სანამ საკუთარ თავს ეძებ

0

ნოემბერს ჩაძირვის ეშინოდა
იანვარს სიჩუმის
* * *
თუ ვარსკვლავების ზღვიდან პირდაპირ უდაბნოს ფერფლში ჩაიძირები, სამყარო შენგან ახალი სიცოცხლის დაბადებას მოითხოვს, მოითხოვს დათმო შენი უბრალო სიყვარული და უმაღლეს საფეხურამდე აიყვანო ხის ფესვებში სოკოსავით წამოზრდილი შხამიანი ფიქრები. თუ ერთხელ მაინც დაგწვავს თოვლის სითეთრე, საკუთარი სული გაიძულებს ესტუმრო მიტოვებულ სადგურებს, ჟანგისგან შეჭმულ რკინის ჯუნგლებში საკუთარ სხეულს კვართი უპოვნო, ცოდვებისგან შეჭმული საკუთარი თავი შიგ გაახვიო და კერპებს მიუგდო საძიძგნად. თუ დაიმალები, ქვიშად იქცევი ვეღარავინ გიპოვნის, აღარავინ მოგძებნის.

თუ სიჩუმე ერთიანად აახმაურებს ყურებში დაგუბებულ ჭაობს, მზად იყავი რომ ვეღარასდროს გაიგონებ საკუთარ ხმას. ბოლოს შენც ჭაობად იქცევი, იმ იმედით რომ ერთ დღესაც სუფთა თითებით ისევ მოხატავ კედლებს, შენი უბრალო სიყვარულის სახელით.

ამავე თითებით გათხრიდი მიწას, ხავსით ამოივსებდი დამშეულ სულს. იქნებ მიწაში ძვლებიც გეპოვნა, პატარა კერპებისგან მოძულებული სათამაშო.

თუ კომეტების მტვერში გაახელ თვალებს, ერთიანად დაგისერავს წარსული სახეს.

ობი შეგიჭამს ბუმბულის საბნებს და ისევ ფიცრებზე მოგიწევს წოლა.

შენ არც სიკეთე ხარ და არც ბოროტება, შენ ჭურჭელი ხარ, შენივე ნამსხვრევების მუდმივი რეინკარნაცია.

ავტორი: მარიამ კაჭარავა

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply