უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის – ინტერვიუ ტარტუს უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთან

0

რომელ პროგრამაზე სწავლობ ტარტუს უნივერსიტეტში?

ტარტუს უნივერსიტეტში დემოკრატიისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ, რომელიც 2015 წელს შეიქმნა ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მკვლევრის, ველო პეტაის ხელმძღვანელობით. პროგრამის ინტერდისციპლინი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენთვის საინტერესო მიმართულებით ნებისმიერი საგანი გავიაროთ. ყველაზე კარგი კი მაინც ისაა, რომ სწავლა საერთაშორისო გარემოში მიმდინარეობს, უმაღლესი დონის პროფესიონალებისა და ინოვაციური მეთოდების წყლობით კი ჩვენი განათლება ევროპული სტანადრტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

რა გახდა ტარტუში მაგისტრატურაზე ჩაბარების მთავარი მოტივაცია?

ტარტუში სწავლის გაგრძელება ძირითადად ორმა ფაქტორმა განაპირობა: 1) უნივერსიტეტის ისტორიამ, საერთაშორისო რეპუტაციამ და სამაგისტრო პროგრამის მრავალფეროვნებამ. არჩევანის გაკეთება არც ისე ადვილი იყო, რადგან დღესდღეობით შრომის ბაზარი მაღალი კონკურენციით გამოირჩევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი უნივერსიტეტის არჩევა, რომლის დამთავრების შემდეგ მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისა და ორგანიზაციების კარი ღია იქნება. შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებისა და კონსულტაციების გავლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ტარტუს უნივერსიტეტი თავისი მრავალწლიანი აკადემიური ტრადიცით, საერთაშორისო პარტნიორების მრავალფეროვნებითა და საინტერესო პროგრამებით ჩემთვის საუკეთესო ალტერნატივა იყო.

რატომ აირჩიეთ ესტონეთი სწავლის გასაგრძელებლად?

დიდი ხანია გაკვირვებული ვარ, როგორ შეძლო ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა მილიონ ნახევარზე ნაკლებს შეადგენს უმოკლეს დროში ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ გახდა. ესტონეთში სასწავლებლად წასვლა ერთგვარი გამოწვევაც იყო ჩემთვის, რადგან ჩვენი კულტურები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და მინდოდა მენახა, როგორ შევძლებდი ჩრდილოეთის შედარებით ჩაკეტილ საზოგადოებაში ინტეგრირებას. გარდა ამისა, დასავლეთ ევროპასთან შედარებით ესტონეთში ცხოვრება გაცილებით იაფია, რაც ნებისმიერი სტუდენტისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. და რაც მთავარია, ვიცოდი რომ ესტონეთის სამხრეთში, ულამაზეს ქალაქ ტარტუში ყველაზე საინტერესო და ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება მელოდა.

სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალში?

ჩემი პროგრამიდან გამომდინარე საკუთარ თავს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, ევროპული ტიპის think-tank-ში ან კვლევით ინსტიტუტში ვხედავ. ყველაზე კარგი ისაა, რომ ყველა სტუდენტის კარიერაზე ზრუნვა უშუალოდ სწავლის დროს იწყება. უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორების მრავალფეროვნება კი საშუალებას მაძლევს აქედანვე დავიწყო სტაჟირებაზე ფიქრი, რომელიც გამოცდილების მიღებასთან ერთად დამატებითი კრედიტის მოპოვებაშიც გვეხმარება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტმა პოლიტიკური მეცნიერების ყველა მიმართულების მაგისტრანტისთვის ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი გამოაცხადა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის დამატებით მოტივაციას წარმოადგენს.

რით განსხვავდება ესტონეთის განათლების სისტემა ქართულისგან?

ქართულ და ესტონურ განათლების სისტემებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, განსაკუთრებით ლექციის დაგეგმვის თვალსაზრისით. უნივერსიტეტში ლექტორები ფაქტობრივად ფასილიტატორების როლს ასრულებენ და მაქსიმალურად ცდილობენ ყოველ ლექციას დისკუსიის სახე მისცენ, რაც აქტიური ჩართვისა და საკუთარი აზრის გამოთქმის სტიმულს გვაძლევს. ყველა ლექტორი მზადაა ნებისმიერ დროს დაგეხმაროს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოგახვევენ საკუთარ აზრს, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ახალი მასალის ახნაში იგრძნობა; კარგად მახსოვს სწავლის დაწყების პირველი ორი კვირა ცოტა არ იყოს დაბნეული ვიყავი, რადგან საქართველოში სწავლის დროს მიჩვეული ველოდებოდი ლექტორი როგორ დაიწყებდა ახალ მასალაზე საუბარს, წასაკითხ გვერდებს ჩაგვანიშნინებდა და ასე გავიდოდა ლექციის ნახევარზე მეტი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ვეცნობით, თვითონვე ვახდენთ წაკითხულის კრიტიკულად გააზრებას და ლექციაზე კი ლექტორი მოდერატორის მსგავსად დისკუსიას ისეთნაირად წარმართავს, რომ ყველა სტუდენტს მოანაწილეობის სურვილი უჩნდება.

აქვს თუ არა ქართველ სტუდენტს შესაძლებლობა მოიპოვოს სტიპენდია ან სასწავლო გრანტი?

ქართველ სტუდენტებს ნამდვილად რომ აქვთ გრანტის მოპოვების შესაძლებლობა, ამის მაგალითად ჩემი კურსიც გამოდგება, სადაც სამი ქართველი ვსწავლობთ და ყველას გავქვს სასწავლო გრანტი. არ მახსოვს ისეთი დღე ქუჩაში გასულს ქართველი სტუდენტი არ შემხვედროდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ უმრავლესობა სრულიად უფასოდ სწავლობს და რამდენიმე მათგანი ყოველთვიურად სტიპენდიასაც კი იღებს. ყველაზე მთავარი ჩემი აზრით მაინც მოტივაციაა, რადგან ტარტუში მოხვედრა შაბლონის მსგავსი სამოტივაციო წერილით შეუძლებელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ სტუდენტს კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული რისი მიღება სურს გარკვეული პროგრამისგან და როგორ შეძლებს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას. გარდა უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტისა, ყველას აქვს შესაძლებლობა განაცხადი შეიტანოს ესტონეთის მთავრობის სტიპენდიაზე თუ სხვადასხვა ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.

11822736_1113631468666869_215919402983424080_n (1)რამდენი უცხოელი სტუდენტი სწავლობს ტარტუს უნივერსიტეტში და რომელი ქვეყნებიდან?

ტარტუ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო სტუდენტური ქალაქია, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ უნივერსიტეტში 80-მდე ეროვნების დაახლოებით 1000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ყველაზე კარგი ისაა, რომ ახალი კულტურის გაცნობა ყოველდღიურ პირობებშიც შეგვიძლია, რადგან როგორც წესი, საერთო საცხოვრებელში უცხოელ სტუდენტებთან ვცხოვრობთ და მათთან ჩვეულებრივი საუბარიც კი გაცილებით საინტერესო და მეტის მომცემია, ვიდრე რომელიმე წიგნის ან სტატიის წაკითხვა ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ქართული კულტურა ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ, რაშიც არამხოლოდ უნივერსიტეტი, არამედ ტარტუში მოქმედი სტუდენტური ორგანიზაციებიც გვიწყობენ ხელს. ოქტომბერში სწორედ ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით შევძელით ქართული საღამოს მოწყობა, რომლის დროსაც აუდიტორიას ჩვენი ქვეყანა პრეზენტაციის, ქვიზის, ცეკვების, ცოცხალი სიმღერებისა და უგემრიელესი კერძების საშუალებით წარვუდგინეთ. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ისეთ გარემოში გიწევს ცხოვრება, სადაც ყველა ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით ერთ დიდ ოჯახად ერთიანდება.

სად ცხოვრობენ სტუდენტები?

სტუდენტები ძირითადად საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ, რადგან ბინის ქირაობასთან შედარებით ე.წ დორმებს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ყველა საერთო საცხოვრებელი კეთილმოწყობილია და ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტის კომფორტული ცხოვრებისთვის. გარდა ამისა, დორმების უმეტესობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და თითქმის ყველა ძირითადი შენობა, უნივერსიტეტის კამპუსებიდან დაწყებული, სავაჭრო ცენტრების ჩათვლით, 10-15 წუთის სავალზეა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საცხოვრებლის შეღავათიანი ფასი, რადგან თვეში დაახლოებით 100 ევროს გადახდა გვიწევს კომუნალური გადასახადების ჩათვლით, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებში ალბათ ნაკლებად რეალური იქნებოდა.

ზოგადად რა ჯდება სტუდენტური ცხოვრება ტარტუში?

ტარტუში სტუდენტური ცხოვრებისთვის საკმაოდ მოკრძალებული ბიუჯეტიც საკმარისია, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე, საერთო საცხოვრებელი არც ისე ძვირია, მარკეტების სიმრავლე კი სტუდენტს საშუალებას აძლევს თანხის მაქსიმალური დაზოგვით საკმაოდ გემრიელი კერძები მოამზადოს. ტარტუში არაერთი კლუბი და პაბია, რომლებიც სტუდენტების თავშეყრის საყვარელ ადგილს წაროადგენს და კარგი ისაა, რომ თითქმის ყველა სტუდენტს გვაქვს ფასდაკლების ბარათი, რომლის გამოყენება არამარტო კლუბებსა და ბარებში, არამედ სხვადახვა ბრენდის მაღაზიასა და მოგზაურობის დროსაც კი შეგვიძლია. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით 300-350 ევრო თვეში საკმარისია ნორმალური სტუდენტური ცხოვრებისთვის.

შეუძლია ქართველ სტუდენტს სწავლასთან ერთად იმუშაოს?

იქედან გამომდინარე, რომ ყველა სტუდენტს, რომელიც ტარტუში ხარისხის მისაღებად ვსწავლობთ დროებითი ბინადრობის უფლება გვაქვს, ჩვენთვის მუშაობაში ხელისშემშლელი არანაირი ლეგალური ფაქტორი არ არსებობს. ხშირად ტარდება ე.წ. job fairs როგორც ტარტუში, ასევე ტალინში, სადაც სტუდენტებს ესტონეთში მოქმედ დამსაქმებლებთან გასაუბრების საშუალება გვეძლევა. ცხადია, მუშაობის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, ყველაზე მისაღები კი როგორც წესი ნახევარ განაკვეთზე მუშაობაა, რომლის გრაფიკიც შედარებით მოქნილი და სწავლასთან თავსებადია.


რას ურჩევდით ქართველ ტუდენტებს რომელთაგადაწყვეტილი აქვთ საზღვარგარეთ სწავლა?

დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც უფრო კარგად ვხვდები, თუ რა წარმოადგენს მაღალი დონის ევროპული განათლების არსს და რამდენად განსხვავდება ის ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში მყოფი ქართული განათლების სისტემისგან, მინდა ყველა ქართველ სტუდენტს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, ვურჩიო გაითვალისწინოს, რომ სტუდენტობის წლები და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კარიერული ორიენტირის განსაზღვრა თანაბრად მნიშვნელოვანია. საინტერესო, მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსე სტუდენტური ცხოვრება ყველაზე მეტად საერთაშორისო გარემოშია შესაძლებელი, სადაც ენობრივი თუ კულტურული ბარიერი პიროვნული ზრდის საშუალებად გვესახება. გარდა ამისა, თქვენი აკადემიური კვალიფიკაცია, კომპეტენცია და გამოცდილება საერთაშორისო, კონკურენტუნარიან ბაზარზე შესამჩნევ უპირატესობას გაგრძნობინებთ, რის გამოც ყველა მომავალ სტუდნეტს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობისა და ყურადღების გამოჩენა მოეთხოვება უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას. მინდა ძალიან ბევრმა ქართველმა სტუდენტმა ისწავლოს ევროპის წამყვან უნივერსიტეტში, რომელთა შორისაც ტარტუს უნივერსიტეტს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება:

ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს! დაინტერესებული პირები გთხოვთ ეწვიოთ მისამართს www.ut.ee/admissions

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply