თამუნა ქემერტელიძე – #წარმატებაარის…

0

თამუნა ქემერტელიძე – ჟურნალისტი

რა არის წარმატება? -მაშინ, როდესაც ამ კითხვაზე პასუხი მთხოვეთ, თამაზ გიორგაძესთან ინტერვიუს შეთანხმებას ვცდილობდი. ამ ადამიანმა, თავის პარტნიორებთან ერთად, ფინტესკომპანია Raisin დააფუძნა და გერმანული MHB Bank-ის შეძენას გეგმავს. თუ ეს ინტერვიუ შედგა, ე.ი. კიდევ ერთი წარმატებული “daily step” დამემატება.
ჩემთვის წარმატება ყოველდღე სხვადასხვა რამეა. დღეს ამ ინტერვიუზე თანხმობა იქნება, ხვალ შეიძლება “საქმის კურსის” ან “ანალიტიკის” მაღალი რეიტინგი იყოს – ვერ გეტყვით.
წარმატება კაპიტალივით არის, რომელსაც ყოველდღიურად აგროვებ, მერე კი დივიდენდებს იღებ. თუკი მეკითხებით, პირადად მე რას მივიჩნევ ჩემს წარმატებად – ესაა ურთიერთობები და ტემპი, რომელიც საკუთარ თავს დავუწესე. მედიაში ეს ორი რაღაც გეხმარება, რომ იარო წინ. თანამედროვე სამყაროში სხვა მიდგომებია, ვგულისხმობ ურთიერთობებს. ყველას, ვისაც სამსახურში ან შინ ხვდები, ისე უნდა მიუდგე, როგორც “მილიონერ მომხმარებელს”. უნდა წამოიდგინო, თითქოს ამ ადამიანს შენგან მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტის შეძენა შეუძლია. “მილიონერი მომხმარებელი” – რა თქმა უნდა, სწორი გაგებით.
და თუ ისევ შემომიტრიალებთ კითხვას, რა არის თქვენთვის წარმატებაო, მეც კიდევ ერთს დავამატებ – წარმატება ჩემთვის პირდაპირ კავშირშია პასუხისმგებლობასთან. ყოველდღე, სახლში წასვლისას, ოფისის კარს რომ მივიხურავ და ვიცი, დღეს რაღაც კარგად გამომივიდა, ესეც წარმატებაა. მგონია, რომ წარმატებული ადამიანები საკუთარ თავს თვითონვე უქმნიან მოტივს, არ ელოდებიან, როდის უკარნახებს ვინმე, თუ რა გააკეთოს.
P.S. მოკლედ, როგორც ასეთი, წარმატებას „ვერ დააინსტალირებთ” და ვერც Apple Store-დან “გადმოქაჩავთ”, მას ჩვენი ყოველდღიური მიდგომებით ვქმნით.

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Leave A Reply