ნიკო ლორთქიფანიძე: ტრაგედია უგმიროთ

0

გადაიარა ეზო… უგზო-უკვლოდ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში… ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდნენ ნაპერწლებივით: “ჭადი”, “ბავშვები”, “ხარი”… ისევ ადგა, ჯერ შარა-გზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია, დაუძახა ვიღაცამ, მობრუნდა.

-გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა; აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გაგიზიარებ… ოღონდ არ დამღუპო – იპ პარასკევს უნდა დამიბრუნო.

-მომეცი! – მოკლედ მოუჭრა და ღობეს მიადგა.

-ამ ტოპსიკას ნუ გამომიგზავნი, მე თვითონ წამოვიღებ.

ადგილიდან არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა.

-რა დაგემართა, კაცო?

-არაფერი!

-ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ჩვენკენაც მოიხედავს…

ნელა შემობრუნდა, უხმოდ მოშორდა მოხუც დედაკაცს – თავის ნათლიას, რომელიც გულში ფიქრობდა: შენი მტერია, ეს ნახევარი ჯამი ფქვილი კი დავკარგე.. მარა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდეს… რას უშველის, საწყალს, ნახევარი ჯამი?.. ეხ, ღმერთო, ღმერთო!

-მამა, ფქვილი მოიტანე? – ახრიალდნენ ბავშვები.

-გვაჭმევ?

-კი, შვილო, კი, ბიჭო! – ეუბნებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს.

ბავშვებს უთქმელად მოჰქონდათ ფიჩხი, ანთებდნენ ცეცხლს, აწყობდნენ და ასწორებდნენ კეცებს.

მამამ წუთში მოზილა ცომი და გავარვარებულ კეცებს დააკრა; ბავშვების მოუთმენლობამ მოაგონა, რომ კარგი იქნებოდა ჭადების გამოცხობამდე მათი თავიდან მოშორება.

-აბა, ბიჭებო, წადით და ბიცოდა ეფროსინეს ოხრახუში გამოართვით – ბევრი აქვს, მოგცემთ..
ბავშვები გაიქცნენ.

ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და “გასასინჯად” ლუკმა პირში ჩაიდო. მთელ სხეულს განუზომელი მადა ეღეძრა…

მეორე ლუკმა…

სწვავდა ენას, მაგრამ მაინც ჭამდა.

ბავშვები შემოვარდნენ.

-მომეცი, მამა!

-მეც!..

-გადით, თქვე გასაწყვეტლებო!

-მამა, მამა!!..

-მამა, ერთი ლუკმა!

ბავშვები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა; იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშვები ძაღლებივით ჯნაოდნენ და იძახდნენ:

-მამა, გვაჭამე!

ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანად ჩაიმუჭა პირში ბავშვების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა.. გადავიდა ტევრში.. მიწვა.. კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახელილი, მთვლემარი.

წამოიწია, დაჯდა. ბავშვების სივილი მოაგონდა..

მე შევჭამე…

ბავშვებს არაფერი ვაჭამე…

ღმერთო, რა მომივიდა?…

სირცხვილი!.. ხალხს რაღა ვუთხრა?!.. ვაი თუ დაიხოცნენ…

ადგა, მივიდა ბავშვებთან…

შეტრუცული ბჟოლის ძირში მიგდებულიყვნენ… ეძინათ… მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა: არ გავაღვიძო მაინც! რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!..

უმცროსს გამოეღვიძა. გაუკვირდა. ჩააჩერდა მამას.

-მამა!… – წყნარად დაიწყო ბავშვმა.

-რა, შვილო? – ნაზად უპასუხა.

-მთლად შეჭამე?

-!!

-მამა, ცოტა იქნება დაგრჩა – მომეცი მუცელი მტკივა – არ გაგამხელ… მამას ზლუქუნი წასკდა.

პატარა ბავშვსაც გაეღვიძა “მშია-მშიას” ძახილით…

მამა წამოიჭრა, ეზო გადაირბინა. ვენახში მოხვდა. დაბმული ცხვარი ძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრად მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გასინჯა – კისერზე თუ მომიჭერსო, და…

კეთილი, ბებერი ნათლია იფოფრებოდა : -ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!… რა საცოდაობა დატრიალდა.. ვინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!

-რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხრჩო თავი ამ ოჯახქორმა! – ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply