როგორ გათავისუფლდე წყენისგან?

ამას წინათ, ერთმა საყვარელმა გოგონამ მკითხა:
თაკო, არის ერთი ადამიანი, ვის პატიებასაც ვერაფრით ვახერხებ, ის ძალიან ცუდად მომექცა, იქნებ, მირჩიო რაიმე??

ძვირფასო მეგობარო, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ მისვამ კითხვებს და მაძლევ შანსს ჩემი მოსაზრება გაგიზიარო, მადლიერი ვარ ამისთვის!

მესმის, ადვილი არ არის აპატიო მას, ვინც უსამართლოდ გატკინა გული და ცუდად მოგექცა, მაგრამ არავინ შეგვპირებია, რომ ადვილი იქნებოდა იყო ძლიერი და სულგრძელი…

მოდი, პირდაპირ გეტყვი – უპატიებლობა საშინლად მავნებელია შენთვის, რადგან დაგროვილი ბოღმა და წყენა იწვევს კიბოს (თუ მე არ მენდობი, დაუჯერე Google-ს)!!! ამიტომ, მოდი, მოიკრიბე ძალისხმევა და ეცადე გათავისუფლდე ამ სიმძიმისგან!!!

ახლა ვზივარ და ვიხსენებ – ოდესმე ყოფილა, რომ ვინმესთვის სამაგიერო გადამეხადოს? მსგავსი არაფერი მახსენდება (თუმცა მკითხველებიდან თუ ვინმე იპოვნით ჩემს ისტორიაში რაიმე მსგავსს, აუცილებლად მოვისმენ :)) ) !

რატომ?

მე ვფიქრობ, რომ როდესაც გულს გტკენს ვინმე, ეს შენი გამოცდა უფროა, ვიდრე მისი… თითქოს, ამით ვიცდებით, ვიწვრთნებით: – შეძლებ მოიქცე უმაღლესი საზრისის მატარებელი ადამიანივით, რომელსაც აქვს პრეტენზია დიდსულოვნებაზე, თუ ისეთი მაგარი ხარ, რომ გაჩენის დღეს აწყევლინებ შენს იმ არაკეთილისმოსურნეს ისე, რომ სათოფეზეც არ გაგეკაროს, რადგან “არ ღირდა შენი გაბრაზება”? :)))

შენ გიბრუნდება ის, რასაც გასცემ, რაც არ უნდა მოხდეს… გასცემ აგრესიას – მიიღებ უფრო მეტ აგრესიას და არ აქვს მნიშვნელობა, ვინმე ამას იმსახურებდა თუ არა (და ეს ელემენტარულია, უოტსონ!) :)) !

მახსოვს, ერთხელ მამამ მითხრა: – შვილო, ვინც დაგიშავა, ის უკვე დასჯილია! – თავიდან გამიჩნდა კითხვა: – როგორ, მან მე დამიშავა!!! მე მატკინა გული და კიდევ ის არის დასჯილი?! მამამ ამიხსნა, რომ გულის ტკენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც მანამდე თავად განიცადა ტკივილი…

კარგი, დავუშვათ, არ გადავუხადე სამაგიერო, რა ვუყო იმ სიმძიმეს და ბოღმას, რაც გულში მაინც დამრჩა და მოსვენებას არ მაძლევს??? – მკითხა მეგობარმა.

წყენისგან გათავისუფლებაზე ჩემს პირად გამოცდილებას მოვიშველიებ, რადგან ბავშვობიდან ძალიან მგრძნობიარე ვიყავი, სამაგიეროს არ ვუხდიდი, მაგრამ პატიება ძალიან მიჭირდა. პერსონალურ განვითარებასთან ერთად ამ სიმძიმისგან გათავისუფლების მოთხოვნილება სულ უფრო გამძაფრდა და გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც იქამდე არასოდეს გამიკეთებია…

ყოველდღიურად დავიწყე ყვეეეეელა იმ ადამიანის (ვისგანაც წყენა ისევ მახსოვდა) ლოცვებში მოხსენიება… უბრალოდ, მომინდა მეცადა, შევძლებდი თუ არა კარგი მესურვებინა იმ ადამიანებისთვის მიუხედავად მათი საქციელისა?! რათქმაუნდა, ამის გაკეთება ძნელია, არავის უთქვამს ადამიანობა ადვილიაო… ადვილია აყვე ინსტინქტებს, იყვირო მაშინ, როცა გეყვირება, ატკინო მაშინ, როცა გეაგრესიულება, დაარტყა, დასცინო, შეაფურთხო, განიხილო, აკრიტიკო, ნაგავში მოისროლო, გულზე მჯიღი იბაგუნო, მოკლედ, ადვილია იყო უკონტროლო… შენს ადამიანობას გებულობ, თუ როგორ იქცევი მაშინ, როცა გტკივა, როცა გიჭირს…

თუკი ერთხელ მაინც გაგიგია “გიყვარდეთ მტერნი თქვენნი” და “დალოცეთ თქვენნი დამაწყევარნი”, ალბათ ეს მინიშნებაა, იყო სრულიად თავისუფალი ვინმესადმი სიძულვილის ან სამაგიეროს გადახდის სურვილისგან…

თუკი შეძლებ და წარმოიდგენ იმ ადამიანს იმ დროს, როცა ის ტიროდა, როცა მასაც სტკიოდა, როცა ის იყო ბავშვი, როცა მირბოდა, ეცემოდა, ისევ დგებოდა, თამაშობდა, გრძნობდა, უყვარდა… ადვილად შეძლებ გააღვიძო საკუთარ გულში ლმობიერება და თუ ამას შეძლებ, მალევე იფეთქებს სიყვარული, რაც აღარ მოგცემს საშუალებას გძულდეს ვინმე. თხემით ტერფამდე სტერილური გახდება შენი ემოციები და სრულიად გათავისუფლდები იმ სიმძიმისგან, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი ხანია სასჯელივით თან დაატარებ…

შეიძლება ეს პოსტი ლამაზი სიტყვების რახა-რუხად ჩამითვალო, შენი ნებაა, ფაქტია, რომ მე მხოლოდ ჩემი გამოცდილება გაგიზიარე, სხვა არაფერი…

P.S. ძალიან გამიხარდება, თუკი გამიზიარებ შენს გამოცდილებას კომენტარებში, თუ დაგჭირვებია ოდესმე პატიება და როგორ მოახერხე მისგან გათავისუფლება?
დაწერე, არ მოგერიდოს, ამით სხვა უამრავ ადამიანს დაეხმარები!!!

P.P.S. თუკი გაქვს სურვილი მიიღო მეტი ამ თემატიკაზე მოგაწოდო, დატოვე კომენტარებში და ამ საკითხზე კიდევ დავწერ პოსტს სხვადასხვა სავარჯიშოებით …

მიყვარხარ, ჩემო მკითხველო!
შენი,
თაკო მეფარიშვილი

კომენტარები