როგორ გვეთამაშება ეგო?! (შთამაგონებელი სიზმარი)

ეპიგრაფის მაგიერ: ჯერ ვიფიქრე დამეწერა ჩემზე, მერე ვიფიქრე, დამეწერა შენზე,შემდეგ კი მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩემზე დავწერ თუ შენზე, რადგან შენჩემი ანარეკლი ხარ, მე კი – შენი, მე შენ ვარ, შენ კი მე.

”შეეგუეთ გარდაუვალს”.

დეილ კარნეგი

ტყის ბილიკს მივუყვები ჩემი მიზნისკენ – უკვდავების წყაროსკენ მიმეჩქარება, მივკუნტრუშებ (“”ბეზ პიწი მინუტ”, წითელქუდა), როგორც მჩვევია, ენთუზიაზმით. ბილიკზე ჩემ წინ უცნაური არსება შევნიშნე (არა, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ , ეს არსება, ნამდვილად არ იყო მგელი”), ის ორ ფეხზე იდგა, საკმაოდ საზარლად გამოიყურებოდა და, რაგინდ, დაუჯერებელი იყოს, მზის სხივებს ჭამდა, დიახ, იდგა, წყვეტდა მზის სხივებს და მიირთმევდა, ცოტა ხანს ვუცადე, მაგრამ ვერ გაძღა, იმდენი ქნა, ბილიკის იმ ნაწილზე მთლად ჩამობნელდა. გამოვტრიალდი უკან, სხვა ბილიკი მოვნახე, მაგრამ იგივე!

რამდენჯერმე შევიცვალე მიმართულება, ბილიკზე იმ გზისკენაც კი წავედი, საიდანაც მოვდიოდი, მაგრამ ყველგან იგივე! უცნაური ხერხით, ეს არსება ყველა იმ გზაზე ჩნდებოდა, სადაც მე უნდა ვყოფილიყავი, ისე, რომ არ მეძლეოდა მისი გვერდის ავლა და გზის გაგრძელება.

რაკი ვერცერთ ცხოველს მივამსგავსე, დავაკვირდი და… საკუთარი თავი ამოვიცანი, ოღონდ, თავიდან, ვერ მივხვდი, რატომ ვიყავი ასეთი მახინჯი და უფორმო, მაგრამ რატომ უნდა ვმდგარიყავი თავად მე (ან, ჩემი მახინჯი ვერსია) ჩემივე გზაზე, ასეთი თავხედური და, უარესი, ხელისშემშლელი ფორმით?!

ეს ჩემი ნაწილია, აშკარა მსგავსებას ვერ გავექეცი. – რატომ მიბნელებ გზას? – შევეკითხე. – ეს ჩემი ტერიტორიაა, მზის ყველა სხივი აქ ჩემია,-მიპასუხა მან. – კი, მაგრამ მე და შენ ერთნი ვართ! -აღვშფოთდი. მან მსუნაგი ღიმილით გამომხედა. -ეგოისტო!-დავუყვირე და გამეცინა, მე ხომ საკუთარ თავს ვუწოდე ასე, მივხვდი, რომ ეს ჩემი ეგო იყო, ის ეგო,რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრითა და საკუთარი თავის გამოკვებით იყო დაკავებული. ის იდგა აბსოლუტურად ყველა გზაზე, რასაც არ უნდა დავდგომოდი და, შესაბამისად, ყველგან შემიშლიდა ხელს.

მასთან ბრძოლა უაზრობაა, მან ხომ მზის სხივების შთანთქმა იცის, მე კი არ ვიცი ეს როგორ ხდება, ამიტომ, რომ შევებრძოლო, ის მარტივად განმაიარაღებს. ძირითადად, ყველაფერი კარგად მიდის, მანამ ჩემში დიდ, შავ (არაქურდულად შავ) ხულიგანს არ გაეღვიძება ხოლმე. ჩემი ეგო ცხოვრობს ჩემს არსებაში (მისი საიდენტიფიკაციო კოდია“მე”) და, რაკი, მისი მოშორება (გადაყენება) ვერ მოვახერხე, ვერც ბრძოლამ გაჭრა, ვერც იმპიჩმენტის მცდელობამ, გადავწყვიტეთ დაგვემყარებინა კოჰაბიტაცია.

ჩემს ეგოს ბრწყინვალე ფანტაზია აქვს, როცა საკუთარ ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე მიდგება საქმე, მერე და რა არტისტიზმი?! – ხან ყოვლისმომხვეჭელ ლიდერად მევლინება, ხან კიდევ გასაცოდავებულ მსხვერპლად, გაქუცულ ძაძებს ჩაიცვამს და მოთქვამს ხოლმე: “რა ვქნა ახლა მე?! რა მეშველება ახლა მე?! მეც მინდა ცხოვრება! დავიღალე მე!”
დიახ, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ეგო, მე და ეგო , ხოლო, მთავარი ისაა, რომ გავაცნობიერე:1. მე არ ვარ ჩემი ეგო 2. თუ ეგოს მივუშვებ, ის მზის სხივებს შემიჭამს და მხოლოდ ხელს შემიშლის უკვდავების წყაროსკენ სვლაში.

კომენტარები