სევდიანი გოგონა

სევდიანი გოგონა

მას შემდეგ, რაც თქვენს საიტზე, ჩემი რამდენიმე ნაშრომი გამოქვეყნდა, ფეისბუქის მომხმარებლებმა,  პირადად გამიზიარეს თავიანთი შეხედულებები ჩემი წერილების შესახებ. მთხოვეს,  ისევ დავწერო ოპტიმისტური სტატიები და არავითარ შემთხვევაში, არ ვთქვა უარი  საკუთარ ოცნებებზე.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჟურნალ 4 მოტივის რედაქციას და ჩემს მკითხველებს, მაგრამ არ ვიცი,  როგორ დავწერო , ახალი, ოპტიმისტური სტატია. ისევ მინდა განვიცადო სიხარული, რომელიც   წინა წერილების გამოქვეყნებისას ვიგრძენი, მაგრამ იმდენად ვარ მიდრეკილი, სევდისა და პესიმიზმისკენ, რომ ჩემთვის  შეუძლებელია, ყოველთვის  ოპტიმიზმზე  წერა.
ანალოგიურად ხდება ყველაფერი, ჩემს პირად ცხოვრებაშიც, თითქმის, ყოველთვის კრახით სრულდება ურთიერთობები, რომელთაც ვიწყებ, მაგრამ გასაგრძლებლად ძალა და ნებისყოფა არასდროს მყოფნის.ამის გამო,  თავს ხშირად მარტოსულად ვგრძნობ და დარდს წიგნების კითხვით ვიქარვებ. ვწერ ძალიან ბევრს და გონება ტყეებით, ხმელი ფოთლებითა და   ისეთი სიყვარულით მაქვს სავსე, რომელიც აქ დასაწერად არ გამოდგება.
დიახ, მე სევდიანი გოგონა ვარ, წვიმის წვეთებით სავსე მაქვს გული და ცრემლიანი თვალებით ვკითხულობ ისტორიებს, რომელსაც ბალახებით სავსე ჩანთაში ვაწყობ.. ალიონზე, სახლიდან გამოვრბივარ და გულის ხმა, ტყეების შრიალს მაგონებს.ვუცქერ ხეებს,რომლებიც ირხევიან  ქარის მკლავებში  და ჩემს ფიქრებს  სამყარო, თავისებურად ეხმიანება.  განცდები ფურცლებზე გადამაქვს  და შედარებით  უკეთესად  გამომდის,  საკუთარი თავის გამოხატვა.ასეთ წუთებში  ვფიქრობ,რომ სხვა არაფერი მჭირდება,მაგრამ  მხოლოდ საკუთარ სამყაროში თუ  გამოვიკეტები, ვიცი, ძალიან ბევრ რამეს დავკარგავ.
დავკარგავ   ჩემთვის ძვირფას  ადამიანებს,რადგან ადრე თუ გვიან, მათ მოსწყინდებათ ჩემი მელანქოლია და უარს იტყვიან ჩემზე. მე კი არ მინდა ასე მოხდეს .არ მინდა უარი ვთქვა ბედნიერ წუთებზე,რომელსაც სამყარო მჩუქნის.მინდა ვისწავლო ცხოვრების პატარ-პატარა სურპრიზებით ტკბობა, მიყვარდეს თავდავიწყებით და აღარ ვიყო  კონცეტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, რადგან საუკეთესო მოთხრობები, წიგნები, მეგობრები, ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩემს გვერდით ცხოვრობენ.
გამომგზავნი: ავტორი/დადუნა ნადარაია

კომენტარები