მოტივაცია

იყავი მუდმივად მოტივირებული

ცხოვრება სირთულეებთან მუდმივი ბრძოლაა. ლტოლვა ბედნიერებისაკენ, მცდელობა უკეთესის მიღწევისა და კეთილდღეობის მაქსიმალურად გაზრდისა. არც ერთი გზა, რომელიც წარმატებამდე მიდის, არასდროსაა ისეთი ია-ვარდით მოფენილი, როგორადაც მას, განვითარების საწყის ეტაპზე ახალგაზრდები სახავენ, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც მათ „ვარდისფერი სათვალეებიდან“ უწევთ სამყაროს აღქმა.

ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს პერიოდები, რომლებიც სავსეა იმედგაცრუებითა და წარუმატებლობით. წარუმატებლობას ასაკი არ აქვს. ყველაზე უფრო რეალიზებული ადამიანიც კი შეიძლება ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, რომელიც საბოლოო ჯამში, ხშირ შემთხვევაში, მძიმე ფსიქოლოგიურ ტრამვასაც გვიტოვებს. რა, ან სად არის გამოსავალი, როდესაც ყველაფერი დამთავრებული და დაკარგული გვგონია, რას შეუძლია გვიხსნას უიმედობისგან, როდესაც იმედის ბოლო ნაპერწკალიც კი წარუმატელად ჩაიფერფლა?!

უკეთესი ცხოვრების რწმენა, ხვალინდელი დღის იმედი, მოტივაცია ცვლილებისა და განახლებისა, სწორედ ესაა გამოსავალი ყველაზე დიდი წარუმატებლობიდანაც კი.

ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ცხოვრებისეული გამოცდების წინაშე გვიწევს ყოფნა და როდესაც შევძლებთ გადავლახოთ გზად არსებული დაბრკოლებები, სწორედ მაშინ ვიგემებთ ნამდვილი გამარჯვების გემოს. ჰენრი ბიჩერი სამართლიანად შენიშნავს, რომ „საუკეთესო წარმატებები ადამიანის ცხოვრებაში დაკარგული რწმენისა და წარუმატებლობების შემდეგ მოდის“.

ხშირად ამბობენ, რომ „იღბალი კეთილგანწყობილია გამდებავი ადამიანებისადმი“. გამბედაობას კი ხშირ შემთხვევაში მოტივაცია სჭირდება, რადგან ადამიანების უმრავლესობა ერიდება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩენას, როდესაც დიდი რისკის გაწევაა საჭირო, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც გოეთე აბობდა: „მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი, ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა შევძლოთ გაკეთებაც“.

შესაძლებელია პატარა წარმატებები დიდი მიღწევების საფუძველიც გახდეს, თუ კი ადამიანი მოტივირებულია, რომ მას შეუძლია გახდეს უკეთესი, თუ კი მას განსაზღვრული აქვს, რა შეუძლია, რა მიზნის მიღწევას აპირებს და რა ნაბიჯების გადადგმა სჭირდება ამისათვის. და თუნდაც მოტივაცია დიდი იდეალების მიღწევას არ ემსახურებოდეს, ყოველდღიურ ცხოვრებაში იგი მაინც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია თითეული ადამიანისათვის. პატარა საქმეც, კი რომლითაც შეიძლება დღეს დაკავებული ვართ და რომელსაც სიყვარულით, ან სიამოვნებით ვაკეთებთ, ჩვენგან დაუღალავ ენერგიას, ენთუზიაზმს და მოტივაციას მოითხოვს, რათა შუა გზაზე არ იქნას მიტოვებული.

პიტერ დევისი ამბობს, რომ „მოტივაცია ტვინის საკვებს ჰგავს, შენ არ შეგიძლია საკმარისი მიიღო ერთი ხელის მოსმით. მას სჭირდება ხანგრძლივად და რეგულარულად შევსება.“

მართლაც მოტივაცია თითეული ჩვენგანის ყოველდღიური თანმდევი უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ის ადამიანები იმარჯვებენ, რომლებიც წარუმატებლობების შემდეგ კვლავაც არ კარგავენ ენთუზიაზმს და აქვთ იმედი, რომ მომავალი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე აწმყო და წარსული.

ნუ მოუსმენთ პესიმისტებს, ნუ ჩაიქნევთ ხელს, ნუ გახდებით წამიერი სისუსტის ტყვე, არ დაუშვათ ერთმა, ორმა, თუნდაც ათმა წარუმატებლობამ მიზნები და იდეალები შეგაცვლევინოთ, გაიხსენეთ ადამიანები, რომელთა გზაც შთაგაგონებთ, გაიხსენეთ მათი სიტყვები, თითეული მათგანი მოტივირებულია თქვენს სარგებელზე, თითეული ჩვენგანის ხმას, ოცნებას შეუძლია სამყაროს გაუმჯობესება. ხომ შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ. იყავით ძლიერები. „ცხოვრება არც ერთ ჩვენთაგანს არ დაგველოდება“ მეგობრებო!

გამოგზავნი/ავტორი: ნანა ბერუაშვილი

კომენტარები