რაც ჩვენს ხელშია ვერავინ წაგვართმევს, თუ არ გავუშვით

“მე ჭრელი სამყარო მქონდა და ფერები მომპარეს” არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება ეს ისტორია მკითხველისთვის ან დამაფიქრებელი,თუმცა მე დამაფიქრა. იყო კი ეს ადამიანი დაუნახავი,უმადური თუ ყველაფრისგან დაღლილი?!

საღამო იყო,ბაღში ვიჯექით,ვსვამდით ჩაის და წვიმდა. საოცრად მშვიდი საღამო იყო,თითქოს ქალაქში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. უცებ მან შემომხედა და მითხრა:

“რა სიწყნარეა და მაინც როგორ ხმაურობს ყველაფერი”

თავისთავად დავინტერესდი ასეთ სიმშვიდეში ხმაურს როგორ ამჩნევდა.

“ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში მიყვარდა,ასეთ სიწყნარეში ჩემი გონება უდარდელი ფიქრებით რომ ხმაურობდა. მეგონა, ჩემს გარშემო ხალხი იყო,არადა ეს მხოლოდ ჩემი გონება იყო. მე უმადური არასდროს ვყოფილვარ ,მაგრამ ხომ შეიძლებოდა ვიღაცას ჩემთვის ესწავლებინა,რჩევა მოეცა… იმისდა მიუხედავად, რომ საშინელი ხასიათი მქონდა,ხომ შეიძლებოდა ,თუნდაც ძალით დასჯის ობიექტი მაინც ვყოფილიყავი – ეთქვა ვინმეს რომ არასწორად ვიქცეოდი ,მე ხომ ბავშვი ვიყავი.

მე დაუნახავიც არ ვყოფილვარ ,მაგრამ ხომ შეიძლებოდა მაინც მიმეღო საჩუქარი ახალ წელს,იმისდა მიუხედავად რომ ყველა საჩუქარს ვაგდებდი და ვამტკიცებდი თოვლის ბაბუა არ არსებობს და ნუ მასულელებთთქო. ხომ შეიძლებოდა არ დაეჯერებინათ ჩემთვის და მიმეღო საჩუქარი,მე ხომ ბავშვი ვიყავი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მაინც ველოდები ახალ წელს საჩუქარს და გულის სიღრმეში თოვლის ბაბუის არსებობისაც მჯერა ,მაგრამ მათ დამიჯერეს. არც ის მაწუხებდა ჩემთვის, რომ არავის ეცალა ან ჩემი ხასიათი ღლიდა. ჩემი თავი მე მომაკუთვნეს ვიყავი ამაყი და გამოგონილ პრონციპებზე ვცხოვრობდი,მაგრამ ხომ შეიძლებოდა ჩემი სიჯიუტის მიუხედავად ვიღაცას ესწავლებინა ,რომ ამ ხასიათით მომავალში ბევრს ვინანებდი და უბრალოდ დარიგება მოეცა ვინმეს,თუნდაც არ მომესმინა. მე ხომ ბავშვი ვიყავი.

მერე კი როცა წამოვიზარდე,მივხვდი რომ ის სიჭრელე რაც ჩემს ფერად სამყაროში იყო გაუფერულდა. ხომ შეიძლებოდა ყოველთვის მყოლოდა ვინმე ვინც მეტყოდა, რომ მომავალში ვინანებდი ჩემს ჩადენილ სისულელეებს. ეხლა კი მივხვდი რომ დავიღალე გავუღიმო მათ და ვიყო მათ გვერდში ვინც ჩემთვის არასდროს იცლიდა. მათ მე ფერები მომპარეს და ეხლა მთხოვენ “ჭრელი„ ვიყო“.

თითქოს გული უნდა ამჩუყებოდა,მაგრამ თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა. ვის ადანაშაულებდა ასე გამეტებით? მშობლებს,მეგობრებს,თუ ვის ხდიდა ვალდებულს? ადამიანები ხომ ჩვენით ვქმნით ჩვენს ცხოვრებას,თუ ბავშვობის შეცდომებსაც ზრდასრულობაში ვაანალიზებთ,ხომ შეგვიძლია მათი გამოსწორება ან თუნდაც დაფიქრება მომავალი სისულელის ჩადენის წინ. ვფიქრობ, საკუთარ თავთან არ ვართ მართლები,ვიტყუებთ თავს,რომ ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ და ვიღაც “ისინი„ ხელს გვიშლიდნენ. გვაქვს მიზანი და მასთან მიახლოებულებს, როცა რაღაც აღარ გამოგვდის,ვიწყებთ წარსულის ქექვას და ვეძებთ დამნაშავეს,რომელსაც თავად არ მივეცით საშუალება დაგვხმარებოდა.

ვაბრალებთ ყველას,ვინც ოდესმე ჩვენს დახმარებას ცდილობდა და შემდეგ ვიწყებთ იმის მტკიცებას,რომ უმადურები და დაუნახავები არ ვართ. გასამართლებლად მოგვაქვს მიზეზი “მე ხომ ბავშვი ვიყავი”. იყო კი ეს ადამიანი უმადური და დაუნახავი, თუ უბრალოდ ყველაფრისგან დაღლილი საოცრად დიდი დოზით მესმოდა როგორ ამბობდა “ხომ შეიძლებოდა ვინმეს„… მე კი ვფიქრობ,ხომ შეიძლება თვითონ დავფიქრდეთ, სანამ ვინმეს დავადანაშაულებთ. ფიქრი ზედმეტი იმ შემთხვევაშია, როცა გამოსავლამდე არ მივყავართ. არავის გვაწყენდა საკუთარ თავთან მაინც იმის თქმა,რომ ის რაც ჩვენს ხელშია,არავინ წაგვართმევს თუ არ გავუშვით. ჩვენი ცხოვრება კი ჩვენს ხელშია.ჩვენ მას ვაფერადებთ ან ფერებს ვუკარგავთ,არავინ ცდილობს ჭრელი სამყაროდან ფერების მოპარვას, როცა ეს მათ არ გამოადგებათ.

გამომგზავნი/ავტორი: ეკატერინე გელაშვილი

კომენტარები