ამბავი,  რომელიც    ახლა  მინდა გიამბოთ, ერთი შეხედვით დაუჯერებელია. ჰოდა, წაიკითხავენ ადამიანები  ჩემს პოსტს და იტყვიან  – „ ღმერთო, რა მაგარია, ნუთუ ჯერ კიდევ არსებობენ სამყაროში  ასეთი ადამიანები?”  და შეიძლება  ადვილად   შეიტანონ ეჭვი  ჩემს  გულწრფელობაში, მაგრამ ჩემო კარგებო  თქვენ ხომ იცით,რომ    არსებობენ ქვეყნად  ისეთი ადამიანები,რომლებთაც ნამდვილად  შეუძლიათ  გარშემომყოფების გაოცება.

      უნივერსიტეტის დასრულებისთანავე  ერთ – ერთ კომპანიაში  დამიბარეს  გასაუბრებაზე და  რადგან  ტესტირება  წარმატებით გავიარე, კომპანიის  მენეჯერი გავხდი.ოფისში უზღვავი სამუშაო იყო ყოველთვის, მაგრამ რადგან ეს სამსახური საოცნებო  იყო ჩემთვის,სიყვარულით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს.  ვასრულებდი  მენეჯერის  ფუნქცია-მოვალეობებს, შევიმუშავე კლიენტების მოზიდვის სტრატეგია, ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს  უცხოელ პარტნიორებთან და  შევითავსე ბუღალტრის თანაშემწის მოვალეობებიც კი,ამიტომ  ხშირად მიწევდა ფინანსური საკითხების მოგვარებაც.  პარარელურად ვესწრებოდი  ტრენინგს, რომელსაც ატარებდა „თიბისი ბანკი“  ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად.ვცდილობდი გამომემუშავებინა ყველა ის უნარი ,რომელსაც ფლობენ ვიპ კლასის მენეჯერები,  მაგრამ მთავარი მაინც   იყო ის,   რომ   ყველაფერს ვაკეთებდი   სიყვარულით და  ჩემი კომპანია რომ მქონოდა, ზუსტად იგივე შემართებით ვუხელმძღვანელებდი მას. ალბათ დაგაინტერესათ  მქონდა თუ არა  კარგი ანაზღაურება. რა გითხრათ,რადგან  ქალაქში   მარტო ვცხოვრობდი, როგორღაც ვახერხებდი თვიდან – თვემდე  გამეტანა თავი. რა თქმა უნდა უფროსს  შეეძლო  წავეხალისებინა და  მოემატებინა ჩემთვის ხელფასი, მაგრამ ის  ფიქრობდა,რომ მენეჯერს სწორედ ამგვარად უნდა  შეესრულებინა თავისი მოვალეობა ამიტომ  ჩემს გულმოდგინებაში უჩვეულო,არაფერი იყო მისთვის .მე  რა თქმა უნდა   გული მწყდებოდა,მაგრამ    ვფიქრობდი,  რადგან  ამ  კომპანიამ  მომცა შანსი დამეგროვებინა გამოცდილება და ამემაღლებინა კვალიფიკაცია, ამიტომ არ მქონდა  წუწუნის უფლება.ვიყავი საქმისადმი   სიყვარულით   განწყობილი და   ვფიქრობდი, მოვიდოდა დრო,როდესაც დააფასებდნენ  ჩემს შრომას  და  მიუხედავად იმისა  ეს წუთი იგვიანებდა,  არასდროს დამიკარგავს იმედი.

       ერთ წელს   კომპანიამ  კადრების  შეცვლის მიზნით,  გამოაცხადა  კასტინგი და  ახალი  ბუღალტერი მივიღეთ სამსახურში,რომელიც  ნამდვილი პროფესიონალი იყო,  ამიტომ  ხელფასიც სოლიდური დაენიშნა.  მე რა თქმა უნდა   არასდროს დავბოღმილვარ იმის გამო,რომ მას  ჩემზე მეტი ხელფასი ჰქონდა,რადგან ის  იყო მაღალკვალიფიციური კადრი  და ძალიან კარგი ადამიანი,  ამიტომ  ნამდვილად  იმსახურებდა მაღალ  ანაზღაურებას.

      წინა საახალწლოდ,  ოფისში  ატყდა მითქმა-მოთქმა  იმის თაობაზე,რომ ხელმძღვანელობა აპირებდა ხელფასები გაეზარდათ ჩვენთვის.ეს ძალზედ სასიხარულო ნიუსი იყო ,ამიტომ თანამშრომლები გახარებულები ვიყავით.  ერთ დილით,  დირექტორთა საბჭომ    გამოგვიცხადა ,რომ  შტატში თითოეულ ჩვენთაგანს  გაეზარდა ხელფასები.როგორც გაირკვა   მე მხოლოდ    რამდენიმე   ლარით მომიმატეს ხელფასი. როდესაც ეს გადაწყვეტილება მოვისმინე  ძალიან მეწყინა. ვიფიქრე, ისევ შეუმჩნეველი დარჩათ საქმისადმი ჩემი  სიყვარული-მეთქი  და გადავწყვიტე   ახალი სამსახური მეპოვა. ამ დროს კი  მოხდა, სრულიად დაუჯერებელი რამ.    ჩემი ბუღალტერი,საკმაოდ სანდომიანი ქალბატონი  წამოდგა და თამამად განუცხადა დირექტორთა საბჭოს,რომ მათი გადაწყვეტილება სწორი არ იყო.  მე არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები,ამიტომ პირდაპირ მოვახდენ მისი სიტყვების  ციტირებას. ”  ძვირფასო  დირექტორებო, რა თქმა უნდა  სასიამოვნოა თქვენი სურვილი,რომ   გსურთ წაგვახალისოთ და ხელფასი მოგვიმატოთ,მაგრამ უსამართლობაა  რომ ჩვენს მენეჯერს, რომელიც მთელი გულით აკეთებს თავის საქმეს,   დებს ყოველდღე თავის გულს, ჩვენი  კომპანიის საქმიანობაში და არასოდეს უშვებს შეცდომები,ჰქონდეს  ჩემზე ნაკლები ხელფასი.“

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, კაბინეტში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. ვერ ვიჯერებდი რომ  სამყაროში, თუნდაც ერთმა ადამიანმა,   დაივიწყა თავისი ინტერესები და ჩემს დასაცავად თამამად გამოხატა თავისი   აზრი. უზარმაზარი სიყვარულით გაივსო  ჩემი გული და  რამდენიმე დღე  დარეტიანებული დავდიოდი ყველგან.   ამ ამბავს ვუყვებოდი ყველას და მითბებოდა ძალიან ლამაზად  გული. ქალბატონი, რომელიც  გულჩათხრობილი  იჯდა ჩემს კაბინეტში  და ყოველდღე თავჩარგული ჩაჰკირკიტებდა ციფრებს, სინამდვილეში   ფერია აღმოჩნდა. ამიტომ მას შემდეგ ყოველთვის ვფიქრობ,რომ  ადამიანები რომლებიც ჩვენს გვერდით არიან და შეუმჩნევლად ამჯობინებენ ყოფნას, შეიძლება სინამდვილეში  ანგელოზები აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა დირექტორთა საბჭომ გაითვალისწინა მისი აზრი  და ხელფასი    გამიზარდეს, მაგრამ დამიჯერეთ  ახლა აღარ ჰქონდა  ამას არსებითი მნიშვნელობა. მთელი ჩემი ცხოვრება:  სკოლაში, ლიცეუმში,უნივერსიტეტში,  ყველგან თავად  მიწევდა საკუთარი პრობლემების მოგვარება.არასდროს მოსულან ჩემთან ადამიანები და არ გაუწვდიათ დახმარების ხელი. ახლა კი მოულოდნელად  ეს  ადამიანი   ანგელოზის სახით  გამომეცხადა    და შუა თათბირზე,დირექტორებით გადატენილ ოფისში, საჯარო სიტყვით გამოვიდა ჩემს დასაცავად. რა თქმა უნდა უზომოდ ბედნიერი ვიყავი,რომ  ერთმა ადამიანმა მაინც დაინახა ჩემი გული და სწორად შეაფასა  საქმისადმი ჩემი სიყვარული. ეს ისტორია   შთაგონების წყაროდ იქცა ჩემთვის.გადავწყვიტე ძალები მომეკრიფა,გავმხდარვიყავი     მამაცი და უშიშარი ადამიანი  და  დამეცვა საკუთარი და სხვების უფლებები. მადლობა ჩემს საყვარელ ქალბატონს – ძვირფას მაიას,  რომელიც  ალბათ  ახლაც ახერხებს  სამყაროს გაოცებას.თურმე როგორც თავად გვიამბო,   ბავშობიდან ვერ ეგუებოდა უსამართლობას და ხშირად უხდებოდა კლასელების უფლებების დაცვა,ამის გამო  კი სკოლაში  ყოველთვის იმსახურებდა მასწავლებლების გულისწყრომას.  ჩემი პოსტით მე მინდა მადლობა  გადავუხადო იმისათვის,  რომ მან   ჩემს გულს მიანიჭა ასეთი დაუვიწყარი  სიხარული და   ადამიანების  მიმართ ნდობა გამიათკეცა.

ყოველ დილით სამსახურში,რომ მივდივარ და ეს ამბავი  მახსენდება რაღაც, თბილი ჯადოსნური ნაპერწკლები მცვივა გულიდან, რომელსაც მე პოზიტიურ მუხტს  ვუწოდებ. სწორედ ამგვარი ნაწილაკებისგან შემდგარი ენერგიით  უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა,   რომ ვიპოვოთ ჩვენი დანიშნულება.ყოველთვის უნდა ვაკეთოთ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ერთმანეთისთვის და  სიკეთე  უნდა  გახდეს  გადამდები, როგორც ერთი ფერიდან მეორე ფერში გარდამავალი მშვენიერება. რეალურად კი, თუ ბევრი კეთილი ადამიანი იქნება გარშემო, სამყაროს აღარ  გაუკვირდება ჩვენს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები.

ამიტომ    ეს განსაკუთრებული შემთხვევა რომ  მახსენდება, ყოველთვის ღიმილი დამთამაშებს სახეზე. უფრო თამამად ვადგამ    მიწაზე   ნაბიჯებს და მიხარია  რომ  სამყაროში  არსებობენ ასეთი მამაცი და გულწრფელი ადამიანები. ამიტომ დილიდან იმაზე ვიწყებ  ფიქრს,  რამდენი ადამიანის დახმარებას  შევძლებ დღევანდელ დღეს.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ამბავი,  რომელიც    ახლა  მინდა გიამბოთ, ერთი შეხედვით დაუჯერებელია. ჰოდა, წაიკითხავენ ადამიანები  ჩემს პოსტს და იტყვიან  – „ ღმერთო, რა მაგარია, ნუთუ ჯერ კიდევ არსებობენ სამყაროში  ასეთი ადამიანები?”  და შეიძლება  ადვილად   შეიტანონ ეჭვი  ჩემს  გულწრფელობაში, მაგრამ ჩემო კარგებო  თქვენ ხომ იცით,რომ    არსებობენ ქვეყნად  ისეთი ადამიანები,რომლებთაც ნამდვილად  შეუძლიათ  გარშემომყოფების გაოცება.       უნივერსიტეტის დასრულებისთანავე  ერთ […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

დადუნა ნადარაია
მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.