ცრემლები

რატომ გვრცხვენია ტირილის?

მაყურებელი თეატრში თავისუფლად რად იცინის, როცა ტირილის რცხვენია?.. განა ადამიანს არ შესწევს უნარი საცოდაობაზე გული აუჩუყდეს და მარტო ის ძალუძს, სასაცილოზე სიცილით გაიჭაჭოს? იქნებ თავს იმიტომ ვიკავებთ, ვაითუ სახე დაგვემანჭოსო? მაგრამ უსაშველოდ ხარხარი უფრო ამახინჯებს სახეს, ვიდრე გულწრფელი სევდა. განა სამარცხვინოა ვინმემ შეგვნიშნოს, რა გულჩვილნი ვართ, რარიგ სუსტნი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრძნობა გვერევა. აბა რად ვუყურებთ ტრაგიკულ სცენებს, რას უნდა ველოდეთ მისგან? გაგვაცინოს? განა ტრაგიკული სახეები ისევე არ წარმოსახავენ რეალობას, როგორც კომიკური? განა შეიძლება ჩაწვდე ერთი ან მეორე ჟანრის რაობას, თუ არ აღელდი?

უცნაურად არავის ეჩვენება, როცა კომიკური სცენის დროს მთელი თეატრი უეცრად ახარხარდება, ე.ი კომედია თავშესაქცევია და კარგადაც ასრულებს საკუთარ მისიას. მაშ ტირილი რატომღა უკვირთ, როცა იგივეზე მეტყველებს დიდის გაჭირვებით შეკავებული ცრემლი და ნაძალადევი ღიმილი, რითაც ცდილობენ დამალონ მოწოლილი განცდები. ეს გახლავთ ნათელი საბუთი იმისა, რომ ცრემლები ტრაგედიის ბუნებრივი შედეგია და მასში არაფერია დასამალი.

მაყურებლები ყოვეგვარი დარცხვენის გარეშე, ერთმანეთისგან დაუფარავად უნდა იწმენდნენ ცრემლს. ამასთან ერთად, ადამიანი რომელიც თავისუფლად მიეცემა საკუთარ განცდებს, მყისვე იგრძნობს, რომ ცრემლთა დენა კი არა გულწრფელი გრძნობების დამალვაა სამარცხვინო.

ჟან დე ლა ბრუიერი “ხასიათები”

კომენტარები