ქალბატონი ტილო

ნაწვიმარ ეზოში გასულმა გოგონამ ხეზე დაკიდული ტილოს ნაჭერი შენიშნა. გვერდით მდგომ მოხუცი მხატვრის სახლისკენ გაიხედა.

 -არა, მას არა აქვს ასეთი ტილო,ალბათ ქარმა მოიტანა – თქვა, ჩამოსხნა, სახლში შეიტანა.-რა ჭუჭყიანია…
-აბა, აბა, საკუთარ თავს შეხედე აძონძილ-დაძონძილო – გაბრაზდა თავმოყვარე ბრაზიანი ტილო – ჩემმა პატრონმა სარეცხის წესიერად გაფენა არ იცოდეს რა ჩემი ბრალია… ქარმაც არ მომასვენა, მაფრიალა და მაბზრიალა, ამიქნიას და დამიქნია, მომსვარა და მომთათხა. უზრდელი!
გოგონას რა თქმა უნდა არ ესმოდა ტილოს ლაპარაკი. ტილო მაგიდაზე დადო და ღუმელზე ქვაბით წყალი დადგა.
– იმედია ამ სულელმა გოგონამ ღირსეული ტილოს გამოხარშვა, გახამება და გავლება იცის-მაგიდაზე დადებული ტილო გოგონას ყურადღებით აკვირდებოდა.
-რად უნდა ეს მაკრატელი? არ მოხვიდე, გესმის? არ მომეკარო! მე შენი ძონძების დასაკერებელი არ ვარ.
-ვაიმეეე… ახლა იატაკის ჯოხი აიღო. გოგონი, გამომხედე! არ გაბედო ჩემით იატაკის მოწმენდა. ამ ტურტლიან ჯოხს ახლოსაც არ მივეკარები!გაბრაზებულმა იატაკის ჯოხმა მრისხანედ ახედა ტილოს.
– ეი, შენ! ვინ არის შენი ტურტლიანი?
-მე ,,ეი შენ,, კი არა, ქალბატონი ტილო გახლავართ. ამიერიდან ასე მომმართეთ.
-,,ქალბატონი ტილო,, – გადაითუხთუხა ღუმელზე დადგმილმა ქვაბმა და ორთქლი
ამოუშვა.
გოგონამ ტილოს ხელი მოკიდა, მდუღარეწყლიან ქვაბში ჩააყურყუმელავა,
საპნის ნატეხი ჩააგდო და ხის ჯოხით მოურია. ამ დროს ოთახში პატარა წრუწუნა შემოცუნცულდა და საჭმელის ნარჩენების ძებნა დაიწყო.
– უფ-უფ , რა ხანია ცხელი აბაზანა არ მიმიღია – ფიქრობდა მდუღარეში ჩაყვინთული ტილო.
-გამარჯობა ქალბატონო ტილო, მე ქვაბი გახლავართ . კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
-მე კი ნაძვის ჯოხი ვარ – გაიღიმა ხის ჯოხმა.
-სასახლეში როცა ვცხოვრობდი, ჩემს სახარშ ქვაბს მიმწვარი ძირი არ ჰქონდა, არც კოჟრიანი ნაძვის ჯოხით მირევდნენ. კაკლის გაპრიალებული, მოჩუქურთმებულსახელურიანი ჯოხის გარდა არცდ შეხებია რაიმე ჩემს ლამაზ სხეულს.
ეს რა დღე დაგიდგა ჩემო თავო, ვის ხელში ჩავარდი?! ეს საშინელსუნიანი საპონი სად იპოვა ამ საძაგელმა გოგომ?
-თავის თავს ესაუბრებოდა ტილო. ხმა აღარავის გაუცია.
გოგონამ ქვაბი გადმოდგა. ტილო ამოიღო, გაავლო, გაახამა , მზეზე გაფინა, გააშრო, გააუთოვა და სამზარეულოში დაკიდა.
-ქალბატონო ტილო, ტანზე ყვითელი ლაქა რატომ გაქვთ? – დამცინავად ჰკითხა იატაკის ჯოხმა.
– ქვაბი იყო ჟანგიანი, წყალი ხისტი, საპონი უვარგისი, თოკი და სარჭი ბინძური, უთო კიდევ გასაწმენდი. კიდევ კარგად ვარ თქვენნაირების ხელში.
– გვერდზე ზოლი გქონდათ ეტყობა , რატომ აღარ ჩანს?-ჰკითხა ქვაბმა.- გაოცებულმა ტილომ ტანზე დაიხედა.
-ვაიმეე! ეს რა მომსვლია, იმ სულელმა გოგონამ ისეთ მცხუნვარე მზეზე გამფინა, სულ გამხუნებია ჩემი მშვენიერი კაბა.
-მოიცა, მოიცა… ალაგ-ალაგ ბოლოებიც ჩამოძენძილია -ყურადღებით შეხედა კედლის საათმა.
-ხომ ვამბობდი რაღაც უბედურებას გადამყრიან-მეთქი ?! – სულ შენი კოჟრების ბრალია გაუთლელო, გაურანდავო ნაძვის ჯოხო – ცრემლი გადმოსცვივდა ტილოს. შუადღეზე გოგონამ ჭურჭელი დარეცხა, ტილო ჩამოხსნა და თეფშების გამშრალება დაიწყო.
– დავიტანჯე! გამძვრა ტყავი – ყვიროდა პატარა ლამბაქი, რომელსაც გულმოდგინედ ამშრალებდა გოგონა.
– მამშრალებს და სველი ვარ, მამშრალებს და სველი ვარ… ეს რა უბედურებაა.
– რა უვარგისი ტილო ყოფილა?! – გაოცდა გოგონა. სულ არ ამშრალებს. და მაგიდაზე მოისროლა.
– ვინ ვერ ამშრალებს? მე ვერ ვამშრალებ? ვინ არის უვარგისი?  – ყვირილი დაიწყო შეურაცხყოფილმა ტილომ. შენ სახამებლის გაკეთება არ იცოდე რა ჩემი ბრალია? სახამებელს კი არა, წებოს ჰგავდა!დანაყრებული წრუწუნა კი კუთხეში, ტახტის ფეხს მიყრდნობიდა, დამცინავი სახით ისწორებდა ულვაშებს და ტილოს უყურებდა.
– რა ვუყო? – თავის თავს ჰკითხა გოგონამ_ჭურჭლის დასამშრალებლად არ ვარგა, კაბაზე დასაკერებლად უხეშია, იატაკს ვერ მოწმენდს…უცებ კედლის ფიცრებს შორის დატოვებული ჭუჭრუტანიდან ქარმა დაუბერა. გოგონას სახე გაუნათდა.
– ქარისგან ხომ მაინც დამიცავს?–აიღო ტილო და ჭუჭრუტანა დაგმანა.
–ეს რა მკადრეს?! გამანადგურეს! თავმოყვარეობა შემილახეს! – ყვიროდა ტილო. მუცელზე თათებმოკიდებული წრუწუნა კი იატაკზე გორავდა, იცინოდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა:
– ქალბატონი ტილო… ქალბატონი ტილო…
გაბრაზებულმა ტილომ ახლაღა შეამჩნია წრუწუნა.
– წინა სახლში ზეთის ქილის თავსახურად ძლივს ივარგეთ და აქ მოგინდათ ქალბატონობა? წესიერად რომ მოქცეულიყავით მეგობრები მაინც გეყოლებოდათ. ახლა კი იყავით გაჩხერილი ფიცრებს შორის და იტრაბახეთ თქვენი დიდებული წარმომავლობის შესახებ. ახია თქვენზე! – უთხრა წრუწუნამ შერცხვენილ ტილოს და და წსახლიდან გაცუნცულდა. ტილოს ხმა აღარ ამოუღია.
ბოლოს ისევ სხვებმა გაუბეს საუბარი:
– კარგი, ხმა ამოიღე,– უთხრა ქვაბმა. განა ჩვენ ცოტა გაჭირვება გამოგვივლია?! ყველას გვიოცნებია უკეთეს ბედზე, მაგრამ ეს ერთეულთა ხვედრია.
– პატივისცემა, კი მხოლოდ თავმდაბლობით, სიკეთით, თავაზიანობით მოიპოვება და არა ამპარტავნებით – დასძინა იატაკის ჯოხმა.
– მაპატიეთ. ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა? თქვენ არ გჯერათ, მაგრამ მე არც ზეთის ქილის თავსახურად დავბადებულვარ და არც ფიცრებს შორის გასაჩრელად. მე ,, ქალბატონი ტილო,, ვარ . ვგრძნობ. ვიცი – სევდიანად ჩაიჩურჩულა ტილომ. გპირდებით დღეიდან კარგად მოვიქცევი. მაპატიეთ ყველაფერი ,
რაც გაწყენინეთ.
პატარა გოგონას, მეზობლად მცხოვრებ მოხუც მხატვართან ხშირად მიჰქონდა საჭმელი, სახლის დასუფთავებაში ეხმარებოდა, ხან ბაზარში ეგზავნებოდა. მოხუცი ორივესთვის ყიდულობდა სანოვაგეს. ერთ დღესაც,სტუმრად მისულ გოგონასმოხუცი დანაღვლიანებული დახვდა.
– რა გჭირს ბაბუ? გინდა ბაზარში გაგეგზავნო?
–ფული აღარ მაქვს შვილო. წამლებში დავხარჯე უკანასკნელი გროშები.
– მაშინ ნახატებს გაგიყიდით.
– წინა კვირაში რომ გავყიდე, ის ბოლო იყო. ტილოს საყიდელი ფულიც არ დამრჩა –მოხუცს თვალები აუცრემლდა.
– არც მე დამრჩა ტილოები_თავი დახარა გოგონამ. უცებ გაიღიმა, რაღაც გაახსენდა.
– ძველი ტილო მაქვს, ყვითელლაქიანი, ცოტა ხნის წინ ვიპოვე. გამოდგება?
– გაიქეცი. მოიტანე! – იმედი მიეცა მოხუცს. გოგონა სახლში შევარდა, ხელი დასტაცა ფიცრებშუა გაჩრილ ტილოს და მიურბენინა. მოხუცი დიდხანს ატრიალებდა ხელში ნაჭერს.
– მოდი გავრეცხოთ ჩვენი უკანასკნელი იმედი – თქვა ნაღვლიანად.
– მე ვარ უკანასკნელი იმედი? ნეტავ რა უნდა მიყონ? ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ
მაინც მეცოდება საკუთარი თავი.და ტილომ ტირილი დაიწყო. მეორე დღეს გარეცხილი,გამშრალი, ჩარჩოზე დაკრული ტილო მოლბერტზე იდო. მოხუცს უკანასკნელი საღებავები შეეზავებინა და ხატავდა. უცებ ისეთი შთაგონება ეწვია, როგორიც არასოდეს ჰქონია. ფუნჯი თითქოს თავისთაად მოძრაობდა:ფრთხილად, სწორად, ლამაზად…
–მეღიტინება – კისკისებდა ტილო
– ცოტაც მოითმინე, ნახე როგორ გალამაზებ? – უხაროდა ფუნჯს და თავს დასტრიალებდა.
რამოდენიმე დღეში ტილოზე ულამაზესი პატარა გოგონას პორტრეტი იყო
დახატული, რომელიც ხან სევდიანი, ხან მხიარული თვალებით აკვირდებოდა გამვლელ-
გამომვლელს. მოხუცი და გოგონა თვალს ვერ აშორებდნენ ტილოს.
–ეს ნახატი ბატონს მიუტანე. გთხოვს_მოხუცმა ნახატი ფრთხილად გაახვია და გოგონას მისცა.
–ნახვამდის ფუნჯო, არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა. გმადლობ გოგონა!
გმადლობ მოხუცო! – ტილო შრიალით ემშვიდობებოდა მათ. რამოდენიმე დღეში ოქროთი მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმული ტილო დიდებული დარბაზის კედლიდან გაოცებული შესცქეროდა მის სანახავედ მოსულ ადამიანებს.
სასახლის სახელოსნოში კი ტილოების და საღებავების გარემოცვაში მოხუცი ხატავდა და პატარა გოგონასაც ასწავლიდა ხატვას.
გავიდა მრავალი წელი…აღარც მოხუცია ცოცხალი და აღარც პატარა გოგონა, თუმცა მათ ბედნიერად გაატარეს ცხოვრება. დიდი ხანია დალპა პატარა ნაძვის ხის ჯოხი.ძველი ქვაბისაგან ჟანგიც აღარაა დარჩენილი, აღარც იატაკის ჯოხი არსებობს, აღარც წრუწუნა… თუმცა მისი შთამომავლები ისევ ბლომად დაწრუწუნებენ იმ არემარეში.მშვენიერი გოგონას პორტრეტიან ტილოს მოხუცი მხატვრის ავტოგრაფი აქვს მიწერილი.უკანა მხარეს ისევ ეტყობა მოყვითალო ლაქა, რომელიც ზეთის ქილის საცობად ყოფნისას დაეტყო. ოქროსფრად მოვარაყებული ჩარჩო კი მის ჩამოძენძილ ბოლოებს მალავს. ტილო, ქალბატონი ტილო, ლამაზი გოგონას თვალებით ამაყად დასცქერის მუზეუმის მნახველებს, თითქოს ეუბნება:
,, ხომ გეუბნებოდით!,,
გამომგავნი/ავტორი: ნათია ჯაფარიძე

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ნაწვიმარ ეზოში გასულმა გოგონამ ხეზე დაკიდული ტილოს ნაჭერი შენიშნა. გვერდით მდგომ მოხუცი მხატვრის სახლისკენ გაიხედა.  -არა, მას არა აქვს ასეთი ტილო,ალბათ ქარმა მოიტანა – თქვა, ჩამოსხნა, სახლში შეიტანა.-რა ჭუჭყიანია… -აბა, აბა, საკუთარ თავს შეხედე აძონძილ-დაძონძილო – გაბრაზდა თავმოყვარე ბრაზიანი ტილო – ჩემმა პატრონმა სარეცხის წესიერად გაფენა არ იცოდეს რა ჩემი ბრალია… ქარმაც არ მომასვენა, მაფრიალა და მაბზრიალა, ამიქნიას და […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი