მარტინ ლუთერ კინგი

ლეგენდები: მარტინ ლუთერ კინგი

“თუ ადამიანმა არ იცის რისთვის მოკვდებოდა, ის არც სიცოცხლის ღირსია.” – ამბობდა იგი.
ნეტავ თავად რისთვის მოკვდებოდა?
ძნელია მის ცხოვრებას იცნობდე და ამ კითხვაზე პასუხი გაცემა გაგიჭირდეს,რაღა თქმა უნდა:
თავისუფლების,
თანასწორობის,
საკუთარი მორალის და
ადამიანთა უფლებებისათვის.
სამოქალაქო უფლებათა მოძრაობა

“სიბნელე ვერ დაიძლევა სიბნელით, მხოლოდ სინათლეს ძალუძს მისი ძლევა. სიძულვილი ვერ დაიძლევა სიძულვილით– ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.”
მარტინ ლუთერ კინგი 1929 წელს ატლანტაში დაიბადა. რელიგიურ ოჯახში გაზრდილმა თავადაც ეს გზა აირჩია და1954 წელს იგი ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერიში ერთ-ერთი ბაპტისტური ტაძრის პასტორიც გახდა. ამ პერიოდში ამერიკის ქალაქებში  თეთრკანიანთა და შავკანიათა რასობრივი სეგრეგაცია  (დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმა. ნიშნავს კანონის ან წეს ჩვეულების საფუძველზე ეთნიკური ჯგუფების განცალკევება) მიმდინარეობდა, რის გამოც ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო თეთრკანიანთა და შავკანიანთა საზოგადოებებს შორის.
სიტუაცია მას შემდეგ გამძაფრდა, რაც 1955 წელს შავკანიანმა ქალბატონმა, კერძოდ, როზა პარკსმა, უარი თქვა ავტობუსში ასული თეთრკანიანებისათვის ადგილი დაეთმო,  რის გამოც იგი რამოდენიმე დღით დააპატიმრეს და ჯარიმა დააკისრეს.
ალბათ, სამართალდამცავები ვერც კი წარმოიდგენდნენ,რომ ეს ერთი შეხედვით “ჩვეულებრივი ქმედება” ამერიკაში “სამოქალაქო უფლებათა მოძრაობის” დაწყებას დაუდებდა სათავეს. მოძრაობას კი სათავეში ქალაქის ახალგაზრდა პასტორი, დოქტორი მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი ჩაუდგა.
“გვირჩევნია ფეხით ვიაროთ, ვიდრე ამ ფაქტს შევეგუოთ” – განაცხადა მან და პროტესტის გამოხატვაც დაიწყო. შავკანიანები, ავტობუსებში თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ სხდებოდნენ. პროტესტმა შედეგი გამოიღო და ქალაქში თანასწორობა აღსდგა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა.
მალე სამოქალაქო უფლებათა მოძრაობამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და თავის პიკს 1963 წლის 23 აგვისტოს მიაღწია,როდესაც მარტინ ლუთერ კინგმა ვაშინგტონში 250 000 ამერიკელის წინაშე წარმოსთქვა ისტორიული სიტყვა: “მე მაქვს ოცნება.” ეს არ ყოფილა მხოლოდ რასობრივი ბრძოლა, ფაქტია,რადგან მისი აუდიენციის 25% თეთკანიანი იყო. მხოლოდ მარტინ ლუთერ კინგისადმი რწმენამ აიძულა ეს უამრავი ადამიანი 8 საათის განმავლობაში ემგზავრათ ავტობუსით, აგვისტოს მწველი მზის ქვეშ მდგარიყვნენ და ადამიანთა უფლებების დასაცავად ებრძოლათ.
დოქტორ კინგს სჯეროდა,რომ ადამიანთა უფლებებისათვის ბრძოლის მიზანი ძალისმიერი მეთოდებით არ მიიღწეოდა:
 “ამბოხებები ანგრევს და აკნინებს საზოგადოებას. ძალადობა არ უნდა მომდინარეობდეს ჩვენგან, რადგან თუ ჩვენზე ძალა გაიმარჯვებს, მაშინ ყველა მცდელობა ამაო იქნება.”
“ჩემი აზრით შესაძლებელია იყო ბრძოლის მომხრე, თუმცა არ იყო სასტიკი. მე ბრძოლისუნარიანი ვარ და ბრძოლისუნარიანობა ნიშნავს მიზანდასახულობას, სიმტკიცეს, პრინციპულობას,სამართლიანობას…”
მისმა ბრძოლისუნარიანობად და პრინციპულობამ აქაც გამოიღო თავის შედეგი.  მისი მშვიდობისმოყვარე ბუნება მსოფლიომ დააფასა და “არაძალადობის ფილოსოფიისათვის” ლუთერ კინგმა  1964 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა მშვიდობის დარგში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი,რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
ვიეტნამის ომი 
ლოიალურობა ქვეყნის მიმართ არ უნდა გაიზომოს ჩვენი შესაძლებლობებით, თუ რამდენი ადამიანის მოკვლა შეგვიძლია. ვფიქრობ, ჩვენი ლოალურობა ქვეყნის მიმართ უნდა გაიზომოს დემოკრატიის შენების პერსპექტივით,სამართლიანობითა და ჰუმანურობით.”
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა,რომლის წინააღმდეგაც დოქტორი მარტინ ლუთერ კინგი გამოდიოდა ვიეტნამის ომი იყო. იგი მოუწოდებდა ამერიკელ ჯარისკაცებს, რომ ეს სისხლიანი ომი და უაზრო ომი შეეწყვიტათ და ქვეყნიდან დროულად გამოსულიყვნენ. თავდაპირველად კინგის მოსაზრებას ამერიკელთა მხოლოდ 21 პროცენტი უჭერდა მხარს, შემდეგ კი ეს რიცხვი 48%-მდე გაიზარდა, თუმცა თავდაჯერებულ პასტორს მისი აზრის მომხრეთა რიცხვი ნაკლებად ადარდებდა, რადგან იცოდა, რომ მის მიზანს მშვიდობისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა წარმოადგენდა.
“ვფიქრობ,რომ ადამიანი რომელსაც სინდისი აქვს, ვერასოდეს იქნება ერთპიროვნული ლიდერი. ის არ დაიწყებს გამოსვლასს იმისათვის,რომ ყველა დაეთანხმოს,საბოლოო ჯამში კი მან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. ყოველთვის ვამბობ,რომ ადამიანი იმით არ უნდა ფასდებოდეს როდის არის მისთვის ხელსაყრელი გარემო, არამედ უნდა ფასდებოდეს რთული პერიოდისა და წინააღმდეგობის დროს და მე ჩემს აზრს მაინც არ გადავუხვევ თუნდაც უმრავლესობა არ მეთანხმებოდეს. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს.”
“ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც სიკეთისთვის ხელშეწყობა” – ამბობდა ლუთერ კინგი და განაგძობდა თავის გამოსვლებს, თუმცა სამწუხაროდ, ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე კარგად სრულდება, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე – დოქტორი მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი, 1968 წელს ქალაქ მემფისში,სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. იგი მხოლოდ 39 წლის გახლდათ.
4motivi.com

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

“თუ ადამიანმა არ იცის რისთვის მოკვდებოდა, ის არც სიცოცხლის ღირსია.” – ამბობდა იგი. ნეტავ თავად რისთვის მოკვდებოდა? ძნელია მის ცხოვრებას იცნობდე და ამ კითხვაზე პასუხი გაცემა გაგიჭირდეს,რაღა თქმა უნდა: თავისუფლების, თანასწორობის, საკუთარი მორალის და ადამიანთა უფლებებისათვის. სამოქალაქო უფლებათა მოძრაობა “სიბნელე ვერ დაიძლევა სიბნელით, მხოლოდ სინათლეს ძალუძს მისი ძლევა. სიძულვილი ვერ დაიძლევა სიძულვილით– ეს მხოლოდ სიყვარულს […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი