შემოდგომის დღიურები …

0

 ყველაზე მყუდრო ადგილი ჩემთვის არის  სახლი,რომელიც პატარა ხის ქოხს გავს და შუა ტყეში მდებარეობს.მაგიდაზე ფინჯანი ჩაი მიდგას.წიგნები და ყვავილები მიწყვია თაროებზე და ბუხარშიც ნაადრევად გიზგიზებს ცეცხლი.ჩემს სახლთან ახლოს ცხოველები მოდიან ფეხაკრეფით და სახლის საკვამურიდან ამოსული ცეცხლით თბებიან.სიჩუმეა გარშემო.სიმშვიდეა.მე კი მგონია,რომ ახლა ვწერ იმ ადამიანებზე,რომლებიც ფეისბუქზე ძალიან ხშირად ნატრობენ ჰქონდეთ პატარა ქოხი მდინარის პირას და ტკბილად ცხოვრობდნენ.ადამიანები ვოცნებობთ,რომ საყვარელმა ადამიანმა მოგვახვიოს მხრებზე თბილი პლედი,გაგვიმზადოს ფინჯანი ჩაი და ჩვენთან ერთად იოცნებოს. ბუხარში კი ენთოს ცეცხლი და გიზგიზებდნენ ცეცხლის ენები.გარეთ კი თოვლის ფიფქები ეცემოდნენ მინდორს და თეთრი ფითქინა ფიფქებით იფარებოდეს შემოდგომის ოქროსფერი ფოთლები.თბილი დეკემბერი იდგეს და უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ.ძალიან ლამაზი ოცნებაა, თითოეულ ჩვენთაგანს კი ვინ იცის რამდენჯერ უნატრია ასეთ იდილიაში ცხოვრება.

მაგრამ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს გულს ვტკენთ ზოგი ჩვენთაგანი იწყებს წერას,ზოგი ხატავს,ზოგი უბრალოდ დგება და სახლიდან მიდის.ყველაზე უხეში ადამიანები კი ჩხუბობენ ასეთ წუთებში.

მე კი დავრჩი ჩემს ქოხში მარტო.სრულიად მარტო და ვწერდი მხოლოდ.ვწერდი ჩემი სულის ამოსაცნობად ლამაზ წერილებს და ვიცოდი,რომ ზოგის სიყვარული ზღვის ნაპირს ჰგავს,სავსეა პატარა წვრილმანებით,ზოგის ცხოვრება ქარიშხალია,ამოვარდება და შთანგთქავს,ზოგის ცხოვრება ტალღაა დაცურავ და ყველაფერთან გამკლავებას სწავლობ,და კიდევ არსებობენ ჩემნაირი შეშლილები,რომლებიც ჰგვანან ტალღებს,ოკეანეებს,ვარსკვლავებს და ყველაფერს ერთად ცხოვრობენ და არსებობენ უსასრულოდ.ადგილი,სადაც სულის მოთქმა შემიძლია,სადაც შემიძლია ყოველდღიურობა დავივიწყო და გავხდე ისეთი,როგორიც მინდა.არ ვიცი ვინ ვიქნებოდი ან როგორ დავაღწევდი თავს ერთფეროვნებას,რომ არ შემძლებოდა წერა და ოცნება..დიახ,ადგილი,სადაც სულის მოთქმა შემიძლია,ეს არის ჩემი სამუშაო ოთახი,ახლა მითუმეტეს,როდესაც ფანჯრიდან შემოდგომის მშვენიერი ფოთლები მოჩანს.წელს მგონია,რომ ნაადრევად დამიდგა შემოდგომა,თუმცა ბუნებისთვის ნაადრევად არაფერი ხდება.ყველაფერს თავისი წესი აქვს,მე კი ამ წესრიგს ზოგჯერ ვემორჩილები,ზოგჯერ არა..ზოგჯერ მინდა მდინარეში გავცურო და ნაცნობი თევზები მოვინახულო,ზოგჯერ მინდა ჰაერში ავიჭრა და ჩემს საყვარელ ფრინველებს გავუმხილო ჩემი ამბები.ზოგჯერ კი ადამიანებთან ერთად მინდა დავლიო ჭიქა წითელი ღვინო და რომელიმე კაფის ვერანდიდან ვუყურო ზღვაში ჩამავალ მზეს.ყოველთვის ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა,მაგრამ ამ ბოლო დროს,უფრო ხშირად ვწერ.ვწერ ან უბრალოდ ლამაზ ადგილებში ვმოგზაურობ.ვმოგზაურობ და ბედნიერი ვარ.მოგზაურობისას კი ბევრ რამეს მივხვდი,პირველ რიგში კი მივხვდი,როდესაც ლამაზ პეიზაჟებს ვნახავთ,სულ ამაოდ ვაჩხაკუნებთ ხოლმე ფოტო აპარატებს,ყველაფერი ლამაზი გულმა უნდა შემოინახოს სათუთად მკერდში,განცდები,სულიერება მხოლოდ გონებაში და ჩვენს წარმოსახვაში რჩება..ამიტომ მოგზაურებს ვურჩევ,უფრო კარგად დააკვირდნენ პეიზაჟებს,ფოტოობიექტივში ყველაფერი როდი ჩანს..
შემოდგომის ლამაზ პეიზაჟს,სურნელს რომელიც ღვინობისთვეში იგრძნობა ჰაერში,თბილ ქვეყნებში გასაფრენად გამზადებული ფრინველების განცდებს,მხოლოდ ადამიანის გული გრძნობს კარგად.

   ფანჯრიდან ვიყურები. ფრინველები  სახლებში შეყუჟულან და აღარ სცივათ.  ცაზე წელში მოხრილი მთვარე ლოცულობს თითქოს.ფარდებს ვაფარებ,ბუხარში შეშას ვამატებ და ვაგრძელებ წერას შემოდგომის დღეებზე…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply