მიჯაჭვულობის პრობლემა ურთიერთობებში

0

„ტანჯვის მიზეზი მიჯაჭვულობაშია“   ბუდა

„თავიდან ყველაფერი დიდი სიახლოვით იწყება, ანუ იხსნები ადამიანთან, უახლოვდები… მერე მიჯაჭვულობაში გადადის… პატარა წვრილმანიც გაფორიაქებს… თუ რაიმე ეწყინა ჩემგან, ეს დანაშაულის უდიდეს გრძნობას მიღვიძებს, როცა სხვა ადამიანებთან, ვისთანაც მიჯაჭვულობა არ მაკავშირებს… კიდევ, მიჯაჭვულობის ობიექტთან ვხდები უფრო მომთხოვნი, ეჭვიანი და მესაკუთრე… ეს ნარკოტიკივითაა, რაც მეტ ხანს ვარ „მასთან“, მით მეტად მინდა, რომ უფრო მეტი დრო გავატაროთ ერთად… მისგან ვიღებ ენერგიას, რომელიც კვებავს ჩემს „მე“–ს, მაგრამ შემდეგ…“ – მიყვება ჩემი პატარა მეგობარი…

რა ხდება შემდეგ?! მაგრამ ჯერ საკითხავია, რა მოხდა მანამდე…

პირად ურთიერთობებში მიჯაჭვულობის პრობლემა, ალბათ, ერთერთი ყველაზე გავრცელებულია, რასაც შევხვედრივარ ჩემს პრაქტიკაში. თავდაპირველად, ვცდილობდი ამეხსნა, რომ ნამდვილი სიყვარული სულ სხვა რამაა, მაგრამ შემდეგ შევნიშნე, რომ ადამიანების უმრავლესობა სულაც არ ეძებს ნამდვილ სიყვარულს, მათ ამის, უბრალოდ, არ სწამთ, ჰგონიათ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებშია და ძალიანაც ცდებიან, თუმცა ნამდვილ სიყვარულზე, მოდი, სხვა პოსტში ვისაუბრებ… ისინი ეძებენ მძაფრ შეგრძნებებს, ეიფორიას, ადრენალინს, რომელიც გაამრავალფეროვნებს მათ ცხოვრებას, მაგრამ სამწუხაროდ ადრე თუ გვიან მწარედ დაანარცხებს მიწაზე…  

ბუნებრივია, რომ ასეთი ემოციური დამოკიდებულება მალევე გადადის მიჯაჭვულობაში და სულ მალე ჩვენი ძვირფასი გმირი იმედგაცრუებული რჩება: „ის ძალიან შეიცვალა, გაცივდა, ისეთი აღარ არის და ა.შ“ (საქმე ისაა, რომ ის სხვანაირი არც არასოდეს ყოფილა)…

ჩემო ძვირფასო, ჩვენ ინსტინქტურად ვეძებთ სიმშვიდეს, ემოციურ ბალანსს და ეს სრულიად ნორმალურია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ჰარმონიას ვეძებთ ჩვენს შიგნით და არა ჩვენს გარშემო ან, თუნდაც, სხვა ადამიანში… სხვა ადამიანი ვერ მოგვიტანს ხანგრძლივ ჰარმონიასა და ბედნიერებას, თუკი ამას საკუთარ თავში არ აღმოვაცენებთ და განვავითარებთ. სხვა ადამიანი იქნება, უბრალოდ, დროებითი „ემოციონალური ასპირინი“, რომელიც ცოტა ხნით გააყუჩებს ჩვენი ბედნიერების შიმშილს… და მერე???

მერე მშვენიერი ეტლი გადაიქცევა გოგრად, ხოლო საუცხოო ბედაურები – თაგვუნიებად და აი, მაშინ იწყება ხოლმე მძიმე ემოციური კრიზისი…

ჩემო მეგობარო, ამ პოსტით ძალიან მინდა, გულწრფელად მინდა დაგეხმარო ამ კრიზისის დაძლევაში, რადგან თავადაც გამომიცდია და ძალიან კარგად მესმის ამ პრობლემის სიმწვავე…

პირველ რიგში, აუცილებელია გააცნობიერო, თუ რატომ მოხდა ასე?!

სამყარო ვერ იტანს მიჯაჭვულობას! მიჯაჭვულობა დასჯადია, რადგან შეუძლებელია მიაღწიო შინაგან ჰარმონიას, თუ პარალელურად რაიმეზე ხარ დამოკიდებული. ამიტომაც, სამყარო წაგართმევს შენი მიჯაჭვულობის ობიექტს, რომ ამგვარი გზით „დაგეხმაროს“ და “სწორ გზაზე” დაგაყენოს…

ჩემი დაკვირვებით, ეს სამი პუნქტი ძალიან ხშირად ყოფილა ურთიერთობის კოლაფსის საკვანძო მიზეზი. ეს მიზეზები ხშირად ხილულად არც კი ჩანს ხოლმე:

    • ურთიერთობისას დაკარგე საკუთარი „მე“ და ზედმეტად აითქვიფე სხვა ადამიანში

  • სხვა ადამიანის სურვილის დასაკმაყოფილებლად, შეიცვალე, გახდი ისეთი, როგორიც მას უნდოდა ანუ დათმე საკუთარი ნამდვილი ხასიათი, სურვილები, მისწრაფებები
  • იყავი მეტისმეტად ეჭვიანი და მუდმივად გეშინოდა მისი დაკარგვის

მიჯაჭვულობისკენ მიდრეკილება ახასიათებთ ადამიანებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ საკუთარი თავი. მათ სჭირდებათ სხვა ადამიანი ან ადამიანები (თუნდაც, მეგობარი), რომელთა კამპანიაშიც თავს კარგად იგრძნობენ. ისინი მუდმივად ცდილობენ გაექცნენ  განმარტოვებას, თითქოს, ეშინიათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის. ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ არ არის საკმარისად კარგი და შემოიკრებს სხვა ადამიანებს გარშემო, რომ უფრო ლამაზად, სასურველად და კარგად იგრძნოს თავი.

მიჯაჭვულობა ეგოს ახასიათებს… სწორედ მას აქვს უზარმაზარი შიმშილი, რომელსაც მხოლოდ სხვა ადამიანთან ურთიერთობით დაიკმაყოფილებს.  ასეთი ურთიერთობის გარჩევა მარტივია – თავდაპირველი ლტოლვა და სასიამოვნო ურთიერთობა გაღიზიანებასა და სიცივეში გადადის. რატომ?! იმიტომ, რომ ეგოს სულ შია, სულ უფრო მეტს ითხოვს, უძირო ორმოსავითაა, ხოლო როცა იღებს იმის მაქსიმუმს, რასაც ითხოვდა, ნიღაბს იხსნის და ურთიერთობის ნამდვილი სახე შიშვლდება. თუკი აქამდე ძირითადი ემოცია იყო სურვილი, ლტოლვა, სწრაფვა, მის ადგილს შიში ანაცვლებს. შიში მარტო არ მოდის, მას ახლავს ზღვარგადასული ეჭვიანობა, კონფლიქტი, დისკომფორტი და ა.შ.

საფრთხე: დააკვირდი – მიჯაჭვულობა შენი სუსტი წერტილია იმითაც, რომ ყოველთვის მოიძებნება ვიღაც (თუნდაც, ის, ვისაც მიეჯაჭვე), რომელიც მანიპულირებას შეძლებს შენით!!!

კარგი, განვიხილეთ პრობლემა, მისი გამომწვევი მიზეზი და მოსალოდნელი ფატალური შედეგები, მაგრამ ჩნდება კითხვა: საშველი აღარ არის?! :))))

რა თქმა უნდა არის! ახლავე…:)))  გადაიღე და მიირთვი, სანამ ცხელია:

  • იგრძენი შინაგანი თავისუფლება – შენ არ გჭირდება სხვა ადამიანი იმისათვის, რომ იგრძნო თავი ბედნიერად და სრულყოფილად!!!
  • შენ არ ხარ ვალდებული შეიცვალო სხვა ადამიანის საამებლად და შენი ნამდვილი შინაგანი ბუნების საწინააღმდეგოდ, ეს დამღუპველია!!!
  • შენ გჭირდება საკუთარი თავის მიმართ უპირობო სიყვარული – მიიღე შენი თავი ისეთად, როგორიც ხარ და არ დაგჭირდება სხვა ადამიანის ჯაჭვით დაბმა, რომ მარტოობას გაექცე!!!
  • ნუ გაექცევი საკუთარ თავს, შენ გჭირდება უკეთ გაიცნო ის და მიიღო, შეიყვარო, დაუმეგობრდე, აღფრთოვანდე შენი ძლიერი მხარეებით… ასეთ დროს შენი სუსტი მხარეებიც კი მომხიბვლელობას შეგმატებენ!!!
  • დაუთმე მეტი დრო საკუთარ თავს, გაუკეთე საჩუქრები, გაანებივრე… სანამ სხვა შეგიყვარებს ისე, როგორც ამაზე ოცნებობდი, ჯერ შენ შეიცვალე საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება…
  • ნუ შეიძულებ მათ, ვინც შენგან წავიდა, ჩათვალე, რომ სამყარომ უკეთესი მოამზადა შენთვის!!!
  • შენ არ გჭირდება არავისზე მიჯაჭვულობა, რადგან შენთვის სამყაროში არსებობს შენი ღირსეული ადგილი და ის, ვინც შენ გჭირდება გვერდით არანაირ ჯადოსნურ ელექსირს ან საკმეველს არ საჭიროებს, რომ იყოს შენ გვერდით…
  • დაიმახსოვრე, ვერავინ წაგართმევს იმას, რაც არ გაქვს და იმას, რაც ნამდვილად შენია!!!

გისურვებ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიასა და უზარმაზარ ბედნიერებას!!! 🙂

P.S. მიჯაჭვულობის თემა საკმაოდ ვრცელია და სასაუბროც ბევრია, თუ გაქვს სურვილი უფრო მეტი ვისაუბროთ ამაზე, დააფიქსირე კომენტარებშე კოხტად და ლამაზად :)) …

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Leave A Reply