იქნებ უბრალოდ შევხედოთ ერთმანეთს და არ მოვძებნოთ ერთმანეთის ნაკლი

0

ვაკვირდებით, ისევ ვუყურებთ, უფრო ვაკვირდებით, მერე კი აუცილებლად ვაკრიტიკებთ. ხანდახან მგონია, რომ ტროტუარზე, ავტობუსში, შუქნიშანთან, ლექციაზე ადამიანები კი არა დიდი თვალები მხვდებიან. ისინი ყველაზე ზუსტად ჰყვებიან პატრონების ამბავს.

აი, გუშინ, მაგალითად, შემხვდა მრავალნაოჭიან ფოსოში ჩასმული მწვანე თვალი. მან ჯერ მე შემომხედა, მერე- პატრონის ძარღვებსდამჩნეულ ხელს, სამათხოვროდ გამოწვდილს. მწვანე თვალმა მომიყვა ამბავი, პატარა ამბავია, სულ 3 სიტყვა: ,,მიჭირს, დამეხმარეთ, ვკვდები.“ მერე შევხვდი პატარა პუტკუნა გოგოს ლურჯ თვალებს, რომელიც ხარბად იყურებოდა საცხობის შემინული ვიტრინაში. მისი პატრონის ამბავი უფრო მოკლე იყო: ,,მშია!“. გაჩერებაზე შავი თვალები შევნიშნე, მისი პატრონი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც ისე ხშირად ინერწყვებოდა, ეს თვალები პავლოვის ექსპერიმენტის მონაწილე ძაღლის თვალებს უფრო ჰგავდა. ის დროდადრო ბილწად შეუკურთხებდა ვიღაცას: პეტრეს, პავლეს, ივანეს… ბიჭის ამბავიც მოკლე იყო: ,,მე უზრდელი ვარ!“ . მერე მოვიდნენ ლექტორის ჭკვიანი თვალები, რომელმაც მითხრა, რომ ორგვარი სიბნელის ეშინიათ მხოლოდ: სიბნელის ოთახში და უფრო მეტად კი სიბნელის ადამიანში.

კაფეში შესულს 50 წელს გადაცილებული კაცის ცისფერი თვალები დამხვდა, რომელიც გვერდით მჯდომ თაფლისფერთვალებიან ქალს არ შორდებოდნენ. ისინი ერთმანეთის თითებს ეთამაშებოდნენ. თვალებს ჩემთვის ამბის მოსაყოლად არ ეცალათ, თუმცა ისედაც აშკარა იყო ყველაფერი: მათ პატრონებს ერთმანეთი უყვარდათ…

big1

არიან თვალები დაჟუნებული მზერით, რომლებიც გაგრძობინებენ, რომ შენი შილიფი ჩაცმულობა გაზაფხულის მზიან დღეს თითქოს ზედმეტად გამომწვევია, არადა კაბა მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით სცდება მუხლის თავს, პერანგის ღილები კი მთლიანად ფარავენ გულ-მკერდს. ისეთი დაჟინებული მზერაც არის, ზუსტად იგივეს რომ იმეორებს, რასაც პატრონის ხმა (თანაც რიტმში, გარითმვით): ,,გადმოაწოდეთ ბარათები, ავიღოთ ბილეთები!“. ეს მზერა კონტროლიორისაა.

კიდევ არიან თვალები ,,კრიტიკოსები“, რომლებიც ყველაფერს დეტალურად გიმოწმებენ: თმის გაყოფილი ბოლოდან დაწყებული და ფეხსაცმლის დასვრილი ქუსლით დამთავრებული.

მერე გბეზრდება ამდენი თვალი და ფიქრობ, იქნებ უბრალოდ შევხედოთ ერთმანეთს, არ მოვძებნოთ ერთმანეთის ნაკლი, არ ვუკირკიტოთ სხვების ჩაცმულობას. იქნებ უბრალოდ ხურდა გავუნაწილოთ ძარღვებდამჩნეული ხელების პატრონს მწვანეთვალება მოხუცს, იქნებ ფუნთუშა გავუყოთ პუტკუნა გოგონას, რომელიც საცხობის შემინულ ვიტრინაში იყურება. არ ავყვეთ შავთვალება ,,ვაჟკაცს“ ქუჩაში გამვლელების ფეხებთან გადანერწყვებაში. იქნებ დავუჯეროთ ლექტორის ჭკვიან თვალებს, რადგან სიბნელე ადამიანში უფრო საშიშია, ვიდრე ოთახში. და კიდევ, კონტროლიორსაც დავუჯეროთ, გადავაწოდოთ ბარათი და ავიღოთ ბილეთი. აი, ასე…

კომენტარები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების, მე-3 კურსის სტუდენტი, ბლოგერი. "ოთხი მოტივის" გუნდის წევრი.

Leave A Reply