მოჯადოებული წრე, ანუ პლანეტა დედამიწა

             დათქმულ საღამოს, 9-საათიან ძილის რეჟიმს ვირჩევ და შენთან ერთად გატარებული ბოლო დღის პროექცია იღვრება გონებაში. ყოველი მომდევნო წლის შემდეგ მეხსიერების გასუფთავება სულ უფრო რთულდება დედამიწაზე, ადამიანები საკუთარი სიგიჟეებით გატენილ გონებას ისევ საძინებლებში მალავენ და ძილის წინ შეშლილ თვალებს ვეღარ ტევენ ჭერსა და იატაკს შორის. აქ უმეტესობისთვის თითქმის იგივე დროა, ჩვენ, რომ თავიდან მხოლოდ კითხვები გვქონდა და გაუთვიცნობიერებლად გაღიმებულები თავდაყირა ვდგებოდით საწოლის კიდეზე უფრო მეტის გასაგებად. მაშინ კედელს იქით, ძნელადგასარჩევი ბგერებისგან გვესმოდა, რომ, დედამიწაზე ბედნიერება მხოლოდ სიმშვიდეშია და ჩვენი მისია, ირგვლივ საყოველთაო სიმშვიდის შექმნისთვის მოჯადოებულ წრეზე, ფრთხილი ნაბიჯებით სიარულია. იმ წრეზე, სადაც სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფილი ადამიანები, თავად ავლებენ საზღვრებს ერთმანეთს შორის, წერენ კანონებს და იმზადებენ ყველა პირობას სულელური კონფლიქტებისთვის.

         და არაფერი აქვს საერთო ამ ყველაფერს, იმ სამყაროს შექმნის იდეასთან, რომელიც 9 მილიონი წლის წინ ყველას ერთად დაგვჭირდა. დედამიწა ხომ მხოლოდ იმისთვის შექმნეს, რომ ყელში ამოსული, უფერული ბედნიერებისგან და  უსასრულო სიცოცხლისგან დროდადრო მაინც გავქცეულიყავით, გვეთამაშა ერთმანეთის დროულად პოვნის საბედისწერო თამაში და გვეგროვებინა ყველაზე მძაფრი შეგრძნებები სხეულების საბოლოოდ გაცვეთამდე, ყველაფერი ხომ ასე სადად და უბრალოდ იყო, ადამიანები კი, ერთმანეთის ოცნებების მკვლელებად ჩამოყალიბდნენ…

 ავტორი: ტატო გოგოლაძე

კომენტარები