რატომ ვკითხულობთ

0

თითოეულ ჩვენგანს აქვს ყოველ დღე დროის თავისუფალი თუნდაც ხუთი წუთი და ყველა ამ დროს სხვადასხვაგვარად იყენებს: ზოგი ამ დროს ძილში ხარჯავს, ზოგიც ხელოვნებას უთმობს, ზოგიც ფილმს უყურებს ან ინტერნეტში დაძვრება და ა.შ. თუმცა არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც დაკავებულია ლიტერატურის კითხვით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მკითხველთა დიდ ნაწილს არ აქვს გაცნობიერებული თუ რატომ არის დაკავებული ამ საქმიანობით.

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ახალგაზრდა თაობის წიგნიერებაზე. ამასთან დაკავშირებით, არაერთი რეპორტაჟი გაუშუქებია მედია საშუალებებს. ბევრი ამბობს, რომ ახალგაზრდები არ კითხულობენ, ბევრიც საპირისპიროს ამტკიცებს.

ამას გარდა, ხალხის გარკვეული კატეგორია იძახის, რომ კითხვა აუცილებელია, ნაწილი კი ამას დროის ფუჭად კარგვად მიიჩნევს.

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში არაერთი გამოკვლევა ჩამიტარებია იმისათვის, რათა გამეგო როგორია წიგნიერების დონე სხვადასხვა თაობის ადამიანებში. გამოიკითხა სხვადასხვა კატეგორიისა და ასაკის მოქალაქე, მოვისმინეთ არაერთი მოსაზრება, თუმცა შედეგმა, მედია საშუალებების მიერ გაშუქებული რეპორტაჟების საწინააღმდეგო დაამტკიცა.

არ უარვყოფ, ბევრი ჩვენგანის წიგნიერების დონე არ არის სახარბიელო. უფრო მეტიც, ბევრი საერთოდ არ კითხულობს. შესაძლოა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. თითოეული ჩვენგანის მიზნები და მისწრაფებები ხომ ისედაც განსხვავებულია.

და მაინც, რატომ ვკითხულობთ?

ძირითადად კითხულობენ ინტელექტის ამაღლების მიზნით. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც უყვარს და სიამოვნებას ჰგვრის კითხვის პროცესი. ზოგს ძველი წიგნების გახუნებული ფურცლების სუნი უღვიძებს სურვილს კითხვისა, ზოგისთვის კითხვა ცხოვრების სტილია… თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორედ იმიტომ კითხულობენ, რომ არ იფიქრონ.

არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით ვკითხულობთ, მთავარია მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა იქცეს ჩვენი ცხოვრების სტილად. ცხადია, დღეს ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება არსებობს, „ქაღალდები“ ჩაანაცვლა ელექტრონულმა მასალამ, მაგრამ წიგნებს, ძველი თუ ახალი ფურცლებით, მაინც ჰყავს თავისი მკითხველი. არც იმას აქვს მნიშვნელობა რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული. მთავარია წაკითხული თუნდაც ერთი გვედიდან მიიღო და ისწავლო გაცილებით მეტი.

…და თუ გინდა ბევრი იცოდე, ბევრიც უნდა წაიკითხო!

კომენტარები

Leave A Reply