A couple celebrating.

რა არის შენი ემოციური ინფექცია?

(სრულიად არასამედიცინო პოსტი)

[ლათ. infectio – დასნებოვნება]

ინფექცია, გარესამყაროდან ჩვენს არსებაში შემოჭრილი ფაქტორია, რომელიც ჩვენზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ხოლო თავდასხმას როგორ უმკლავდება ჩვენი ორგანიზმი? რასაკვირველია, იმუნიტეტით!

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ემოციურ ინფექციაზე, რომელსაც ვღებულობთ სხვა ადამიანებისაგან.

* რატომ ეწოდება ამას ინფექცია?

* რა არის მასში საშიში ან სასარგებლო?

* როგორია ჩვენი იმუნიტეტი?

ვიცი, გსმენია ტერმინი “ენერგოვამპირი” და თუკი შეხვედრიხარ კიდეც ასეთ ადამიანს, უეჭველად იგრძნობდი მასთან საუბარში, თუ როგორ კარგავთ ხალისსა და ენერგიას. თუ დაკვირვებიხართ, რამდენ ხანს ანდომებთ ამ შეხვედრის შემდეგ საკუთარ თავთან დაბრუნებას?

მან სრულიად გამოგაცალა ძალა…

დაღვრემილი ადამიანიც გინახავს, მას რაღაც აწუხებს, უიმედოდაა, ვერ ხედავს მომავალს, შენთან საუბრისას მუდმივად ცუდ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მის გარშემო ხდება და ამით, თითქოს, საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ სიტუაცია სრულიად უიმედოა! შენ როგორ იქცევით ამ დროს? ცდილობ საწინააღმდეგოში დაარწმუნო, მაგრამ მისი ხასიათზე მოყვანის მცდელობაში მისსავე გულისწყრომას უფრო იმსახურებ (რაგინდ გასაკვირი იყოს, ადამიანებს ხშირად უბრალოდ უნდათ, რომ ცუდად იყვნენ…)? ან იქნებ, ეთანხმები (არაა აუცილებელი იზიარებდე მის მოსაზრებას), მაგრამ თავად დგები ცუდ ხასიათზე?! შესაძლოა ერთი შეხვედრა ასეთ ადამიანთან არ იყოს საზიანო, რადგან მისგან წამოსულ ნეგატიურ ინფექციას ჩვენი ფსიქოლოგიური იმუნიტეტი გაუმკლავდა, მაგრამ რა ხდება, როცა პერმანენტულად ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობ?! შესაძლოა, ერთ დღესაც შენიშნო, რომ მათნაირი გახდით. მთელი ამ დროის მანძილზე შენი იმუნიტეტი გამეტებით გიცავდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაუძლურდა ნეგატიური ინფექციის წინაშე.

სიტყვა “ნეგატიური” ადამიანისთვის დამახასიათებელი არაა, ეს აღწერს მდგომარეობას, როცა ყველაზე კეთილი ადამიანიც კი შეიძლება უარყოფითი აზრებისა და ემოციების გავლენის ქვეშ იყოს!

     თუკი შენი ემოციური იმუნიტეტი საკმარისად ძლიერია, მოახერხებთ ასეთი ადამიანის განწყობილების შეცვლას, მაგრამ აქ რისკის ქვეშ თავად შენ ხარ… შესაძლოა, შენი იმუნიტეტი მისმა ნეგატივმა გადაწონოს… ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ მეგობარი გასაჭირში მარტო დატოვო, მაგრამ დახმარების პროცესში გაითვალისწინე ემოციური ინფექციის საშიშროება, რომ შეძლო მისი სწორად დახმარება და არ მიუჯდე გვერდით თავადაც ძალაგამოცლილი.

ნეგატიური ფიქრებისა და ემოციების მატარებელი პიროვნება ფლობს ნეგატიურ ინფექციას და მისდა უნებურად, შეიძლება, მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი, ავრცელებს მას. ზოგჯერ ადამიანი იმ დონეზე აიგივებს საკუთარ თავს ამ ნეგატიურ განცდებთან, რომ ეს ინფექცია ქრონიკულ დაავადებად ექცევა ხოლმე. საკმაოდ დიდი გამოწვევაა – გრძნობდე, რომ ნეგატიურად მოაზროვნეთა წრეში ხარ მოხვედრილი და ვერ ახერხებდე თავის დაღწევას მათი გარემოცვიდან. ძალიან რთულია, როდესაც რაღაც შიგნიდან გეუბნება, რომ შენ სხვაგან უნდა იყო და ამავდროულად გამოვლილი გამოცდილება, მოგონებები და ურთიერთობა არ გიშვებს. თავდაპირველად, ზოგჯერ, ეს არ ჩანს, მაგრამ რაც დრო გადის უფრო მეტად შეიგრძნობ ამ სიმძიმეს და ხვდები, რომ ესაა ბალასტი, რომელიც უნდა ჩამოიხსნა, რომ უფრო მაღლა აფრინდე.  

იგივე ეფექტი აქვს პოზიტიურ აზროვნებასაც (ოღონდ აქ ენერგია დადებითია, ცხადია), პოზიტიური გარემოცვის ენერგეტიკა გავსებს და გმუხტავს. იმეგობრე პოზიტიურ ადამიანებთან და მალევე შეამჩნევ, როგორი მომღიმარი გახდი თავად, შეგეცვალა დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, როცა ქუჩაში ვინმე მხარს გაგკრავს ან უხეშად გეტყვით რამეს, სამაგიეროს გადახდის ნაცვლად, თბილად ექცევი, ყოველ მოვლენაში დადებით მხარეს ეძებ და ამით ტკბები, ადამიანებს შეცდომების კიარა მიღწევების მიხედვით აფასებ.

პოზიტიური ადამიანი ხშირად დიდი ტკივილის მნახველია, რადგან ძალიან დიდი ძალა სჭირდება შეინარჩუნო მუდმივად თბილი, მზიანი განწყობა.

პოზიტიური ადამიანი ქველმოქმედია, ის მდიდარია ღიმილებით და ჩუქნის მას განურჩევლად ყველას, მან იცის, რომ ღიმილი უფასოა და ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებული!

პოზიტიური პიროვენება მაგნიტია, მაგრამ იზიდავს მხოლოდ თავისნაირებს!  ვის არ გვიყვარს თბილი და მხიარული, ენერგიული და მომღიმარი  ადამიანების გარემოცვაში ყოფნა?! აი, უარყოფითს კი ყველა ერიდება და ის მარტო რჩება, რაც მას კიდევ უფრო თრგუნავს. ნეგატივი მაგნიტის “მინუსია”, რომელიც განიზიდავს…

პოზიტიური ადამიანების გვერდზე ვერ გაჩერდები დაღვრემილი, ისინი უმალ გადმოგცემენ თავიანთ მუხტს და ადრე თუ გვიან შენც “დაგაინფიცირებენ”…

თუ გაქვს სურვილი, დიდ საქმეებში იყო წარმატებული და სარგებელი მოუტანოს ბევრ ადამიანს, გაიაზრებ, რამხელა მნიშვნელობა აქვს შენ გვერდით პოზიტიური ინფექციის მატარებელი ადამიანების არსებობას.

ის ფაქტი, თუ რომელი ტიპის ადამიანებს აირჩევ შენს გარემოცვაში, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს შენს ცხოვრებაზე.

წარმოიდგინე, რომ შენი ემოციური იმუნიტეტი ე.წ. დაბალანსებული ძლიერი ენერგეტიკული ველია. თუკი მასში ნეგატივმა შემოაღწია, ე.ი. ველში ხვრელია გაჩენილი და ველი სასწრაფოდ საჭიროებს გამთლიანებას. ეცადე ყოველთვის თვალყური ადევნო ამ ველის ენერგეტიკულ ბალანსს, ეს დაგეხმარება განწყობის სწრაფად დარეგულირებაში.

დაე, შენი ფიქრები იყოს პროგრესული, ხოლო შენ – პოზიტივით დაინფიცირებული! 🙂

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

(10.09.2012წ.)

კომენტარები