პატივმოყვარეობა

ყოველ კაცს აქვს თავისი მისწრაფება და პატივმოყვარეობა და დიახაც ნაწყენი რჩება, თუ მოლოდინი გაუცრუვდა. განსხვავება ისაა,რომ ბრიყვს პატივმოყვარეობა ბრიყვული აქვს და არასწორად მიმართული. გონიერთა პატივმოყვარეობა კი კანონიერიც არის და საქებურიც. მაგალითად თუკი პატარა სულელი ბიჭის პატივმოყვარეობას მხოლოდ კარგი ჩაცმა–დახურვა და ფულების ფლანგვა წარმოადგენს, ეს მის ღირსებად არ შეიძლება ჩაითვალოს და მხოლოდ მისი მშობლების უგუნურებაზე მეტყველებს, თოჯინასავით, რომ რთავენ თავიანთ შვილს და გასარყვნელად ფულს არ აკლებენ.
გონიერი ბიჭი მუდამ ისწრაფვის არა მარტო თავის ტოლებს, არამედ თავისზე უფროსებსაც აჯობოს როგორც ცოდნით, ისე ზნეობით. მას ეამაყება, რომ მუდამ სიმართლეს ამბობს, რომ ადამიანები უყვარს და მათ თანაუგრძნობს, რომ სხვებზე წინ მიდის , მათზე ბევრს სწავლობს, მათზე მეტს ზრუნავს მომავალზე. ეს ყოველივე მისი შინაგანი ღირსების ნიშანია და, მაშასადამე, მისი პატივმოყვარეობის კანონიერი საფუძველიც. ეს თვისებანი მას კარგ სახელს მოუხვეჭს და დაეხმარება მტკიცე ხასიათი ჩამოიყალიბოს. ეს ყოველივე როგორც ბავშვებზე ასევე დიდებზე ითქმის. ბრიყვის პატივმოყვარეობას მხოლოდ ის შეადგენს, კარგი ბედაურები ჰყავდეს,კარგი ეტლი ჰქონდეს, შინაც კარგად იყოს მოწყობილი და გარეთაც კარგად ჩაცმულ–დახურული დაბრძანდებოდეს. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ყველა ადამიანს შეუძლია შეიძინოს ვისაც ფული აქვს,რადგან ისინი თავისუფლად იყიდება.
გონიერი და წესიერი კაცის პატივმოყვარეობა იმისკენაა მიმართული, რომ თავისი კარგი სახელით ყველასაგან გამოირჩეოდეს, თავისი ცოდნით, სიმართლითა და კეთილშობილებით ყველასაგან დაფასებული იყოს. ამ თვისებებს კი ვერსად შეიძენ, მათ მხოლოდ ნათელი გონება და სიკეთით სავსე გული შეგძენს.
ამონარიდი წიგნიდან: ჩესტერფილდი – წერილები ჩემს ვაჟს

კომენტარები