დოსტოევსკის წერილი ძმას კატორღიდან — “წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები!”

0

გენიალური მწერლის, თეოდორ დოსტოევსკის ცხოვრება უსაზღვრო ტრაგიზმით განმჭვალული, სევდისა და ტკივილების ქარ-ცეცხლში გახვეული ერთი დიდი დრამაა.

დიდმა მწერალმა 4 მტანჯველი წელი დაჰყო ციმბირის კატორღაში, სადაც გაუსაძლისი პირობების და ძლიერი ფიზიკური დატვირთვის გამო დასნეულდა; მწერალს ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს.

თეოდორის სულიერი მდგომარეობა ნათლად ჩანს წერილში, რომელიც კატორღიდან ძმას მისწერა:

“ძმაო, საყვარელო მეგობარო ჩემო… არ გავზარმაცებულვარ, არც სულიერად დავცემულვარ, ცხოვრება ყველგან ცხოვრებაა, ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენს გარშეო. იყო ადამიანთა შორის და დარჩე ბოლომდე ადამიანად, არ გაზარმაცდე, არც სულიერად დაეცე – ეს არის ჩემთვის ცხოვრება, ეს არის ცხოვრების აზრი, ეს იდეა ღრმად გაჯდა ჩემში.

დიახ! მართალია, ის თავი, რომელიც ქმნიდა, ცხოვრობდა უმაღლესი ხელოვნებით, რომელმაც შეიცნო და შეეგუა სულის ამაღლებულ მოთხოვნილებებს, ის თავი უკვე მოკვეთილია ჩემი მხრებიდან. დარჩა მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილი ჯერ კიდევ განუხორციელებელი ხსოვნა და გამოსახულებები. ისინი დამასნეულებენ, მართლა! მაგრამ ჩემში დარჩა ისევ ის გული, ისევ ის სისხლი და ხორცი, რომელთაც ასევე ძალუძთ უყვარდეთ და იტანჯებოდნენ, სურდეთ და ახსოვდეთ, ეს კი ცხოვრებაა. On voit le soleil!

ღმერთო ჩემო! რამდენი იერსახე ჩემ მიერ გამოძერწილი, ახლიდან შექმნილი, ჩაქრება ჩემს გონებაში ან საწამლავად ჩაიღვრება სისხლში. წერას თუ ვერ შევძლებ, დავიღუპები! უმჯობესია თხუთმეტი წელი ვიჯდე, ოღონდ ხელში კალამი მეჭიროს.

ნუ წუხხარ ჩემთვის, ღვთის გულისათვის! იცოდე, რომ არ ვარ ნაღვლიანი, გახსოვდეს, რომ ჩემში იმედი არ მომკვდარა, ოთხ წელიწადში შემსუბუქდება ბედი, რიგითი ვიქნები – ეს კი ტუსაღზე უკეთესია, და გაითვალისწინე, რომ ოდესღაც ჩაგეხუტები! ხომ ვიყავი დღეს სიკვდილის წინაშე? – საათის სამი მეოთხედი ამაზე ფიქრში გავატარე, უკანასკნელ საზღვრამდეც მივედი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვცხოვრობ!

თუ ვინმეს ბოროტად ვახსოვარ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა უდევს გულში, ყველას უთხარი, რომ დაივიწყონ, მაპატიონ. არ არის ჩემს სულში ბოროტება და წყენა. ეჰ, როგორ გადავეხვეოდი და მეყვარებოდა ნებისმიერი ჩემი წარსულიდან აქ.

როგორც კი უკან მოვიხედავ, მეფიქრება თუ რამდენი დროა გაფლანგული, რამდენი დრო დაიკარგა გზააბნეულობაში, შეცდომებში, სიცოცხლის არცოდნაში, როგორ არ ვუფრთხილდებოდი მას. რამდენჯერ შემიცოდავს საკუთარი გულისა და სულის წინაშე, გულიდან სისხლად გადმომდის ეს ყოველივე. ცხოვრება საჩუქარია, ცხოვრება ბედნიერებაა, ყოველი წუთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე.

ახლა ყველაფერს ვშორდები, რაც კი ნაზი იყო, ძნელია მოსწყდე ამ ყოველივეს, ძნელია გატეხო საკუთარი თავი“.

წყარო: presa.ge

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply