როგორ დავაღწიოთ თავი ბანალურ ცხოვრებას?! (ერთი მატლის ისტორია)

გამარჯობა, მე მატლი ვარ, მქვია მატილდა! ვცხოვრობ მატლთა გაერთიანებულ საამიროში! ჩემი სოფელი უზარმაზარი ლურჯი კლდის შიგნით მდებარეობს, რბილ მიწაში. აქ სულ ჩრდილია, მეტწილად სიბნელე და ჰავაც – ნოტიო, ნესტიანი. არსებობს ლეგენდა, რომ ამ მთის გარეთ უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთია, რომელიც დაწვავს ნებისმიერს, ვინც მას დაინახავს, სწორედ ამიტომ დღისით სოფლის დატოვებაზე ვიზების გაცემა კანონითაა აკრძალული, არავინ იცის საიდან, არავინ იცის რატომ… ბავშვობაში ხშირად ვიპარებოდი “გარეთ”, რომ ცეცხლოვანი ბურთი (ძველი თაობა მას “მზედ” იხსენიებს) თუ არა ცის ნაგლეჯი მაინც მენახა, სიცელქის გამო მეტსახელად “მატლაკვეცაც” შემარქვეს. სხვაფრივ, კეთილად ბრძანდებოდეთ და სოფელში ცხოვრება ყოველდღიურად დუღს და ჩუხჩუხებს… მაგრამ მე არ მასვენებს გამჩენი… ერთ ღამესაც გამოვიპარე და ვდგავარ ახლა ჩემი სოფლის საზღვართან, ლურჯი კლდის ძირში და მზერით ვემშვიდობები სოფელს, გული მკარნახობს, რომ არსებობს რაღაც, რაც ჯერ არ ვიცი არც მე და არც ჩემმა სოფლელებმა (ოღონდ, მათ ისიც არ იციან, რომ არ იციან 🙂 ) და მინდა, რომ ვიპოვნო ეს. გადავწყვიტე კლდის თავზე ასვლა, რომ იქიდან უკეთ დავინახო რა სამყაროში ვცხოვრობ და რა გზას ვეწიო.

კლდის ბასრ ნაწილებს მოხერხებულად ვარიდებ თავს, ენერგიულად მივცოცავ, თან ვფრთხილობ, მშობლებისგან ვიცი, რომ ფრინველების თავდასხმებს უნდა ვერიდო. სულ აღმართია, ოფლი მდის, მაგრამ ინტერესი მკლავს, ახალი სამყარო მწყურია, ისეთი, როგორიც აქამდე არ მინახავს! ვინ იცის, უკვე ძებნა დამიწყეს ოჯახის წევრებმა, თუ მიპოვნეს, ისევ დამსჯიან, ალბათ, ურჩობისთვის – მატლებს არ უყვართ განსხვავებულები, მიჩვეულები არიან, რომ ყველა ტრადიციისამებრ ცხოვრობს: შვილი მშობლის პროფესიას ეუფლება (უპირობოდ), მუშაობს მისთვის გამოყოფილ სამუშაოზე (მთელი მისი მატლური ცხოვრება), ირჩევს პატარა ტერიტორიას მისი ხვრელ-ბუნაგის გამოსათხრელად, მოჰყავს ცოლად მეზობლის გოგო და ამრავლებს ნაგრამს. რაღაც მეუბნება, რომ არაა ჩემი საქმე ასეთი ცხოვრება, რომ უნდა ვეძიო სიახლე იმიტომ კი არა, რომ მე მათზე უკეთესი ვარ, იმიტომ, რომ როცა მათი ცხოვრების წესს ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ეს “ჩემი” არაა…

თითქოს, ჯერ ბევრი არაფერი გამივლია, მაგრამ სვლა ძნელდება, მე კი ხელფეხი ისედაც არ მაქვს, ობობას ღმერთმა რამდენიმე ფეხი ერთად მისცა, მე კი თავს ვუხათქუნებ მიწას და მთელს ტანს მივათრევ, რომ ადგილიდან დავიძრა! ტემპი შევანელე, ხშირხშირად ვისვენებ, უკან ვიყურები, სოფელი დიდი ხანია თვალს მიეფარა. გულში სიცარიელე ვიგრძენი და ცოტაც – (ან ცოტა უფრო მეტი) შიში. არ ვიცი წინ რა მელოდება, თუმცა ვიცი უკან რა მოვიტოვე. თუკი წინ არ განვაგრძობ გზას, ვერასოდეს გავიგებ, რა შეიძლებოდა მენახა, იქნებ, იმედგაცრუება ან სიკვდილი? ან, იქნებ, ახალი შესაძლებლობა, ახალი სიცოცხლე? ყოველთვის შემიძლია უკან დავბრუნდე, მაგრამ რატომ მაინცადამაინც ახლა?! ვაგრძელებ გზას… გზა კი გრძელია, უსასრულოდ!..

მოსაღამოვებულზე ერთ პატარა ქვაბულს შევაფარე თავი, ცოტა შიგნით რომ შევედი ელდა მეცა – ჩემნაირების ცხედრები ესვენა! როგორც ჩანს, სოფლიდან მხოლოდ მე არ ვიპარებოდი! მხოლოდ მე არ ვეძებდი რაღაც “სხვას”! სხვებიც ყოფილან, სხვებიც გამოქცევიან მატლურ ცხოვრებას ჩემამდე!.. მაგრამ, რატომ არიან ახლა აქ?! იქნებ, ამის იქით არც არაფერია, უბრალოდ კლდე, კლდე, კლდე, აღმართი და მეტი არაფერი?! იქნებ, გზა იმდენად გრძელი და მტანჯველია, რომ არ ღირს წვალებად?! ნუთუ, იმისთვის გამოვიპარე, რომ სიკვდილი მენახა?! ჯერ ხომ ასე ახალგაზრდა ვარ! ამდენ ჩემს თანასოფლელს თუ არ გამოუვიდა, მე გამომივა?! ისინი აქ შეხვდნენ პირქუშ სიკვდილს, სოფლისგან და საყვარელი ოჯახის წევრებისგან მოშორებით, სადაც მხოლოდ კლდის გარეთ მოწუილე ქარს შეუძლია მათი დატირება! ნუთუ, მეც ასეთი ბედი მელის?! ალბათ, ესაა დასასრული – ძალა წამერთვა და მიწაზე გაშხლართული სიკვდილის მოლოდინში გავინაბე, მაგრამ დიდედა მატილდას (ვისი სახელიც მქვია) სიტყვები გამახსენდა: – ჩვენ იმიტომ კი არ ვმარცხდებით, რომ ძალა გამოგველია, არამედ იმიტომ, რომ ნაადრევად დავნებდით! დიდედაც, ერთ დღეს ჩემსავით გამოიქცა სოფლიდან (ძალიან მზუნველი იყო, როცა მაცილებდა, ყოველთვის მეძახდა შორიდან: “ბებია, მატლარებელი რომ გაჩერდება, მერე ჩამოდიო!” ) პაპა მატლადორთან ერთად და მას მერე არავის უნახავს, შეიძლება ისინიც ამ გამოქვაბულში დაიმარხნენ, მაგრამ რაც უნდა იყოს, გზას განვაგრძობ, შეიძლება ფრინველმა ამანისკარტოს ან სადმე გადავიჩეხო, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ არ გავჩერდი და მანამ ძალა მქონდა წინ მივდიოდი! თუკი ამის იქით სიკვდილია, ოდესმე, ვინმე კიდევ თუ გამოიქცევა ჩემი სოფლიდან საკუთარი თავის საპოვნელად და ამ ქვაბულს გვერდს აუვლის, ჩემს ცხედარს ნახავს და იმედი მიეცემა, რომ ვიღაც ოდნავ წინ წასულა შიშებისა და ეჭვების მიუხედავად!

ენერგიულად ვაგრძელებ გზას, უკვე აღარ მახსოვს შიმშილი, რადგან ახლა წინსვლა მშია ისევ, როგორც თავიდან! დიდი ხნის ცოცვის შემდეგ მეორე ქვაბულს მივადექი, ცხედრები აქაც დამხვდა და ნათლად დავინახე, რომ მართალი ვიყავი, როცა პირველ დაბრკოლებაზე არ დავნებდი. ალბათ, ვინც პირველ ქვაბულამდე მოდიოდა და ცხედრებს ხედავდა, სასოწარკვეთილებამ უფრო მოკლა, ვიდრე უძლურებამ! კედელზე დამხვდა წარწერა: ” ყოველი 100 მატლიდან 97 ნებდება პირველსავე დაბრკოლებაზე!” ახლა მე ვიცი, რომ წინ უნდა განვაგრძო გზა, აღარ ვჩერდები და ავდივარ ზევით! გზა ისევ ისეთი ძნელადსავალია, მაგრამ ჩემი შემართება უმკლავდება! თითქოს ახლა უკვე ვიცი რაღაც, მაგრამ არ ვიცი რა არის ეს, უბრალოდ, შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ ასე უნდა გავაკეთო!

უფრო ზევით გზა ოდნავ გასწორდა და ვიწრო ბილიკმა კიდევ ერთ პატარა ქვაბულთან მიმიყვანა, ირგვლივ პატარა ყვავილები და რბილი ბალახი ხარობდა, საოცარია, ასეთ სიმაღლეზე და ასეთ კლდოვან ადგილას როგორ გაუძლო ასეთმა სილამაზემ. პატარა ქვაბული შევნიშნე და შევედი. ორი ფარვანა ესვენა, აქამდე არ მყავდა ნანახი, ჩვენი სოფლის ცენტრში უზარმაზარ კედელზე ეხატა მსგავსი გამოსახულება, რომელსაც ყველა ეთაყვანებოდა, ამიტომაც ვიცანი. კედელთან ახლოს მივედი და ამოკაწრული წერილი დამხვდა:

“ძვირფასო მატილდა!

თუკი ამ წერილს კითხულობ, ე.ი. ჩვენს შეგონებას ფუჭად არ ჩაუვლია შენს ღრმა ბავშვობაში და საკუთარი ბედის საძიებლად გამოგიგლიჯავს საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპების საზღვრები!

ჩვენც უფერულ, ნეხვში მატლურ ცხოვრებას გამოვექეცით და ვიარეთ ბევრი, მანამ საკუთარ საზრისს ვიპოვნიდით! არ გვსურდა ვყოფილიყავით იმ საზოგადოებაში, სადაც არ სწამთ საკუთარი დანიშნულებისა და მისიის, უკეთესი და განსხვავებული შესაძლებლობების, ჩვეულებით გადმოცემულს ანგარიშმიუცემლად მიჰყვებიან, იღებენ გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი აზრის სასარგებლოდ და საკუთარი გულის საწინააღმდეგოდ, არ სწამთ ჰარმონიის, თვლიან რომ არსებობა რბოლაა, ბრძოლა, უნდა გაასწრო, დაჩაგრო, წაართვა, გადააგდო გზიდან, რომ წინ გაიჭრა და გამარჯვების გემო გაიგო, არ სწამთ ამ მომენტისა და საკუთარი აზრის ძალის, არ სჯერათ, რომ რაიმეს შეცვლა შეუძლიათ, არ სწამთ სხვების, საკუთარ თავს გარემოების მსხვერპლად მიიჩნევენ, ელოდებიან მხსნელს და მფარველს, ვინც მათ მაგიერ მოაგვარებს ამქვეყნად ყველაფერს, არ სწამთ სულის არსებობის და აქედან გამომდინარე არ სწამთ სიყვარულის, რადგან როდესაც სული გიყვარს მარადიული ცეცხლი ანთია შენს გულში! მათი სულიც ისევე დახოხავს და იტანჯება, როგორც სხეული! ცდილობენ დაუმტკიცონ სხვებს, რომ ბედნიერად და კარგად არიან, მათ სჯობიან, ყველაფერი გამოსდით და ყველაფერს ასწრებენ, მაგრამ გულმა, რომლის ხმაც დიდი ხანია მაყუჩით დაახშეს, კარგად იცის, რომ ეს ტყუილია!

ვგრძნობდით, ვიცოდით, რომ სხვა ბედი იყო ჩვენთვის დაწერილი, ამიტომაც დავივიწყეთ ყველას აზრი და უკან დასახევი გზაც მოვიჭერით! ჩვენ წამოვედით! გზად სხვა მაძიებელთა ცხედრები ვნახეთ, ვინც ეძებდა, მაგრამ დროზე ადრე დანებდა! ალბათ, შენიშნე ჩვენთან ახლოს ქვაბულში ჩვენი თანასოფლელები, რომლებიც ასე ახლოს იყვნენ მიზანთან და ასე ახლოს დაყარეს ფარ-ხმალი!
ახლა ვიცით, რომ ჩვენი მისია საკუთარი შესაძლებლობების გახსნა და სხვებისათვის გზის ჩვენება იყო უფრო შორს, უფრო მაღალი მწვერვალებისაკენ! აუცილებლად ბოლომდე ადი კლდეზე და გაწელილი მატლური ცხოვრებისაგან განსხვავებულ ახალ განზომილებაში შედგამ ფეხს იქ, სადაც არ არის ვალდებულებები და , არამედ თავისუფლება და არა თავაშვებულობა, გულწრფელი ღიმილი და სიმშვიდე, ადგილი, სადაც ჰაერი კრისტალურად სუფთაა და ყველაფერი სიყვარულით გაჯერებული, სადაც არ იციან, რა არის მტრობა და სიძულვილი! ცხოვრება მშვენიერი თავგადასავალია, დატკბი მისით!
გთხოვთ, არ შეჩერდე და ბოლომდე მიჰყევი გზას, რომელიც მიგიყვანს შენში დამალულ შესაძლებლობებამდე! ყველაფერს აქვს თავისი საფასური, მაგრამ ღირს ამად! იცოდე, შენ არ ხარ მარტო, მთელი სამყარო ერთიანია და ზრუნავს შენზე, ჩვენც უკვე ვპოვეთ სიმშვიდე და მუდამ შენს გვერდით ვართ!

P.S. ორივეს თვალები კურცხალით აგვევსო, როცა ამ სიტყვებს გწერთ!

სიყვარულით,
დიდედა მატილდა და პაპა მატლადორი “

მეც ავიცრემლე, გადამავიწყდა გამოვლილი შიში და სირთულე, რა კარგია, როდესაც არიან ადამიანები, ვისაც აღელვებს შენი მომავალი და პირადი მაგალითით ხდება შენთვის მისაბაძი!

გადავწყვიტე, დრო აღარ დამეკარგა და განვაგრძე გზა, დიდი ხანი არ დამჭირვებია, კლდის წაკვეთილ თავზე მოვხვდი, შუაში წრიულად იყო ადგილი შემოხაზული, მივედი, ამ წრის შიგნით ჩავწექი და მაშინვე ჩამეძინა. გაღვიძებულმა ვერაფერი დავინახე, გაუგებარი მიზეზით რაღაც რბილ ტომარაში ვიყავი მოთავსებული, საიდანაც არსად ჩანდა გასასვლელი, არც ხმა ისმოდა ვინმესი, რომ მეფიქრა შემიყპრესთქო, არც რომელიმე ფრინველის სტომაქს ჰგავდა ეს ადგილი! დავიწყე ყვირილი და ვცდილობდი, როგორმე გამერღვია ეს უცნაური ქსოვილი, რომელი საკმაოდ ვიწრო იყო და მჭიდროდ მქონდა შემოკრული. ამ ჭიდილს ახლდა საოცარი ტკივილი, თითქოს მთლიანად ვიწოდი და ცოცხლად ვიხრწნებოდი, ზოგჯერ მეგონა გონებას დავკარგავდი სამუდამოდ, მაგრამ მეორე მომენტში ძალა მემატებოდა და განვაგრძობდი ბრძოლას, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, ან შიგნით, ან გარეთ, თითქოს რამდენიმე საათის შემდეგ სინათლე ვიგრძენი და ტომარას თავი თავისით გაიხსნა და მაშინვე თავი გამოვყავი გარეთ – ეს იმ მზის პირველი სხივი იყო, რომელიც შორს, მთის იქიდან ახალგაღვიძებულზე იფშვნეტდა თვალებს. მაშინვე ამოვძვერი აბრეშუმის პარკიდან ახალი სიცოცხლით, ჭრელი ფრთებითა და ფარვანას მენტალიტეტით :)! მზე ნელნელა ამოდიოდა გაწითლებული ღრუბლების საბნიდან და შავი მიწისა და ნეხვში ცხოვრების შემდეგ პირველად მომეცა საშუალება მეხილა თვალუწვდენელი და ფერადი სამყარო, რომელიც ყველა ჩემს თანასოფლელ მატლს ეყოფა, რომ იცოდეს და სურდეს ამ ყველაფრის ნახვა და განცდა! თუმცა, მე ის მატლი აღარა ვარ 🙂 ! მე უკვე ფარვანა ვარ, იმ ფარვანების მოდგმის ნაწილი, რომელმაც ფერი იცვალა და ცხოვრობს მისი გულის კარნახით, მისი მისიის შესაბამისად!

აღარ ველოდები ცხოვრების მომდევნო ეტაპს, როდის დავამთავრებ მატლთა საჯარო სკოლას, ჩავაბარებ უნივერსიტეტში, გავხდები პროფესორი და ცხოვრების განვლილ საფეხურზე აღარ ვგრძნობ თავს მარტოსულად, აღარ ვეძებ შემთხვევით საქმეს თავშესაქცევად, არ ველოდები მხსნელს, რომ მოვა და მეტყვის: – ამას მისდიე, ამაშია ცხოვრების აზრი! მე ვიპოვნე ჩემი თავი და ჩემი ადგილი. განვლილი ტკივილი და წვალება ღირდა ამ თავისუფლების განცდად! იქნებ, ცოტა მერე დავბრუნდე მშობლიურ სოფელში ან კლდისკენ მიმავალ გზაზე ჩავუსაფრდე თავისუფლებასმოწყურებულ მატლებს, რომ გზადაგზა გავამხნევო და გავაძლიერო, მაგრამ ჯერ ამ მიღწევით დავტკბები აქ და ამჟამად!

მოვიქნიე ფრთები და წავფარფატდი ფარვანების დასახლებისაკენ, სადაც, როგორც ჩანს, უკვე მელოდნენ!

ჩემი შთამაგონებელი სიზმრებიდან.

კომენტარები