ადამიანი და ყოველთვის გახსოვდეს ჰიპოკრატეს ფიცი. სხვა პროფესიებში რომელიმე ზემოჩამოთვლილი კომპონენტის გამოკლება შესაძლებელია, სამედიცინო სფერო კი ეს არ გეპატიებათ.

ბიძინა: „ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე მეგონა რომ გამიჭირდებოდა სწავლა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე ვიღებდი სკოლაში მაღალ ნიშნებს, სამედიცინო უნივერსიტეტისადმი ერთგვარი შიში მქონდა. ერთი თვე დამჭირდა ადაპტაციისთვის, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სხვებზე არანაკლებ კარგად გამომდიოდა. სამედიცინო უნივერსიტეტს ერთი თავისებურება ახასიათებდა – მეთოდურად უნდა გესწავლა. სხვა სპეციალობებზე შეგეძლო გამოცდის წინ 2-3 დღე გემეცადინა და ჩაგებარებინა. ჩვენთან კი, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა იყო საჭირო. თუ კი მიმდინარე ნიშნები, კოლოკვიუმების შედეგები მაღალი გქონდა, ადმინისტრაცია გამოცდიდან გათავისუფლებდა. ბოლოს როდესაც მე-6 კურსზე ჩემს შედეგებს გადავხედე, აღმოჩნდა რომ 50% მეტი საგანი გამოცდის გარეშე მქონდა მაღალ ქულაზე დახურული.“

უმეტესობა წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში არის ის, ვინც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის კარიერაზე, ვინც მისცა მაგალითი, მისცა იმედი, გახდა შთაგონების წყარო, ან უბრალოდ ფიზიკური-მატერიალური დახმარება გაუწია საჭირო დროს. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს არა დედა, მამა ან რომელიმე ნათესავი, არამედ სრულიად უცხოც კი, რომელმაც შენში ნაპერწკალი დაინახა და სული შეუბერა, რომ მისგან ცეცხლი აგიზგიზებულიყო. ასეთი ადამიანების არსებობა გარდამტეხი ხდება ხოლმე კარიერულ წინსვლასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაში.

ბიძინა: „პედიატრის ფაკულტეტის დეკანი იყო ნუგზარ უბერი. პრაქტიკის გავლაც სწორედ მასთან მიწევდა კლინიკაში. მისგან მუდმივად ვგრძნობდი პოზიტიურ დამოკიდებულებას. ნუგზარი მაძლევდა ხოლმე საშუალებას მის კაბინეტში ვყოფილიყავი, ერთგვარი ასისტენტის რანგში. ძალიან უხაროდა ხოლმე, როდესაც პაციენტის შესახებ კითხვას მისვამდა და სხარტად ვპასუხობდი. მეც დიდი ხალისით ვატარებდი დროს მის კაბინეტში, ხშირად დაღამებამდე. როგორც წესი, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამარშუტო ტაქსით არ მიშვებდა, თავად მივყავდი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლამდე. გზად კაფე „ნიკალა“ იყო, იქ შემიყვანდა ხოლმე, მეუბნებოდა: „მშიერი იქნები და სახლში ვახშამი არ დაგხვდებაო“. სწორედ ნუგზარმა გამიწია რეკომენდაცია კომპანია „ავერს-ში“. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. ვმუშაობდი დღის მეორე ნახევარში და ჩემი საქმე საწყობში წამლების გადანაწილება და დახარისხება იყო“.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა: სად და როგორ ვიპოვოთ ასეთი რეკომენდატორები, მეგობრები და მხარდამჭერები? საქმე იმაშია რომ ასეთი ადამიანების პოვნა საჭირო არ არის, საკმარისია ვიყოთ ზრდაზე, განვითარებაზე ორიენტირებული და ისინი თავად გვიპოვნიან. ვართ კი ასეთები? ვცდილობთ კი გავიზარდოთ პროფესიული თვალსაზრისით? რა რესურს ვხარჯავთ ამისთვის?

ბიძინა: „სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კურსზე გადასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ინგლისურის არ ცოდნა ბევრ რამეს მაკარგვინებდა. სკოლაში გერმანულ ენას ვსწავლობდი, ინგლისურად წერა-კითხვაც კი არ ვიცოდი. მასწავლებელთან მომზადება, ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულიად უტოპიური თემა იყო, ამიტომ დამოუკიდებლად დავიწყე სწავლა. ხონში ბებიაჩემის ნაყიდი წიგნი აღმოვაჩინე “Hello America” და იმით დავიწყე სასაუბრო ინგლისურის სწავლა. შემდეგ სამედიცინო ტექსტებს ვაქსეროქსებდი ბიბლიოთეკიდან და ერთსა და იმავე საკითხს ჯერ ქართულად ვსწავლობდი და შემდეგ ინგლისურად. უცხო სიტყვებს ვინიშნავდი, საწოლის თავზე მქონდა გაკრული. დღე არ გავიდოდა, მინიმუმ 10 ახალი სიტყვა რომ არ მესწავლა. 4-5 თვის შემდეგ ლექსიკონის დახმარების გარეშე ვკითხულობდი სამედიცინო წიგნებს“.

არა ერთხელ გამიგონია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იღბალს წარმატების საქმეში. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ წარმატების კარმაა. კარმა, რომელიც მუხლჩაუხრელი შრომითა და რწმენით იქმნება. ამ კარმის მქონე ადამიანების ცხოვრებაში ყველაფერი საოცრად ჰარმონიულად ლაგდება, თითქოს განგება განზრახ გამიზნულად უქმნის მათ საჭირო სიტუაციებსა და მოცემულობებს.

ბიძინა: „დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი დანაზოგს, მინდოდა საზღვარგარეთ მაღალი დონის კლინიკაში პრაქტიკის გავლა. ინტერნეტში ვნახე ავსტრიის ქალაქ ლინცში ბავშვთა კლინიკა, მოვძებნე ერთ-ერთი ცნობილი პროფესორის კლაუს შმიდტის მეილი და მივწერე, რომ ვარ საქართველოდან და მსურს ამ კლინიკაში პრაქტიკის გავლა. მომივიდა პასუხი, რომ სიამოვნებით მიმიღებდა კლინიკა, უზრუნველყოფდა ჩემს იქ ცხოვრებისა და კვების ხარჯებს, ფაქტიურად მარტო მგზავრობის ხარჯის გაწევა მიწევდა. ასეთ რამეზე ვერც კი ვიოცნებებდი“.

იღბალი სულაც არ არის შემთხვევითი მოვლენა, მას ერთი მნიშნელოვანი რამ ახასიათებს: როდესაც უიღბლობას მძაფრად ეწინააღმდეგები არ ნებდები, არ ეპუები იმას, რომ მთელი სამყარო შენ წინააღმდეგაა, რაღაც პერიოდის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად იცვლება. თითქოს რაღაც მისტიკური ხდება და ყველაფერი შენს საკეთილდღეოდ იცვლება.

ბიძინა: „რეზიდენტურის ბოლო კურსზე პროფესიული ორიენტირი ალერგოლოგიისაკენ გადამეხარა. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მაია გენგიურმა, რომელიც რეზიდენტურის ალერგოლოგიურ ციკლს წარმართავდა. სხვათა შორის ქალბატონი მაიას ბოლო გამოშვება რეზიდენტი ვიყავი, მალევე საკმაოდ ტრაგიკულად გარდაიცვალა, პაციენტთან კონსულტაციის დროს. მისი გავლენით გადავწყვიტე ალერგოლოგობა, თუმცა ეს მაშინ არვისთვის მითქვამს და აი ნამდვილი სასწაულია, რომ ერთ დღესაც ჩემი რეზიდენტურის ლექტორი მარინა კვეზერელი-კოპაძე მეუბნება, რომ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს სჭირდება კადრები და ხომ არ გინდა შენი შესაძლებლობები ამ მიმართულებით სცადოო. გამორჩეული ალერგოლოგიური პროფილის კლინიკა საქართველოში მხოლოდ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი იყო. ეს კლინიკა ჩემს აღქმაში მიუღწეველი ოცნება იყო, წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მოვხვედრილიყავი იქ, ჩემი შესაძლებლობების დანახვების არანაირი გარემო პირობა არ არსებობდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი შემოთავაზებას და დავიწყე ქალბატონ მაია გოთუას ასისტენტად მუშაობა, რამდენიმე თვეში კი შტატის თანამშრომლად ამიყვანეს“.1935782_1243452811383_2790750_n
ცხოვრება შანსს აუცილებლად მოგვცემს, მაგრამ როდის მოხდება ეს არავინ არ იცის. ამიტომ მუდმივად მზად უნდა ვიყოთ ჩავებღაუჭოთ იმ შესაძლებლობას, რომელიც სარბიელზე გამოჩნდება. შეიძლება დიდი შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მოგვეცეს და ჩვენი წარმატებაც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სრულფასოვნად გამოვიყენებთ, რამდენად ჩავდებთ მთელ სულს, გულსა და ენერგიას ამ საქმეში.

ბიძინა: „პაციენტის ვიზიტი ჩემთან დაახლოებით 30-40 წუთი გრძელდება, ბოლომდე ვუღეჭავ საკითხს, მინდა რომ გაიგოს, გაიაზროს და გაითავისოს. საკითხები, რომელშიც დარწმუნებული არ ვარ, მზა პასუხს არ ვაძლევ. ვცდილობ მოვიძიო დამატებითი ინფორმაცია და მხოლოდ მაშინ გავცე პასუხი, როდესაც სრულად დარწმუნებული ვიქნები პასუხის სისწორეში. მედიცინა განვითარებადი სფეროა, მუდმივად იდება ახალი კვლევები, მკურნალობის ახლებური მეთოდები. დარეგისტრირებული ვარ შესაბამის სამედიცინო საიტებზე, რომელიც აი ამ ახალი მიღწევების საქმის კურსში მაყენებს“.

კლიენტებისადმი საფუძვლიანი მიდგომა, ნიშნავს იმას რომ ისინი მადლიერები არიან. მადლიერება კი დადებითი რეკომენდაციის გაცემაში გამოიხატება. ერთი მადლიერი კლიენტი/პაციენტი თავის გარშემო ყველას გააგებინებს შენი პროფესიონალიზმის შესახებ, ეს კი შენი, როგორც ბრენდის ჩამოყალიბების საფუძველია.

ბიძინა: „თუ კი მანამდე კლინიკაში მოსული პაციენტები ჩემთან იმიტომ ხვდებოდნენ, რომ თავისუფალი ექიმი მარტო მე ვიყავი იმ კონკრეტულ მომენტში, დროთა განმავლობაში იმატა ჩემთან პერსონალურად მოსულების რაოდენობამ. დღეს კი უკვე რამდენიმე დღით ადრე ეწერებიან ვიზიტზე“.

ადამიანების უმეტესობა წარმატების მწვერვალზე ასვლისას ხიბლში ვარდება. მაღალი შედეგებით გაბრუებულს ავიწყდება, რომ მისი მიღწევები მარტო მისი დამსახურება არ არის. ისინი კარგავენ მადლიერებისა და შესაბამისად, ერთგულების უნარს. სამყაროში გაშვებული ეს სიგნალი კი შემდეგ „უიღბლობის“ სახით უბრუნდებათ უკან. წარმატების მწვერვალზე დგომისათვის საჭიროა დააფასო ყველა, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა, ეს სტაბილური ზრდის შენარჩუნების უმთავრესი გარანტიაა.
ინტერვიუს ჩაწერამდე ბიძინას ტელევიზიის თანამშრომლებს ვესაუბრე, ისინი დაჟინებით მიმტკიცებდნენ, რომ აი ეხლა ბიძინას რომ დაურეკონ CNN-იდან და მილიონი შესთავაზონ მათთან გადასვლის სანაცვლოდ უარს ეტყვის, „ტელესაქმიანობა ამათთან დავიწყე და ასე ვერ მივატოვებო“. 13418843_1204850349534586_2393491968680318673_nხშირად, მხოლოდ შინაგანი პატიოსნება არ კმარა პატიოსან ექიმად დასარჩენად; ექიმად, რომელიც ფარმაცევტული კომპანიების წილში არ ზის და კონკრეტული პრეპარატის გამოწერისათვის პროცენტს არ იღებს. ცდუნება ძალიან დიდია, რადგან ყველა ექიმს უდიდესი შრომა აქვს ჩადებული პროფესიის შესწავლაში. საქართველოში კი სამედიცინო მომსახურება საკმაოდ იაფია. როცა შრომა სათანადოდ არ ფასდება, ცდუნება ძალიან დიდია და საჭირო ხდება საკუთარი თავისთვის გარკვეული ჩარჩოების დაწესება. ეს ჩარჩოები შემოსავლის სწორი, რაციონალური გადანაწილებაა. მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, ექიმს მუდმივად სჭირდება კონფერენციებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, რათა თანამედროვე მიღწევებს არ ჩამორჩეს, თანხები კი ასეთი გასვლითი ვიზიტებისთვის საკმაოდ რთული მოსაძიებელია.

ბიძინა: „ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი განათლებაში მიდის. მუდმივად ღონისძიებებსა და კონფერენციებზე ვარ, რომ რაიმე სიახლე არ გამომეპაროს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის 8 წლის თავზე მოვახერხე ოცნების ახდენა და საკუთარი ბინის შეძენა, ისიც კრედიტით“.

დღეს ბიძინა კულუმბეგოვი არის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მიყავს „დღის შოუს“ სამედიცინო რუბრიკა ტელე-იმედზე, მას ინტენსიურად იწვევენ სხვადასხვა კომპანიები სამედიცინო ტრენერის რანგში – ეს ყველაფერი მოახერხა ხონიდან მარტოდმარტო ჩამოსულმა სტუდენტმა, რომლის წარმატების ამ უაღრესად კონკურენტუნარიან სფეროში არავის სჯეროდა. შეიძლება ითქვას რომ ბიძინამ ნულიდან კი არა, მინუსებიდან დაიწყო და შრომის პატიოსნების და ერთგულების ხარჯზე მართლაც ფანტასტიკური შედეგი დადო.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

წერის დაწყება „კავკასიური ცარცის წრის“ ცნობილი ეპიზოდით მსურს: ყოველთვის, როდესაც ექიმის საჭიროება დგებოდა ხოლმე ჩემ ცხოვრებაში, სწორედ ეს ეპიზოდი მახსენდებოდა. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს ლოკალური მახასიათებელი როდია. აი რას წერს გია მაისაშვილი, ადამიანი რომელიც სიმსივნეს ებრძვის თავის Facebook გვერდზე: „ახლახან დავბრუნდი სტამბულიდან რადიაციისა და ქიმიო-თერაპიის მორიგი კურსიდან, სადაც ბოლომდე დავრწმუნდი, რომ თანამედროვე მედიცინას ადეკვატური პასუხი […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ილია ნიკაჭაძე
"ოთხი მოტივი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი.