დღიური

რატომ უნდა ვაწარმოოთ ფსიქოლოგიური დღიური?

ფსიქოლოგებს სხვადასხვა ხერხები და ტექნიკა აქვთ შემუშავებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ფსიქოლოგიური დღიურის წარმოებაა.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რაში უნდა დაგეხმაროთ დღიურის წერა, განსაკუთრებით კი – ფსიქოლოგიურის და ეს სავსებით ლოგიკურია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ „ავტომატურ რეჟიმში“ ვცხოვრობთ. ხშირად ვერც ვამჩნევთ ჩვენს აზრებსა და ემოციებს, რთულ ემოციონალურ მდგომარეობას, რომელსაც შეპყრობილი ვყავართ გაუცნობიერებელი მიზეზებით და ჩვენი საქციელის ახსნის საშუალებას არ გვაძლევს.

დღიური უკეთ დაგეხმარებათ გააცნობიეროთ თქვენი ცხოვრება, გააანალიზოთ იგი, გაიგოთ თქვენი გრძნობები, აზრები, სურვილები და შიშიც კი. ბოლოს და ბოლოს, თქვენ უკეთ გაუგებთ საკუთარ თავს და ეს თავისთავად დაგეხმარებათ არსებული პრობლემების გადაჭრაში , ან უბრალოდ მოქმედების სწორ მიმართულებაზე დაგაყენებთ.

ოდესმე გიწარმოებიათ დღიური? თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. რა თქმა უნდა ახალი ფურცლიდან დაწყება ყოველთვის საშინლად და არაკომფორტულად მიგვაჩნია, მაგრამ ინერციის გადალახვა ნამდვილად ღირს. თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ რამდენი აზრი, იდეა, ეჭვი და ემოცია იმალება თქვენს ფსიქიკაში.

დასაწყისისთვის გადაწყვიტეთ როგორ აწარმოებთ დღიურს, ჩანაწერებს რვეულში გააკეთებთ, თუ კომპიუტერში. ხომ არ გაშინებთ ის ფაქტი, რომ შესაძლებელია სხვამ წაიკითხოს თქვენი ჩანაწერები? მაშინ პაროლი დაადეთ თქვენს კომპიუტერულ ფაილს, ან საკეტიანი ბლოკნოტი შეიძინეთ, რომელსაც საიმედო ადგილას გადამალავთ და თქვენს აზრებს სხვისი „კლანჭებისგან“ დაიცავთ. თუმცა ასეთი სიფრთხილის გამოჩენა შესაძლოა საჭირო არც იყოს, ადამიანები ისე არიან ჩართულები და გარემოცულები საკუთარი პრობლემებით, რომ ხშირად სხვისი დღიუერების საკითხავი არც დრო აქვთ და არც სურვილი.

შემდეგი მნიშვნელოვანი ასპექტი დროის გადანაწილებაა. სასურველია დღიურის პერიოდული წარმოება, ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთება საუკეთესო ვარიანტია, რათა ეს პროცესი ჩვევაში გადაგეზარდოთ და წერამ სიამოვნება მოგანიჭოთ. მალე აღმოაჩენთ საკუთარ თავს და თქვენს საინტერესო ცხოვრებას.
და ყველაზე მთავარი, რა უნდა დაწეროთ დღიურში? თქვენ ყველაფრის წერა შეგიძლიათ, შეზღუდვები უბრალოდ არ არსებობს. დაწერეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, ყველაფერი, რისი გამოთქმაც გსურთ. თუ ჯერ არ იცით რა გაღელვებთ, უბრალოდ აღწერეთ თქვენი დღე შემდეგი გეგმის მიხედვით:

1. რით იყავით დაკავებული დღის განმავლობაში;
2. რას აკეთებდით;
3. სად იყავით;
4. ვის ეკონტაქტებოდით;
5. რა დაგეგმეთ სამომავლოდ.

წერის პროცესში მოიაზრებთ ყველაზე მეტად რა გაღელვებთ. მაგალითად, აღმოაჩენთ, რომ იატაკის წმენდამ სიამოვნება არ მოგანიჭათ, რადგან შვილი არ მოგეხმარათ საშინაო საქმეებში. ანაც, სამომავლო გეგმების აღწერისას მიხვდებით, რომ არ ხართ მზად მათი სისრულეში მოსაყვანად.

თუ აღმოაჩენთ პრობლემას, დააფიქსირეთ კიდეც. მალე ბევრი იდეა მოგივათ აზრად, თუ როგორ უნდა გადაჭრათ იგი. არ დაეჭვდეთ, გამოსავალს იპოვით. ჩვენი ფსიქიკის შესაძლებლობები ხომ შეუზღუდავია! და დღიურიც ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი საბუთია. ის არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ გულახდილები იყოთ საკუთარ თავთან და გამოუტყდეთ ისეთ რამეში, რასაც სხვას ვერასდროს გაანდობთ.

უბრალოდ გახდით საკუთარი თავის უახლოესი მეგობარი!

კომენტარები

თამარ მაღლაკელიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, მიმართულება ფსიქოლოგია / ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია