გალაკტიონის დაბადების დღიდან დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია

ნოდარ დუმბაძე გალაკტიონის შესახებ

გალაკტიონი ის პოეტია, რომელიც ვერ შემაძულა სასკოლო ქრესტომათიამ და რომლის ხელახლა შეყვარება არ დამჭირვებია ათწლედის დამთავრების შემდეგ. იგი მუდამ ჩვენთან იყო, მას ხატივით თავისი კუთხე ჰქონდა მიჩენილი ჩვენს სახლში და ჩემთვის უზომოდ დიდი ბედნიერება იყო, მისსავე ხატთან, მაგიდაზე გაშლილ მისსავე წიგნში ლოცვასავით სუფთა და წმინდა ლექსების კითხვა.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი

ან

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,

ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები…

დანაშაული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, ხანდაზმულია და ამიტომ ვბედავ გამხელას: 1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე ზედ – ჩემი გალაკტიონი!

ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან „მზიან ღამეში აღვწერე.

კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი.

ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი.

გამარჯობა ძამიკო! –მომესალმა ზურგსუკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო ( ამ დროისთვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი.)

გამარჯობათ, ბატონო გალაკტიონ!

ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?– ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.

წამოდი ძამიკო ჩემთან! – გაკალტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.

იმ წიგნის საყიდლად ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:

ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად.

… და მართლაც, რა უზენაესი ბედნიერებაა, როდესაც გალაკტიონს ქართულად კითხულობ და რა უბედურებაა, როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად.

მე თუ მკითხავენ, ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზედ აღზევებული.

დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ნოდარ დუმბაძე გალაკტიონის შესახებ გალაკტიონი ის პოეტია, რომელიც ვერ შემაძულა სასკოლო ქრესტომათიამ და რომლის ხელახლა შეყვარება არ დამჭირვებია ათწლედის დამთავრების შემდეგ. იგი მუდამ ჩვენთან იყო, მას ხატივით თავისი კუთხე ჰქონდა მიჩენილი ჩვენს სახლში და ჩემთვის უზომოდ დიდი ბედნიერება იყო, მისსავე ხატთან, მაგიდაზე გაშლილ მისსავე წიგნში ლოცვასავით სუფთა და წმინდა ლექსების კითხვა. დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი