არა დისკრიმინაციას! – რა უნდა იცოდე საკუთარ შრომით უფლებებზე?!

0

(ნაწილი პირველი)

მოგესალმები მკითხველო!

ხშირად ვხედავ, რომ ადამიანებმა არ იციან საკუთარი ელემენტარული უფლებების შესახებ, რითაც შეიძლება ბოროტად ისარგებლონ. ამიტომ მინდა ვიზრუნო შენზე და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გაგიმრავლო ცოდნა შენი უფლებების შესახებ და ვეცდები ეს მაქსიმალურად გასაგებ ენაზე აგიხსნა. როგორც იტყვიან: „იცოდე კანონი, იქნები დაცული!“

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის, დამსახურებული ადგილი უჭირავსადამიანის სოციალური უფლებების დაცვას.

ამსტატიით, მინდა წინა პლანზე წამოვწიო დისკრიმინაციის თემა, რისი შემთხვევებიც ხშირად გვხვდება სამსახურის(იურიდიულ ენაზე: შრომითსამართლებრივი ურთიერთობის) დაწყებამდე. ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს შრომის კოდექსი(მე-2 მუხლისმე-3 ნაწილი) კრძალავს შრომით და წინასახელშეკრულებო (სამსახურში აყვანამდე) ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, კერძოდ: რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

თუმცა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დისკრიმინაციად არ ჩაითვლება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე კანდიდატთა განსხვავების აუცილებლობა, ეს შეიძლება გამომდინარეობდეს სამუშაოს სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან. მარტივად რომ ვთქვა,მაგალითად, თუ რაიმე საქმის შესრულება ცალსახად აღემატება ქალის ფიზიკურ შესაძლებლობებს, მამაკაცების დასაქმებაზე აქცენტირება დისკრიმინაცია არ არის. სამწუხაროდ, დამსაქმებლები ამ ფაქტორს თავის სასარგებლოდ იყენებენ, რის შედეგადაც სახეზე გვაქვს ვაკანსიები, სადაც, მაგალითად, დაქირავებულ მენეჯერად აუცილებლად მდედრობით სქესს ეძებენ. დისკრიმინაციაა ისიც, რომ ტაქსის მძღოლიც წლების მანძილზე მხოლოდ მამაკაცური საქმიანობა იყო, თუმცა, ბოლო დროს ქალებიც მომრავლდნენ ამ პოზიციაზე. დისკრიმინაციაა ასაკობრივი შეზღუდვასაც, რის გამოც უფროსი ასაკის საკმაოდ კვალიფიციური რესურსი არაერთხელ დაჩაგრულა. სამუშაოს არანორმალურ გრაფიკზე სხვა პოსტში ვისაუბროთ…

ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა გაგაცნოთ ამონარიდი წერილიდან, სადაც საქართველოს სახალხო დამცველმა – უჩა ნანუაშვილმა, 2015 წლის 07 აპრილს მიმართა „ჯობს.გე“-ს დირექტორს წინადადებით, რომ „ჯობს.გე“-მ შეიმუშაოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც აღმოიფხვრება დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება მის ვებ გვერდზე. ამ წერილს საფუძველი იყო შემდეგი:

„2014 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ა.ა.ი.პ. „კონსტიტუციის 42-ემუხლი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. იგი სახალხო დამცველს სთხოვს რეაგირება მოახდინოს ვებგვერდზე www.jobs.ge გამოქვეყნებულ ვაკანსიებში სქესთან დაკავშირებული დისკრიმინაციული სიტყვების გამოყენებაზე. USAID-ის დაფინანსებით განახორციელა კვლევა „გენდერული დისკრიმინაცია სამუშაო ურთიერთობებში“. კვლევის ფარგლებში, მათ დასაქმების საიტებზე განთავსებულ განცხადებებში სქესზე ორიენტირებული ენის იდენტიფიცირება, წინასწარ განსაზღვრული, საძიებო სიტყვების საშუალებით განახორციელეს („ქალი“ „ქალბატონი“ „კაცი“ „დაოჯახებული“ „დასაოჯახებელი“ „სტაბილური“ „სასიამოვნო გარეგნობა“ „სიმპათიური მამაკაცი“ დაა.შ.). კვლევამ მოიცვა 2010–2014 წლების პერიოდი, რა დროსაც შესწავლილ ზემოთხსენებულ საიტზე განთავსებული ვაკანსიები. კვლევის მთლიანი პერიოდის მანძილზე, სულ განთავსდა 71 360 ვაკანსია, რომელთა 10.01% გამოირჩეოდა მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენებით, ხოლო მამაკაცებზე – 24.02%. უფრო კონკრეტულად, ვებგვერდზე www.jobs.ge გამოქვეყნებული ვაკანსიებში სიტყვა „მამაკაცი“ გამოყენებულია 1088–ჯერ, ფრაზა „სასიამოვნო გარეგნობა“ 1589–ჯერ, სიტყვა „სტაბილური“ 780–ჯერ, ხოლო სიტყვა ქალბატონი – 607–ჯერ.“

ასე რომ, ძვირფასო მკითხველო, შენ ძალიან ბევრი რამ შეგიძლია და მინდა მაქსიმალურად გქონდეს ეს გააზრებული. დროა, სამუშაოს მაძიებელმა და უკვე დასაქმებულმა საზოგადოებამაც სათანადოდ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. გპირდები, მომდევნო სტატიებში უფრო მეტად განვავრცობ ამ თემას.

პ.ს. როგორ ფიქრობ, სასარგებლოა შენთვის საკუთარი უფლებების ცოდნა? ველოდები შენს მოსაზრებებს კომენტარებში.

ავტორი: ქეთევან მეფარიშვილი

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply