რა ფერია სიყვარული?

0
არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ის ვიპოვნე და მას შემდეგ მინდოდა დამეწერა, მაგრამ ცხოვრებაში პირველად აღმოვაჩინე, რომ სიტყვებს ძალა და ფასი დაუკარგავთ, როცა საქმე მას ეხება.
პირველად ვიგრძენი, რომ სიტყვები არ მცოდნია და არც მყოფნის იმის გადმოსაცემად და ასახსნელად რისი თქმაც მინდა.
ყოველთვის ყველაფრის ფერი მაინტერესებდა, მისი აღმოჩენის შემდეგ კი სიყვარულის ფერით დავინტერესდი. დღეს უკვე ვიცი რომ სიყვარული მისი თვალების ფერია – მწვანე და მზესავით თბილი.
დღეს ვიცი რომ ყველაზე კარგი ხმა აღიარებულ და ძვირადღირებულ მომღერალს კი არა, არამედ მას აქვს.
როცა პატარა ვიყავი მაინტერესებდა რა იყო სიყვარული- ზუსტად ასეთი წარმომედგინა აუხსნელი და შორეული, თანაც ისე ახლო რომ ყოველ შეხებაზე გული გამალებით მიცემს.
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას უჩნდება კითხვა რა არის სიყვარული? როგორ უნდა მიხვდე, რომ გიყვარს?
დღეს ვიცი, რომ სიყვარულის ახსნას არც უნდა ვეცადო, ეს ის არის რასაც გრძნობ და მორჩა… ის იმდენად დიდია, რომ ერთი ადამიანისთვის ბევრია, ორისთვის კი მზარდი და მუდმივად განიცდის განვითარებას, თუ ხელს შეუწყობ.
სიყვარული ერთმანეთის ყურება კი არა ერთი მიმართულებით ხედვაა და თუ ნამდვილად გიყვარს ივიწყებ სხვა დანარჩენს და უბრალოდ ცდილობ გესმოდეს, გიყვარდეს…
როცა მეგონა დიდი ვიყავი და ყველაფერი ვიცოდი, მაშინ აღმოვაჩინე რომ პატარა ვარ და ყველაფერი ახლა უნდა ვისწავლო. დღეს მე ბედნიერი ვარ ამ აღმოჩენით, რადგან მყავს ადამიანი ვისგანაც შემიძლია ვისწავლო. დღეს პირველად ვიგრძენი ბედნიერება და გულწრფელი ღიმილის ძალა.მშვენიერია, როცა ხარ ის ვინც ხარ და არ გჭირდება ნიღბების მორგება და დიდხანს ფიქრი იმაზე რა თქვა.
ადვილია ადამიანებთან ილაპარაკო, მაგრამ ძალიან რთულია იყო ჩუმად და ამ სიჩუმეში გრძნობდე ჰარმონიას. ვისაც არ განუცდია, ის ვერც მიხვდება…
იცი რა არის სიყვარული? როცა შეგიძლია იყო ჩუმად და არ გრძნობდე თავს ამის გამო უხერხულად და არ ილაპარაკო მხოლოდ იმიტომ რომ სიჩუმე დაარღვიო. როცა უყურებ როგორ დადის, დგამს ნაბიჯებს, სუნთქავს და თვალების დახამხამება არ გსურს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი რომელიმე მოძრაობა და ჩასუნთქვა არ გამოგრჩეს.
როცა უყურებ როგორ იღიმება და შენც ამით ბედნიერი ხარ.
მე შენ მიყვარხარ და მადლობა უფალს, რომ არსებობ.
გამომგზავნი: Lela J’adore

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply