ლიდერობა

ლიდერობა და ძალაუფლება

ძალაუფლების ცნება ლიდერობასთან იმდენადაა კავშირში, რამდენადაც იგი წარმოადგენს გავლენის მოხდენის პროცესის ნაწილს. ძალაუფლება არის გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან პოტენციალი. შეგვიძლია ვთქვათ რომ, ადამიანებს აქვთ ძალაუფლება, როდესაც მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვების რწმენაზე, დამოკიდებულებაზე და საქციელზე. მაგალითად, მინისტრები, ექიმები, მწვრთნელები და მასწავლებლები ის ადამიანები არიან, ვისაც ჩვენზე გავლენის მოხდენის პოტენციალი აქვთ. როცა ამ გავლენას იყენებენ, ისინი ძალაუფლებას იყენებენ, რითაც ცდილობენ რაღაც შეცვალონ ჩვენში.

ყველაზე ცნობილი კვლევა სოციალური ძალაუფლების საფუძვლებზე French და Raven-ის (1959) მიერ ჩატარდა. თავიანთ ნაშრომში ისინი ძალაუფლებას განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობის ჭრილში, რომელიც მოიცავს ადამიანს, რომელიც გავლენას ახდენს და რომელზეც გავლენას ახდენენ. ავტორებმა, ძალაუფლების ხუთი ძირითადი საფუძველი გამოყვეს: აღიარება, ექსპერტობა, ლეგიტიმურობა, დაჯილდოების შესაძლებლობა და დასჯის შესაძლებლობა. ძალაუფლების თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველი ზრდის ლიდერის შესაძლებლობას გავლენა იქონიოს სხვების ქცევაზე.

ძალაუფლების ხუთი საფუძველი:

1. აღიარებული ძალაუფლება დამოკიდებულია მიმდევრების მიერ ლიდერის იდენტიფიკაციასა და მის მოწონებაზე. მაგალითად, მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ, ფლობს ასეთ ძალაუფლებას.

2. ექსპერტული ძალაუფლება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მიმდევრები ლიდერის კომპეტენციებს. მაგალითად, გიდი, რომელსაც აქვს ცოდნა უცხო ქვეყნის შესახებ, ფლობს ექსპერტულ ძალაუფლებას.

3. ლეგიტიმური ძალაუფლება ასოცირდება ფორმალურ სამსახურებრივ სტატუსთან და ავტორიტეტთან. მაგალითად, მოსამართლე, რომელსაც სასამართლო დარბაზში განაჩენი გამოაქვს, ფლობს ლეგიტიმურ ძალაუფლებას.

4. დაჯილდოების ძალაუფლება აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია სხვებისთვის გარკვეული ჯილდოს დაწესება. ხელმძღვანელი, რომელიც განსაკუთრებით შრომისმოყვარე თანამშრომლებისთვის ჯილდოს აწესებს, ასეთ ძალაუფლებას ფლობს.

5. იძულების ძალაუფლება აქვთ იმ ადამიანებს, რომელთაც შუძლიათ სხვისი დასჯა. მაგალითად, მწვრთნელს, რომელიც მოთამაშეებს, რომლებმაც ვარჯიშზე დაიგვიანეს სკამზე დასვამს და აღარ ავარჯიშებს.

ორგანიზაციებში, ძირითადად ორი ტიპის ძალაუფლებას ვხვდებით, ესენია: პოზიციური ძალაუფლება და პიროვნული ძალაუფლება.

პოზიციურ ძალაუფლებას ადამიანი მისი ოფიციალური პოზიციიდან გამომდინარე ფლობს. ეს არის გავლენის შესაძლებლობა, რომელსაც ლიდერი მიმდევრებთან შედარებით უფრო მაღალი სტატუსის გამო იძენს. ორგანიზაციაში ვიცე – პრეზიდენტებს და განყოფილების უფროსებს მათ მიერ დაკავებული თანამდებობებიდან გამომდინარე მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე სხვა თანამშრომლებს. პოზიციური ძალაუფლება მოიცავს, ლეგიტიმურ, დაჯილდოების და დასჯის/იძულების ძალაუფლებასაც.

პიროვნული ძალაუფლება არის გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, რომელსაც ლიდერი იძენს, რადგან მიმდევრებს ის მოსწონთ და განსაკუთრებით მცოდნედ მიაჩნიათ. როცა ლიდერები ისეთ ქცევას ავლენენ, როგორიც მიმდევრებისთვის მნიშვნელვანია, ეს მათ ძალაუფლებას ანიჭებთ. მაგალითად, ზოგიერთი მენეჯერი ძალაუფლებას იმის გამო იძენს, რომ მის დამქვემდებარებულ ადამიანებს იგი მისაბაძ, სამაგალითო მენეჯერად მიაჩნიათ.

სხვები კი იმის გამო, რომ მათ განსაკუთრებით კომპეტენტურად ან მზრუნველად თვლიან. ორივე შემთხვევაში, მენეჯერს ამ ძალაუფლებას სხვები ანიჭებენ, იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვებთან ურთიერთობაში. პიროვნული ძალაუფლება მოიცავს რეფერენტულ/აღიარებულ და ექსპერტულ ძალაუფლებას.

ლიდერობაზე საუბრისას, ლიდერებს არც თუ იშვიათად განიხილავენ, როგორც ძალაუფლების მქონე ინდივიდებს, რომლებიც სხვებზე დომინირებენ. ასეთ შემთხვევებში, ძალაუფლებას განიხილავენ, როგორც იარაღს, რომელსაც ლიდერები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ. ამის საპირისპირო მოსაზრებას ავითარებს Burns (1978). იგი ძალაუფლებას ურთიერთობების ჭრილში განიხილავს. მისთვის ძალაუფლება არ არის საშუალება, რომელსაც ლიდერები თავისი მიზნების მისაღწევად იყენებენ. ძალაუფლება ჩნდება ურთიერთობებში და უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ლიდერების, ასევე მიმდევრების მიერ მათი კოლექტიური მიზნების მისაღწევად.

კომენტარები

დიმიტრი მამაცაშვილი
>>ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი<< სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; პოლიტიკური მეცნიერებები/ფსიქოლოგია