ცვლილებები

გადაწყვიტე შეცვალო შენი ცხოვრება?! ეს უნდა იცოდე!

ჩემო ძვირფასო მეგობარო!

თუკი შენ გადაწყვიტე არ „გეძინოს“, იარო განსხვავებული, მაგრამ ნამდვილად შენი გზით, იპოვო საკუთარი თავი, საკუთარი გზა, შექმნა შენი წილი ფასეულობა სამყაროში, მაშინ ეს პოსტი შენ გეძღვნება, რადგან მე ძალიან ვაფასებ შენნაირ ადამიანებს! შენ ეძებ – ე.ი. შენ იმსახურებ განსხვავებულ ცხოვრებას…

რა ხდება, როდესაც გადავწყვეტთ „ვიაროთ ჩვენი გზით“?!

შინაგანი ცვლილებები

შენ გაიღვიძე, გაიღვიძა შენმა ცნობიერებამ… ბუნებრივია, ახლა სამყაროს სხვა თვალით უყურებ, აკვირდები ყველას, ყველაფერს, განსაკუთრებით კი საკუთარ შეგრძნებებს. ამ სიახლეს რაღაცნაირი ეიფორიის განცდა დაყვება… გიჩნდება ახალი ხედვა და მიზნები, ეძებ ახალ შესაძლებლობებს, ილტვი გაუკვალავ ბილიკებზე გავლისკენ… იცვლება შენი გამომეტყველებაც – უფრო მეტად ჩაფიქრებული და აზრიანი ხდება… იცვლება შენი ხასიათი, დამოკიდებულება ადამიანებისა და მოვლენების მიმართ. თითქოს უფრო მაღალ განზომილებაში ხედავ ყველაფერს. გრძნობ ენერგიისა და ენთუზიაზმის მოზღვავებას და ეს გცვლის თავიდან ბოლომდე, გინდა, რომ სხვებსაც „აუხილო თვალი“, გამოიყვანო ცნობიერი ძილიდან… გრძნობ, როგორ დაიმსხვრა ხუნდები და შენმა ფრთები ასაფრენად ემზადება, ერთი სული აქვთ გაგანავარდონ…

გარემოცვის რეაქცია

გიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე – თქვი უარი სტანდარტულ, საყოველთაოდ აღიარებულ და გატკეპნილ გზაზე, იდეებზე და გინდა სრულიად შეცვალო შენი ცხოვრების სტილი… თუმცა, რაგინდ უცნაური იყოს, გარემოცვა იშვიათად ხვდება ასეთ სიახლეს გაშლილი ხელებით. ისინი მიგეჩვიენ ისეთს, როგორადაც აქამდე გიცნობდნენ და უჭირთ შენს ახალ იდეებთან ადაპტაცია. მეტიც, ისინი ინსტინქტურად ცდილობენ „დაგაბრუნონ საწყის მდგომარეობაში“, გარიგებენ ჭკუას, დაუსრულებლად გაძლევენ რჩევებს, რომელთა უმეტესობა არასოდეს გაუთვალისწინებიათ და გრძნობ, როგორ გიფუჭდება განწყობა. გიკვირს, რატომ არის ასე ძნელი მათთვის შენი ახლებური ცხოვრების სტილი – შენ ხომ უკეთესობისკენ მიიწევ. შემდეგ აკვირდები, რომ იზრდება შენი დისკომფორტის განცდა იმ საზოგადოებაში, რომელშიც აქამდე იყავი. თითქოს, ისინი შეიცვალნენ და აღარ არიან ისეთები, როგორადაც შენ იცნობდი. გიჩნდება განცდა, რომ მათთან სულ უფრო ნაკლები გაქვს საერთო ეს ხელახლა გაყენებს არჩევანის წინაშე: მიენდო გულს და ამ ახალ გეზს, რომლისკენაც ილტვი თუ გარემოცვის დასამშვიდებლად ცხოვრების ძველ, აქამდე ჩვეულ, სტილს დაუბრუნდე?

ეს საკმაოდ რთული არჩევანია. თუ აირჩევ მიენდო გულის ხმას, დაადგები ახალ გზას, რომელზეც არასოდეს გაგივლია და ბუნებრივია, ბევრი სირთულეც შეგხვდება, სამაგიეროდ გეცოდინება, რომ ეს შენი გზაა და შენს თავთან ხარ მართალი. სამაგიეროდ, ეს გზა იმ ბედნიერებამდე მიგიყვანს, რომელიც აქამდე მხოლოდ შენს ყველაზე გაუბედავ და სანუკვარ ოცნებებში იყო შესაძლებელი… თუ გადაწყვეტ იცხოვრო საზოგადოებასთან კომპრომისში, ჭია გამოგხრავს შიგნიდან, ის ჭია, რომელმაც იცის, რომ გულს უნდა გაყოლოდი… ამასთან, ეს (მეორე) გზა მარადიულ ტანჯვას მოგიტანს, რადგან საზოგადოება არასოდესაა კმაყოფილი. რაც უნდა გააკეთო, ის ყოველთვის მონახავს არგუმენტს, რომელიც „სხვაგვარ“ ქმედებას უფრო უჭერს მხარს.

ამის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობას ურჩევნია საზოგადოებას „დაუთმოს“ და არ გახდეს კრიტიკის საგანი. ამგვარად, ისინი ირჩევენ სიყალბის გზას… მაპატიე პირდაპირობისთვის, მაგრამ შენ იმსახურებ იცოდე სიმართლე… თუმცა, ზოგჯერ მაინც ძალიან ძლიერია ეჭვი „იქნებ, ისინი მართლები არიან და მე ავცდი გზას?!“ ან „მათ ხომ ჩემთვის კარგი უნდათ?!“. მართალი ხარ, შესაძლოა ცდები, მაგრამ თუკი გული გკარნახობს რაღაცას, ეს უდავოდ სწორი გზაა, რაგინდ გაუგებარი და მიუღებელი იყოს სხვებისათვის…

ტრანსფორმაცია

ტრანსფორმაცია არის აუცილებელი და გარდაუვალი ეტაპი შენს „ნამდვილ“ გზაზე. ეს საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია და ალბათ, სწორედ მისი ამ მახასიათებლების გამო ირჩევს ამ გზას ძალიან ცოტა ადამიანი. ჩვენ ვეძებთ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, გვირჩევნია ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის ახლა, რადგან გვეშინია ცვლილებებმა არ მოგვიტანოს ნგრევა…

„ნგრევა საჩუქარია, ნგრევა არის გზა ტრანსფორმაციისკენ“ (მხ.ფ „ჭამე ილოცე გიყვარდეს“)…

როდესაც ახალ გზაზე დგები, ავტომატურად ირჩევ ყველაფერ ახალს. მოგიწევს გადახედო საკუთარ შეხედულებებს, დამოკიდებულებებს, საქმიანობას, სოციალურ ფენას და გარემოცვას… „ახალი ცხოვრება“ მოითხოვს ძირეულ ცვლილებებს, ამიტომ ნუ შეგეშინდება ამ პროცესის, ეცადე შეხედო ამას, როგორც გარდაუვალ, მაგრამ სასარგებლო თავგადასავალს…

ტრანსფორმაცია მოითხოვს ჩავხედოთ თვალებში საკუთარ ბნელ, მახინჯ მხარეებს, სისუსტეებს, ტკივილს, შიშებს, ყველაზე დაფარულ საიდუმლოს, რაშიც საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდით აქამდე… ეს პროცესი დაგანახებს საკუთარ თავს სრული სიცხადით, შენი ყველაზე ნათელი და ბნელი მხარეებით… ეს დიდი გამოცდა და გამოცდილებაა… შესაძლოა, ამან საკუთარი თავის მიმართ ზიზღი და სიძულვილი აღგიძრას, მაგრამ ნუ აყვები ამ ემოციას. პირიქით, შეიყვარე საკუთარი თავი მთლიანი, მთელი შენი პლიუსებითა და მინუსებით. ამ პროცესის მიზანია დაგეხმაროს გახდე „სრული“ პიროვნება, რომელიც ასხივებს სიყვარულსა და სინათლეს, მოვლენებსა და ადამიანებს არ ყოფს კარგებად და ცუდებად… შენ აივსები სიმშვიდითა, სიბრძნითა და თანაგრძნობით.

ეს პროცესი არის ჩვენი „საფასური“, რომელსაც ვიხდით ღირსეული, თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრებისთვის, იმ ნამდვილი ცხოვრებისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვისაა განკუთვნილი… შესაძლოა, შენ მითხრა, რომ „იქნებ, შესაძლებელია ყოველივე ეს ასეთი რთული გზის გაუვლელად შევძლო?!“, ეს სურვილი მეც გამიჩნდა და ბუნებრივია, ცდილობდე სირთულისთვის თავის არიდებას. ბევრჯერ ვცადე გვერდი ამევლო ყოველივე ამისთვის, მაგრამ გზა, რომელიც ნამდვილად შენია, მოითხოვს ამ პროცესში მთლიანად ჩაფლვას და არა უბრალოდ ხელ–ფეხის მსუბუქად დასველებას, ანუ ასე მარტივად ვერ გამოვძვრებით…

შეიძლება იფიქრო, რომ ეს რაღაც თეორიაა, რომელიც ვიღაცამ შეთხზა და რეალობასთან ნაკლებად აქვს კავშირი და ეჭვს შევიტანდი კიდეც, თავად რომ ზუსტად იგივე გზა არ მქონდეს გამოვლილი. თითოეულ სიტყვას მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან გიყვები. თუ სურვილი გაქვს შეცვალო შენი ცხოვრება, თუკი ეს ნამდვილად და გულით გინდა, აუცილებლად შეძლებ, რაგინდ სიკვდილამდე მტკივნეული და საშინლად რთული იყოს! არ არსებობს ბარიერი, რომელიც შენთვის გადაულახავი იქნება!

გთხოვ, თუკი გულში ერთხელ მაინც შეგიღიტინა გიჟურმა აზრმა საკუთარი ცხოვრების შეცვლის შესახებ, ნუ დააიგნორებ – მიეცი მას საშუალება, გაძლიერდეს და ცოტა ხანში ისე „მოგწამლავს“, თვალებს აგიხელს – ვეღარასოდეს მისცემ საკუთარ თავს დანებების უფლებას, რადგან იგრძნობ და მიხვდები, რომ შენ გამარჯვებისთვის ხარ გაჩენილი! შენ ბედნიერებისთვის ხარ გაჩენილი!

იგრძენი!!!

დაინახე!!!

გაბედე!!!

მე შენ გვერდით ვარ!!!

P.S. მითხარი, რამდენად სასარგებლო იყო ეს პოსტი შენთვის? გამიზიარე საკუთარი გიჟური იდეები – რა გაგიკეთებია საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად? ყოველთვის მაინტერესებს, რას ფიქრობს განსხვავებული ხედვის ადამიანი…

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ჩემო ძვირფასო მეგობარო! თუკი შენ გადაწყვიტე არ „გეძინოს“, იარო განსხვავებული, მაგრამ ნამდვილად შენი გზით, იპოვო საკუთარი თავი, საკუთარი გზა, შექმნა შენი წილი ფასეულობა სამყაროში, მაშინ ეს პოსტი შენ გეძღვნება, რადგან მე ძალიან ვაფასებ შენნაირ ადამიანებს! შენ ეძებ – ე.ი. შენ იმსახურებ განსხვავებულ ცხოვრებას… რა ხდება, როდესაც გადავწყვეტთ „ვიაროთ ჩვენი გზით“?! შინაგანი ცვლილებები შენ გაიღვიძე, გაიღვიძა […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ