გულთამხილავის მსჯავრი – ნიკო ლორთქიფანიძე

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.
უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
– იცოდით ნება ჩემი?
– ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება ზეპირათ ვიცი
საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
– შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
– არ ვიცი, არ წამიკითხავს.
– შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა.
– გზითა მართლითა ვიდოდი საპყართა განვიკითხავდი მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, –
მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
– შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
– არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.
– შეასრულე ათი მცნება? – განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
– დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! – მიუგო პირველმა.
მეორე ისევ სდუმდა.
– შენ?
– რა?
– მოგიკლავს ადამიანი?
– არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.
– გითქვამს ტყუილი?
– ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი… ბევრი.
– გიმრუშია?
– არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!
– გიგმია ღმერთი?
– არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.
– თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?
– ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი – ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.
ყველა დადუმდა.
– რა გსურთ ახლა? – დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
– განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! – საჩქაროთ უპასუხა პირველმა.
მეორე სდუმდა.
– შენ?
– ნუ მათქმევინებ – გარისხდები, უფალო!
– მოგენიჭოს! – ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.
მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან
კი ისმოდა ქნარის ხმა.
– მე რაღა, უფალო? – შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
– შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი
იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.
1913 წ.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა. უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა. – იცოდით ნება ჩემი? – ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა. მეორე სდუმდა. – შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი. – არ ვიცი, არ წამიკითხავს. – შეასრულეთ ნება ჩემი? […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი