ილია მეორე

ილია მეორე – საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება

საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა დღეს კატეგორიულ აზროვნებაზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან საუბარი ისე, რომ ეს ჩხუბში არ გადაიზარდოს.

“გიფიქრიათ, ბზობა, გოლგოთა, აღდგომა და ამაღლება რატომ არის ერთმანეთთან ახლოს და რატომ ცვლის ერთმანეთს? სიხარულს ძლიან ხშირად მწუხარება მოსდევს, მწუხარებას – სიხარული. ასე იცვლება სიხარული და მწუხარება ერთმანეთში. ძველი რომაელები ამბობდნენ: ადამიანი ადამიანისთვის მგელია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ იყოს და იყოს ძმა და მეგობარი?! ერთ დიდ პიროვნებას ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არისო. ის დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნება არისო, როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის არის მართალი და ყველა მტყუანი, როცა სიმართლეს ხედავს მხოლოდ თავის თავში, თავის მოქმედებაში და აზროვნებაში. საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება. აი ეს ქმნის გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისებაა, როცა ადამიანს შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს. უდიდესი დადებითი თვისებაა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს, რომ ის არ იყო სწორი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ შენში არ არის ჭეშმარიტება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საუბარი არ უნდა გადაიზარდოს უხეშ კამათში, არ უნდა გადაიზარდოს ყვირილში და მტრობაში. რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუკი მეგობარს დაჰკარგავ? ვეცადოთ ადამიანი ადამიანისათვის იყოს ძმა და მეგობარი”, – მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

წყარო

კომენტარები