ღმერთის წერილები

 ყველას გვიწევს სააღდგომოდ სოფელში ჩასვლა და მარტო დარჩენის საშუალება თუ მოგვეცა, ჩამოვჯდებით მდინარის პირას და ვუსმენთ ჩიტების ჭიკჭიკს,მაგრამ  არ ვიცით, რატომ გვსიამოვნებს  ასე ძალიან გაზაფხულზე ჩიტების  ენა. არც ის ვიცით რაზე  საუბრობენ ისინი, მაგრამ  ზოგჯერ მათგან გაცილებით მეტის გაგება შეიძლება,ვიდრე ადამიანებისგან,რადგან ჩვენ ერთმანეთს იშვიათად ვესაუბრებით გულწრფელად. ჩიტუნები კი ყოველთვის გულახდილები არიან. ზოგჯერ ისინი უფრო გულიანად გვეფერებიან,ვიდრე ადამიანები.მე ჩემი  ბებოს სანახავად მივდივარ სოფელში,რომელიც ღმერთის წყალობით ჯანმრთელია და ავტობუსების  ბოლო სადგურზე მელოდება ყოველთვის,როდესაც სტუმრად ჩავდივარ მასთან.

   ბებო გადმოდგება აივანზე და როცა წვიმს, წვიმის წყალს თავის ამბებს უყვება.ჩემს თვალში ანგელოზია, ოღონდ რაღაცნაირად ჯავრშემოყრილი ანგელოზი,რომელიც ხშირად წუხს და წუწუნებს ქვეყნის ბედზე.ბებო ამბობს,რომ ჩიტები, როდესაც თბილ ქვეყნებში მიფრინავენ უცხო მიწაზე აღარ ჭიკჭიკებენ, მოწყენილები არიან და მოუთმენლად ელოდებიან გაზაფხულს,რომ სამშობლოში გამოფრინდნენ,რასაც ადამიანებზე ვერ ვიტყვიო-ამბობს.”ადამიანი, სადაც წავა,იქაურ ქუდს მოირგებს და ავიწყდება მშობლიური მიწა-წყალი. ახლა სოფელში ჩასვლა აღარ ახარებთ ადამიანებს, მხოლოდ ის ხმები მოსწონთ,რომელსაც  მხოლოდ სოფლად თუ გაიგონებენ. ჩიტების ჭიკჭიკი,მდინარის ხმაური დიდი თქეშის შემდეგ და ღამით ჭრიჭინების ჭრიჭინი.თუმცა ზოგიერთი იმათგანი არც ამ ხმებს არ აქცევს ყურადღებას,სწრაფად მოიხდის ვალს,საფლავზე ერთ კვერცხს გადააგორებს და საჩქაროდ უბრუნდება თავის “მშობლიურ” დედაქალაქსო.ნეტავ მეტი მონატრება და სიყვარული იყოსო”-  დააყოლებს ჯავრიანად.მე მხარზე ხელს ვხვევ და ვეუბნები, არა უშავს ბებო,ადამიანებს ბევრი საზრუნავი აქვთ  ქალაქში. ბევრს მუშაობენ, ათასი საფიქრალი აქვთ. ზოგჯერ მონატრებისთვისაც  არ რჩებათ დრო.თუმცა  მათ ცხოვრებაში აუცილებლად დადგება დრო,როცა მოენატრებათ მშობლიური მხარე და ჩამოვლენ.აკოცებს მიწას,მიეფერებიან თავიანთ კერას და საკუთარ თავს შეიცნობენ.ვამშვიდებ ბებოს და მინდა ბოლომდე მჯეროდეს ჩემი სიტყვების ძალა.

      მინდა   ვიპოვო  გამონათქვამები ტყეებში,მდინარეებში და ჩიტების ბუდეებში,მაგრამ ახლა თურმე ყველა სახლს,ყველა მდინარეს,ყველა მინდორში მიმობნეულ ყვავილს, ერთი ნატვრა აქვთ – ადამიანები ენატრებათ.მეც მენატრება ადამიანი.რამდენიმე მათგანი ვიპოვე კიდეც.ზოგის თვალზე ცრემლი შევნიშნე,ზოგის გულში გულწრფელი ღიმილი და გამიხარდა. ვუყურებდი მთებში ჩამალულ სოფელს და ვგრძნობდი ყველაფერს,რაც ადამიანმა შეიძლება იგრძნოს აღდგომის ბრწყინვალე  დღეებში. მშვენიერ, ჭიუხებივით უზარმაზარ მთებს დავუმეგობრდი კიდევ და მივხვდი,არასდროს, არც ერთი მთა არ უნდა შეიყვარო რომელიმე მთაზე მეტად,არცერთი ხე არ უნდა გამოარჩიო,რადგან სამყაროში ყველა მთას,ყველა ხეს და ამ ხეების ფოთლებს შეუძლიათ აგრძნობინონ ადამიანს უდიდესი იმედი და სითბო.

 ფეხით,რომ მივუყვებოდი ახლადაბიბინებულ ბალახებით გადამწვანებულ ბილიკებს, საკუთარ ჩრდილს ვხედავდი ყველაფერში.ჩემს გვირილებით სავსე ჩანთაში,მთების, ჩიტების, და ღმერთის წერილები შევინახე,რომლებიც ვიპოვე ჩიტუნების ნისკარტში,ყვავილების უბეებში და ჩემი სოფლის ეკლესიაში, რომელსაც ალბათ სულ მალე ჩაუტარდება რესტავრაცია. წერილებით კი  მართლაც ერთი და იგივე აზრია გადმოცემული.სამყაროს  კიდევ უფრო მეტი სიკეთე და სიყვარული ჭირდება ჩვენგან. ულამაზეს ბაიებს და გვირილებს ვკრეფ და რამდენიმე სელფს ვიღებ. შემდეგ კი ვბრუნდები სახლში  გულფიქრიანი.გულჩიტიანი.გამოვივსე ეს ჩემი გული ყველაფრით,რაც ვნახე,ბევრი ფიქრი დავიგროვე და მივხვდი, მთელ სამყაროში ყველგან მოიძებნება ყვავილი, ღერო, ბალახი, ფოთოლი, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიკეთე უნდა იყოს მეტი.

  საღამოს წამოვედი სოფლიდან, დავემშვიდობე ბებოს და  როდესაც გულში ჩამიკრა, მეტკინა მისი სხეული. მთელი გზა ბებო მედგა თვალწინ. ავტობანზე, უამრავი ავტომანქანებით გაჩხერილ საცობში კი ვფიქრობდი, რომ ადამიანები სოფლებიდან ბრუნდებიან ქალაქებში. ისინი ძალიან ბევრნი არიან. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალ უზარმაზარ კოლონას ქმნიან და რადგან მათი გული ჯერ ისევ მოვალეობის გრძნობით არის სავსე,მოვალეობაში კი ჯერ ისევ არის მომობნეული სიყვარულის  ნამდვილი მარცვლები. ადამიანები ჯერ ისევ აგრძელებენ წინაპრების მიერ დატოვებულ ტრადიციებს სიყვარულით.

კომენტარები