„კიდევ რა უნდა ვთხოვო ღმერთს, მდიდრული კაბა? არა ! ახლა,მე ამის გარეშეც ბედნიერი ვარ“

 1.  ჩემს მოთხრობებში არაერთხელ მითქვამს,რომ მძიმე ეკონომიკურ პირობებში ვიზრდებოდი. ჩემს ოჯახს ხელმოკლედ უწევდა ცხოვრება, ყველგან, ბებოს ნაქონი შავი პალტო მეცვა,რომელიც მუხლამდე მწვდებოდა. ჩაცმულობის გამო, დამცინოდნენ კიდეც კლასელები. ამბობდნენ,რომ ფილმის „ანგელოზების ქალაქის” მთავარ პერსონაჟს – სემს ვგავდი. სემი კი კაცი იყო, თანაც ანგელოზი და ძალიან გრძელ, შავ, პალტოს ატარებდა. მე კი, ჩემი და სემის სევდა  დღემდე მახსოვს. თუმცა ახლა რომელი ბრენდის სამოსიც არ უნდა შევიძინო, არასდროს მავიწყდება ფრთები, რომელიც ბავშვობაში ღმერთმა ჩემი სიღატაკის დასაფარად მომცა.

2.  ერთ დღეს მივხვდი,ფრინველებს,ყვავილებს და მთებსაც შეუძლიათ ფიქრი.სხვაგვარად ძალიან  გაუჭირდებოდათ ამქვეყნად ყოფნა.ზამთარში მიწაში ჩაყუჟულ ენძელებს,ოცნებებით აქვთ  გონება სავსე. ფრინველები კი, როდესაც თბილ ქვეყნებში მიფრინავენ,საზღვარი ჯერ გადაფრენილიც არა აქვთ,უკვე სამშობლოში დაბრუნებაზე იწყებენ ფიქრს.სამყაროში ყველაფერი შექმნილია  ფიქრისთვის და სიყვარულისთვის.

3. ჩემი ოცნება იყო  ამეშენებინა ტყის პირას  სახლი. არა,მე არ მეშინოდა მგლების. ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩემმა მეუღლემ  ამისრულა ეს ოცნება. ხეებთან ახლოს დავდგით პატარა,მყუდრო სახლი. სადაც შემეძლო განმარტოება და მოთხრობების წერა. ჩემი სახლის წინ კი მოედინებოდა ულამაზესი მდინარე. მთები კი ზამთარ-ზაფხულ  ნისლში იყვნენ   ჩაძირული.მე  ყოველ დილით, ჩემი სახლის აივანზე მივირთმევდი ცხელ რძეს და ვუყურებდი,როგორ მიერეკებოდნენ მწყემსები  ცხვრებს შორეულ სიღრმეებში.ვფიქრობდი,კიდევ კარგი არსებობენ  ფიქრები,თორემ სხვაგვარად მარტოობას ვერ გაუძლებდნენ მწყემსები მთებში.

 4.ამბობენ სახლი თავშესაფარია,სადაც  შეგიძლია ქალაქის ხმაურისგან დაისვენო,  ჩაწვე ლოგინში თბილად,თავზე მოიხვიო შალის პლედი და  საკუთარ ფიქრებში ჩაიძირო. ამიტომ  ადამიანის სახლის სახურავზე აუცილებლად უნდა ისმოდეს წვიმის წვეთების ხმა. ბუხარში ენთოს  ცეცხლი და გიზგიზებდნენ ნაკვერჩხლები.ასეთი წუთები ადამიანს ეხმარება გახდეს უკეთესი და  შეუკეთოს ბუხარში  თავისი ნიღბების აცმა. ამიტომ სამყაროში ყველაფერს ჭირდება საკუთარი ჭერი. მე როდესაც სახლს ვალაგებ, არასდროს ვერჩი ობობის ქსელებს.მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ თავიანთი აბლაბუდები.

 5. “ადამიანი ძალიან რთული არსებაა”- გაიფიქრა ღმერთმა. “ზოგჯერ ბედნიერია, ზოგჯერ კი ჩაკეტილია თავის თავში და გლოვობს და დასტირის თავის თავს.ვერ ამჩნევს მის ირგვლივ მშვენიერ  ბუნებას. ყურადღებას არ აქცევს  ხეებს და მთებს. ისე იქცევა ვფიქრობ,  მასაც ენატრება ჩემთან საუბარი.”

6. ისე უნდა იცოცხლო, ერთ ადამიანს მაინც ახსოვდეს, რამდენ კოვზ შაქარს იყრი ფინჯან ჩაიში.

8.პირველად რომ მოვხვდი იტალიაში და ტურისტების ჯგუფს  გავყევი კოლეზიუმის მოსანახულებლად, ძალიან ბედნიერი ვიყავი.ჩემი ოცნება ახდა,მე ვმოგზაურობდი.შემდეგ ქუჩაში ხეტიალისას   დამაღამდა. ცაზე კი ძალიან ლამაზი, ნარინჯისფერი მთვარე ამოცურდა. შემდეგ პარიზში მოვხვდი.ამ ქალაქმაც აღმაფრთოვანა.წლების შემდეგ ესპანეთსაც ვესტუმრე და მივხვდი: სამყაროში ყველა ქალაქს  ჰყავს თავისი ციური მნათობები. ყველა ქალაქს  აქვს  თავისი ცა და ჰყავს საკუთარი ჩიტები და ადამიანები.

9. ალბათ არაფერია იმაზე მაგარი,როდესაც დედამიწის გარშემო მოგზაურობ. ეცნობი სამყაროს სხვადასხვა ცივილიზაციას და აღმოაჩენ,რომ შენც ზუსტად იმდენი წლის ხარ,რამდენი წლისაც არის  დედამიწა.საოცარი შეგრძნებაა,როდესაც შენს თვალწინ იშლება  დოკუმენტურ ფილმებში ნაჩვენები  ულამაზესი პეიზაჟები.გაოცებული უყურებ ჩანჩქერს,რომელიც უშველებელი მთიდან ეცემა ძირს.უცნობ ფრინველებს აყოლებ  მზერას.ლონდონის ნისლიან პარკში  სეირნობ ფეხით  და იქაურ ხეებს  უყვები აქაური ტყეების ამბებს.გაგიჟება შეიძლება.

10.   ვფიქრობ, თითოეული ადამიანის ბუნებაში არის ჩახატული ხეები,მთები, მშვენიერი პეიზაჟი და წვიმის წვეთები. ადამიანში თავმოყრილია მთელი მსოფლიო,უბრალოდ შენ უნდა შესძლო აღმოაჩინო ქალაქები საკუთარ თავში.უნდა იცოდე ხარ რომი, თუ ვენეცია,ბუდაპეშტი თუ საქართველოს ნისლიანი მთები. მაგალითად მე ევროპის მრავალ ქვეყანაში მიმოგზაურია.ზოგჯერ მეგონა ვენეცია ვიყავი,ზოგჯერ ბრაზილიის რომელიმე გარეუბანი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი,მე ჩემი მშობლიური მხარე ვარ –   ჩემი ქუთაისი.

11. იმისთვის,რომ იოცნებო სულაც არ არის თვალების დახუჭვა აუცილებელი.ადამიანები ყველაზე ბევრს მაშინ ოცნებობენ,როდესაც დრო არ რჩებათ განმარტოებისთვის,უამრავი წვრილმანი საქმე აქვთ მოსაგვარებელი და  თვალებიც  აქვთ ძალიან ფართოდ გახეხლილი.

12. ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ კლდეებს და მთებს თუ ინახულებენ, თუ გააყოლებენ ჩიტებს  სევდიან თვალებს, თავზე თუ გადაუსვამენ ყვავილებს  ხელს,თავისუფლებას იპოვიან. ამ შემთხვევაში ისინი მართლები არიან.

13. ერთ საღამოს,როდესაც მხარზე პლედი მქონდა მოხვეული და  აივანზე გაზაფხულის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი, ვფიქრობდი, მე უკვე 70 წლის ვარ. ღმერთმა კი ყველაფერი მომცა, ჩემი ყველა ოცნება ასრულდა. ალბათ უკეთესი წარმოსახვა რომ მქონოდა და უფრო  გასაოცარი სურვილები მეთხოვა ღმერთისთვის, გულს არ დამწყვეტდა სამყარო  და ყველა ნატვრა ამისრულდებოდა. ეს რომ გავიფიქრე,  მოვავლე სამყაროს  თვალი. ახლა  75  წლის ვარ. ვიცი,  სიცოცხლე ღმერთის საჩუქარია. ღმერთმა ხომ ყველა ნატვრა ამისრულა. მწერალი გავხდი. ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი და მყავს ორი უსაყვარლესი შვილი და 5 შვილიშვილი.  ამასთანავე ნამდვილი მოგზაური ვარ. ბევრ ქვეყანაში ვმოგზაურობ. მესმის ბალახების და ყვავილების ენა. გულიც კარგი მაქვს. ადამიანების გარეშე ვერ ვძლებ. ძალიან მიყვარს მოყვასი. შემიძლია მათი უანგარო სიყვარული. შემიძლია მივიდე  უცხო ადამიანთან და  ვთხოვო  ერთმანეთს მოვეხვიოთ. ამიტომ სხვა რა უნდა ვთხოვო ღმერთს? მდიდრული კაბა თუ უკვდავება? არც ერთი აღარ მჭირდება ახლა. მე ამის გარეშეც ბედნიერი ვარ. თუმცა  ჯერ  ხომ  მთელი ცხოვრება   წინ მაქვს. ამიტომ კიდევ გავაგრძელებ ოცნებას    და  სულმოუთქმელი დაველოდები, როდის ამოსრულდება თითოეული ნატვრა.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

 1.  ჩემს მოთხრობებში არაერთხელ მითქვამს,რომ მძიმე ეკონომიკურ პირობებში ვიზრდებოდი. ჩემს ოჯახს ხელმოკლედ უწევდა ცხოვრება, ყველგან, ბებოს ნაქონი შავი პალტო მეცვა,რომელიც მუხლამდე მწვდებოდა. ჩაცმულობის გამო, დამცინოდნენ კიდეც კლასელები. ამბობდნენ,რომ ფილმის „ანგელოზების ქალაქის” მთავარ პერსონაჟს – სემს ვგავდი. სემი კი კაცი იყო, თანაც ანგელოზი და ძალიან გრძელ, შავ, პალტოს ატარებდა. მე კი, ჩემი და სემის სევდა  დღემდე […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

დადუნა ნადარაია
მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.