„მე მასში ადამიანი დავინახე“– 70 წელი ხიროსიმადან

დღეს, 6 აგვისტოს, 100–ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი (მათ შორის აშშ–ს) უერთდება იაპონიის სამგლოვიარო პროცესიას, რომელიც 70 წლის წინ იაპონიის 2 ქალაქის თავზე რამდენიმე წამში ამოზრდილი გიგანტური ამერიკული „სოკოების“ ისტორიას უკავშირდება… ჯერ ატომურმა ბომბმა, სახელად „პატარა ბიჭი“, 200 000–მდე ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა ხიროსიმაში, ხოლო 3 დღის შემდეგ „მსუქანი კაცი“ ჩამოვარდა ნაგასაკიში.

იაპონელი კოკო ტანიმოტო კონდო, შემდეგ უკვე მშვიდობისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი, 8 თვის იყო, როდესაც „სოკომ“ უსახლკაროდ დატოვა. ცხადია, მას არაფერი ახსოვს მომხდარიდან, მაგრამ ტრაგედიით გამოწვეული მძიმე შედეგების ხილვა საკუთარი თვალით მოუწია. კონდო იხსენებს ბავშვობას, როდესაც ერიდებოდა დანაღვლიანებული მშობლებისთვის რაიმე კითხვის დასმა მომხდარის შესახებ, იხსენებს, როგორ დამცირებულად გრძნობდა თავს, როდესაც სრულიად შიშველი, დიდ ლაბორატორიაში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, რომლებიც სწავლობდნენ, იყო თუ არა რადიაციის ნარჩენები მის ორგანიზმში. ამის შემდეგ კონდო მაქსიმალურად ერიდებოდა გამხელას,, რომ ის ხიროსიმადანაა.

მას მთელი არსებით სძულდა ის მფრინავები, რომლებმაც ბომბი ჩამოაგდეს მის ქალაქში, მისი სახლიდან ერთი მილის მოშორებით. შემდეგ, 10 წლის კონდოს საშუალება მიეცა შეხვედროდა ერთერთ მფრინავს, რომელმაც ბომბი ჩამოაგდო.  მფრინავი გამუდმებით იმეორეობდა სინანულით, რომ არ იცოდა, თუ ეს ბომბი ატომური იყო, რომ ჩვეულებრივი ბომბი ეგონა და მწარედ ნანობდა ჩადენილს. მისმა ცრემლებმა გოგონას სიძულვილი სრულად გააქარწყლა: „მე არ შემეძლო მისი სიძულვილი, მე მასში ადამიანი დავინახე, ადამიანი, რომელიც ტიროდა და ნანობდა… თუკი სიძულვილია, მე ის კი არა, ომი უნდა მძულდეს!“

დღეს კონდო ყოველწლიურად მიდის ხიროსიმაში, ნასახლარზე იმ პატარა ვარდისფერი ჩანთით, რომელიც ტრაგედიის დღეს ჰქონდა და უამბობს სტუდენტებს მის ისტორიას. საოცარია, რამხელა სიყვარული უნდა ჰქონდეს ადამიანს გულში, რომ ამხელა ტკივილი განკურნოს და სხვებს მეტი სიკეთისკენ უბიძგოს. ბევრი ჩვენგანისთვის ყველაზე ელემენტარულის პატიებაც კი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია გავიბუტოთ წვრილმანზე, მივუთითოთ მექანიკურ შეცდომაზე, საშვილიშვილოდ შევიძულოთ საპირისპირო მოსაზრების გამო, მოყვარე გადავიმტეროთ, მან კი – მთელი ქალაქის ყველაზე ახალგაზრდა ჭირისუფალმა – შეძლო მიტევება…

2012 წელს, კონდო მისი ემოციური ისტორიით წარსდგა ოჰაიოს უნივერსიტეტის 300 სტუდენტის წინაშე. საუბრის დასასრულს მან შეიმშრალა ცრემლები და მოუწოდა სტუდენტებს:

„თქვენ ჩემი შვილები ხართ… მინდა მშვიდობა გქონდეთ… მე არ შემიძლია შევცვალო მსოფლიო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უკეთესი სამყარო“.

P.S. იაპონლების გლოვის დღე ჩვენს სამგლოვიარე კვირეულს დაემთხვა და ალბათ ამ მიზეზითაც უფრო მეტად ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის, ახლაც ვიმშრალებ თვალზე მომდგარ კურცხალს… მითხარი, ჩემო კარგო, კომენტარებში, შენ რაზე დაგაფიქრა კონდოს ისტორიამ?

მშვიდობას გისურვებ, მეგობარო!

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

კომენტარები