რატომ ატარებენ ყოველდღე ერთსა და იმავე სამოსს ჯობსი, ცუკერბერგი და ობამა?

ჩვენ მუდმივად განვიცდით დროის დეფიციტს, ვერასდროს ვასწრებთ ყველაფერს, რაც გვინდა. ამის მიუხედავად, დღის ბოლოს არანორმალურად დაღლილები ვართ.

გიფიქრიათ იმაზე, რამდენი დრო იკარგება იმის გადაწყვეტაში, თუ რა ჩაიცვათ?

ჩვენ ძალიან ბევრ ძვირფას მომენტს ვკარგავთ ცხოვრებაში ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. თქვენი სამოსი ვერ შეცვლის სამყაროს, არ შეგმატებთ ბედნიერებას. მისი მეშვეობით არ იქნება დღე უკეთესი. მაშინ, რა საჭიროა ამ საკითხისათვის დიდი დროის დათმობა?!

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოდას არანაირი მნიშვნელობა აქვს. ეს რიტორიკული შეკითხვა სულაც არ აკნინებს მოდის მნიშვნელობას. სამოსს შეუძლია გვითხრას, თუ რა განწყობაა, რა ტენდენციაა საზოგადოებაში, მაგრამ უკეთესი ხომ არ იქნებოდა, გვეფიქრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანზე?!

ერთხელ, ამერიკელმა მწერალმა, ჰენრი დევიდ ტორომ, შენიშნა: „ჩვენი ცხოვრება წვრილმანებზე იხარჯება. უმჯობესი იქნებოდა, ცხოვრება მოგვეწყო.“

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ცხოვრებას უბრალოდ მიუდგებით, უფრო ადვილი იქნება კონცენტრირება მის მთლიან სურათზე. ზოგმა წარმატებულმა ადამიანმა მიიღო ეს ფილოსოფია და დაიწყო მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დაღლილობის გამო, ბევრი სახელმწიფოს და კომპანიის პრეზიდენტები ყოველდღე ერთსა და იმავე სამოსს ატარებენ.
ძნელია იკამათოთ იმაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, ერთ–ერთი რთული სამსახური აქვს მსოფლიოში. იგი უძლიერესი ქვეყნის ლიდერია და ბევრი რამის გაკეთება უხდება.

რაც არ უნდა მოიმოქმედოს მან, მუდამ კრიტიკის ქარცეცხლშია მოქცეული. მარტივად რომ ვთქვათ, ბევრი ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე აქვს, ვიდრე ფიქრი საკუთარ გარეგნობაზე. ამის გამო, ობამა ხშირად ერთი და იგივე დიზაინის კოსტიუმით დადის სამსახურში. ინტერნეტსივრცე „აფეთქდა“ იმის გამო, რომ ობამამ ხაკისფერი კოსტიუმი ჩაიცვა. თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უფრო ხშირად ობამას ლურჯი ან ნაცრისფერი კოსტიუმი აცვია. მაიკლ ლუისის სტატიაში ობამამ ეს ლოგიკურად განმარტა:

„თქვენ ხომ ხედავთ, რომ მე მხოლოდ ლურჯი და ნაცრისფერი კოსტიუმი მაცვია. ამით ვამცირებ გადაწყვეტილებების მიღების რაოდენობას. მე არ მინდა ფიქრი იმაზე, თუ რომელი კოსტიუმი ჩავიცვა. სხვა უფრო ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხი მაქვს, რომლებიც ჩემგან გადაწყვეტას საჭიროებენ.“

ამავე სტატიაში ობამა შეეხო კვლევის შედეგებს, რომლებმაც აჩვენა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ დღის განმავლობაში, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, ფიტავს ტვინს. ამის გამო, ჩვენ გვიჭირს ამოვხსნათ სხვა ამოცანები.

როგორც გაზეთმა „The Guardian”-მა აღნიშნა, – „ობამამ იმდენად შეამცირა საკუთარი გარდერობი, რომ მუდამ შეუძლია თავი თავდაჯერებულად იგრძნოს და არ იფიქროს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება.“

Apple-ის დამფუძნებელ სტივ ჯობსს ყოველდღე ერთი და იგივე სამოსი ეცვა – შავი ზედა, ჯინსის შარვალი და თეთრი ბოტასები.

Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი, როგორც წესი, ნაცრისფერ მაისურსა და ჯინსებს ატარებს. საზოგადოებაში ძნელია მისი სხვა ფორმაში ხილვა.

ალბერტ აინშტაინს ნაცრისფერი კოსტიუმის ორმოცამდე ვარიანტი ჰქონდა. ამიტომაც მას არ უხდებოდა ფიქრი იმაზე, თუ რა ფერის პიჯაკი ჩაეცვა.

ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა, უარყოფს წესების ნორმებს და არ ატარებს ჰალსტუხს. „ჰალსტუხი უსარგებლო ნივთია, რომელიც გახრჩობს“ – ამბობს ის და ამატებს – „მე მომხმარებელთა მტერი ვარ. იმის გამო, რომ ბევრს ვფიქრობთ საყიდლებზე, ჩვენ ვივიწყებთ ფუნდამენტურ საკითხებს. ძალებს ვხარჯავთ სრულებით უმნიშვნელო რამეებზე“.

ყოველივე ეს დაკავშირებულია დაღლილობის კონცეფციასთან. ეს რეალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც თქვენ გონებრივად იმდენად ხართ გამოფიტულნი, რომ არ შეგიძლიათ უფრო მეტი ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ყველა ამ ადამიანმა შეგნებულად თქვა უარი მოდის აყოლაზე და ამით გაანთავისუფლა სივრცე ტვინში.

ახალი ფეხსაცმლის ყიდვა გაგახარებთ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ის არაფრით არ გაგიმდიდრებთ ცხოვრებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ყიდვის სიხარული მალე გაივლის და დარჩება სიცარიელე.

კარგი იქნებოდა, სამოსისადმი ჩვენი დამოკიდებულება უფრო გაგვემარტივებინა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენი ზედმეტი გადაწყვეტილების მიღებაზე გვიწევს ფიქრი ყოველდღე? აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება შევამციროთ ისინი.

ცხოვრება ძალიან რთულია და არ დაუშვათ, რომ წვრილმანებმა გიკარნახოთ, იქნებით თუ არა ბედნიერი. გაამარტივეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია გამარტივდეს.

კომენტარები