სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში – ინტერვიუ ორგანიზატორებთან

0

ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებისთვის ატარებს ოლიმპიადას ეკონომიკაში „მომავალი ეკონომისტი“. ოლიმპიადის მხარდამჭერებია: განთლების სამინისტრო, “Royal English Center” და “Friedrich Neumann Foundation“, ასევე ის 28 უნივერსიტეტი, რომლებთანაც ორგანიზაციას მემორანდუმები აქვს გაფორმებული. საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით ეს პირველი ფართომასშტაბიანი ოლიპიადაა, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, მათ შორის უცხოელ სტუდენტებს. ოლიპიადის მიზანია ეკონომიკური საგნების სწავლის მოტივაცია აუმაღლოს სტუდენტებს და ჩამოუყალიბოს მათ ფართო ეკონომიკური ხედვა.
ირაკლი მაკალათია, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტი და ვეფხია გიორგაძე, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი, დამფუძნებელი.
რას ემსახურება ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი?
ირაკლი მაკალათია:“ ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ 2009 წელს ჩამოყალიბდა. ჩვენ საგანმანათლებო საქმიანობას ვეწევით, მონაწილეობას ვიღებთ კვლევებში, ასევეე ვახორციელებთ კვლევას დამოუკიდებლადაც, ვატარებთ სემინარებს და ტრენინგებს უნივერსიტეტებში. მემორანდუმები გვაქვს გაფორმებული სხვადასხვა უნივერსიტეტთან.“
როგორ დაგებადათ იდეა ჩაგეტარებინათ ოლიმპიადა – „მომავალი ეკონომისტი“?
ვეფხია გიორგაძე: „28 უნივერსიტეტში ჩავატარეთ ლექციები და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ოლიმპიადა ეკონომიკაში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. რადგან ჩვენ ეკონომისტები ვართ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მიგვაჩნია, რომ ოლიმპიადა კარგი საშუალებაა სტუდენტებს მეტი მოტივაცია გავუჩინოთ და ჩავრთოთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში. ჩვენ, საგნებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკის შესწავლისათვის, ვსწავლობთ ცალ-ცალკე, განყენებულად, მათ, ერთმანეთთან არ ვაკავშირებეთ, არ წარმოვადგენთ ერთ მთლიანობაში, ეკონომიკა კი არ არის განყენებული, ეკონომიკაში ეს საგნები ჯაჭვურად არის გადაბმული და ერთმანეთზეა დამოკიდებული, თუ ერთი ფაქტორი არ მუშაობს, ეს მეორედან არის გამომდინარე და პირიქით. ეკონომიკას კომპლექსურად არ ვსწავლობთ. ეს ოლიპიადა შეუწყობს ხელს, რომ სტუდენტებმა დარგთა, საგანთა შორის კავშირები დაინახონ და შესაბამისად უფრო ფართოდ აღიქვან ეკონომიკური მდგომარება ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც მსოფლიოში. აქედან გამომდინარე დაგვებადა ეს იდეა. ოლიმპიადა ყოველ წელს ჩატარდება, რა თქმა უნდა, თაობებს გაზრდის და უკეთესი ეკონომისტები გვეყოლება.“
რა არის ამ ოლიმპიადის მიზანი?
ვეფხია გიორგაძე: “ოლიმპიადა ემსახურება საგნის პოპულარიზაციას, ასევე სტუდენტს მისცემს საშუალებას კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი თავი გამოსცადონ. ოლიმპიადის ტესტები მოიცავს საკითხებს შემდეგი დისციპლინებიდან: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკური თეორია, ფინანსური ეკონომიკა, შრომის ეკონომიკა და ეკონომიკური სტატისტიკა. აქ ეკონომიკის ყველა დარგია წარმოდგენილი და სტუდენტს დაეხმარება უფრო კომლექსურად შეხედოს დარგს, ასევე მიხვდეს, რაში აქვს მას ხარვეზები, რომ შემდეგ გამოასწოროს.“
რამდენი ტურისგან შედგება ოლიპიადა და რა წამახალისებელ ჯილდოს მიიღებენ გამარჯვებულები?
ირაკლი მაკალათია: „ოლიმპიადა შედგება სამი ტურისგან. სამივე ტურში იქნება ტესტირება. პირველ ტურში მინიმალური ზღვარია 15 ქულა, მეორე ტურში – 30, ხოლო მესამე ტურში გამოვლინდება გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასული სტუდენტი მიიღებს 1 000 ლარს, მეორეზე – 700, მესამეზე – 500, მეოთხეზე – 400, ხოლო მეხუთე ადგილზე გასული 300 ლარს. ამ პრიზების გარდა, მათ გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და მედლები. მეექვსედან მეათე ადგილის ჩათვლით გასული სტუდენტები „Royal English Center“-ში გაივლიან ILTES-ის მოსამზადებელ კურსებს. გამარჯვებულ 10-ეულისთვის სახელობით პრიზებს აწესებენ: სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.
რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა?
ირაკლი მაკალათია: „სტუდენტი სწავლობს თეორიას და ამ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას ვერ ახერხებს. ოლიმპიადაში მონაწილეობით კი, სტუდენტი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს. ოლიმპიადაზე მოხდება სტუდენტის ცოდნის გამოცდა და მისი ცოდნის შეფასებაც“.
როდის ჩტარდება ოლიმპიადა – „მომავალი ეკონომისტი“ ?
ვეფხია გიორგაძე: „ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 2 აპრილს, მეორე – 8 აპრილს, ხოლო მესამე – 23 აპრილს, დაჯილდოება გაიმართება 30 აპრილს“.
როდის არის რეგისტრაციის ბოლო ვადა და როგორ უნდა დარეგისტრირდეს სტუდენტი?
ირაკლი მაკალათია: „რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მარტი. სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ოლიმპიადის ოფიციალური ვებ-გვერდიდან www.olympiad.ge და ასევე Facebook გვერდიდან“.
საქართველოში ჩატარებულა თუ არა მსგავსი ოლიმპიადა ეკონომიკაში?
ვეფხია გიორგაძე: „ეკონომიკაში საქართველოში ასეთი მასშტაბური ოლიმპიადა პირველად ტარდება და ამას აკეთებს ჩვენი ორგინაზაცია. ოლიმპიადა, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ცოდნის დონის გამოვლენას და ამ საგნის სწავლებაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას“.
როგორია საქართველოში სწავლების მეთოდი ეკონომიკაში?
ვეფხია გიორგაძე: ჩვენ ეს ტესტები თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე. შევქმენით. წარმოვადგინეთ თანამედროვე მიდგომები ეკონომიკის განვითარებისთვს, რომლებიც დღეს მსოფლიოშია დამკვიდრებული. მხოლოდ ერთი წიგნი არაფერს მოგვცემს. ვსწავლობთ ეკონომიკას, მაგრამ არ ვსწავლობთ თანამედროვე ეკონომიკას, რომელიც თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში ისწავლება. უფრო მეტად საბჭოთა მეთოდებს ვიყენებთ, ერთ წიგნზე ვართ მიჯაჭული და არ ხდება მისი სხვა წიგნებით ან ინტერნეტში არსებული ინფორმაციით ჩანაცვლება. დღეს კი, გლობალიზაციის ასეთ აქტიურ პერიოდში, ეს მარტივად შეგვიძლია, ამიტომ ჰქვია ჩვენს ოლიპიადას – „მომავალი ეკონომისტი.“

მოამზადა მერი ბარაბაძემ

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply