ნიკო ნიკოლაძის შეხედულებები

0

“როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც – თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში”.

“ვისაც ზედმიწევნით არ შეუსწავლია ისტორიის ფილოსოფია, მას ყოველთვის გონია, რომ რასაც მე დღეს ვშვრები, იმას საკუთარი ჭკუით ვშვრები, ჩემი გონებით ვმოქმედებ და სხვებს ვამოქმედებო. დიდი შეცდომაა ეს, დიდი სიბრიყვეა. კერძო პირი ცხოვრებაში უბრალო პაიკია, რომელსაც ისტორიული ძალა და ჩარხი ატრიალებს ან ათამაშებს“.

„სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია, რომ ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება“.

„დასაწყისშივეა საჭირო მითითება სწორედ პირველ ნაბიჯთა შეცდომებსა და მოუხერხებლობაზე, რადგან თუ საფუძველშივე ხელი არ ახლე, ათი წლის შემდეგ ვეღარანაირი გაუმჯობესებული მანქანით ვერ ამოგლეჯ“.

„როცა სახელმწიფო თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში არღვევს საერთაშორისო სამართლიანობისა და ჰუმანურობის საწყისებს, მაშინ სხვა სახელმწიფოებს უფლება აქვთ ჩაერიონ და აღკვეთონ იგი“.

“ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ “მე ვარ და სხვა არავინო”, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს”

„გონიერი ადამიანები თავისულებასა და ავტონომიას აღწევენ ჯერ საშინაო საქმეების ყაირათიანი გაძღოლით, წარმოების აღორძინებით, საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგებით და ბოლოს პოლიტიკური პრობლემების მოგვარებით“.

“ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიღწევნება, გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია საქართველოსათვის”

„ყოველ საზოგადოებაში თვითოეულ თაობას თავისი საკუთარი ტვირთი აწევს და ისტორიულ ცხოვრებაში ყოველ თაობას უნდა შეეძლოს თქმა: ჩემი მხრით მე ეს ახალი სარგებლობა მოუტანე ჩემს ხალხს, ეს ახალი სინათლე ვაჩვენე, ახალი ძალა შევძინე და ახალი გზა გაუხსენი უკეთესი ცხოვრებისაკენ”

“დისციპლინა დიდი რამ არის ხალხის ცხოვრებაში. დიდი უბედურებაა ხალხისათვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უთავბოლოდ, უგზო-უკვლოდ იხარჯება”

“ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს”.

“მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს”.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply