მერფის კანონი

0

მერფის კანონმა შესაძლოა ორგვარი გავლენა იქონიოს თქვენზე: ერთი მხრივ, დაგეხმაროთ რთული სიტუაციებისათვის მომზადებაში, მეორე მხრივ კი, შესაძლოა პარანოიდული დამოკიდებულება გაგივითაროთ სამყაროს მიმართ.  მეორე შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ამ პრინციპს იუმორით უნდა შეხედოთ, თუმცა არ დაივიწყოთ, რომ რაღაც რაციონალურიც არის მასში.

ვიკიპედიის თანახმად, მერფის კანონი მხიარული ფილოსოფიური პრინციპია, რომლის ფორმულირებაც შემდეგნაირადაა შესაძლებელი: „თუკი შესაძლებელია რაიმე ცუდი მოხდეს, მაშინ ის აუცილებლად მოხდება“ (Anything that can go wrong will go wrong).

კანონი მაიორი ედვარდ მერფის სახელს ატარებს, რომელიც 1949 წელს ა.შ.შ_ის სამხედრო საჰაერო ძალების ინჟინრად მსახურობდა. ის ამტკიცებდა: „თუკი არსებობს ორი გზა რაიმეს გასაკეთებლად და აქედან ერთერთს კატასტროფისკენ მივყავართ, მაშინ ვინმე აუცილებლად ამ გზას აირჩევს“.

უშუალოდ კანონი, რა თქმა უნდა, ედვარდ მერფის არ მოუფიქრებია. კაცობრიობამ მრავალი წლის წინ შეამჩნია ამ პრინციპის არსებობა. მერფის კანონი სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული ფორმით ვლინდება.

მერფის კანონის მაგალითები

მას შემდეგ, რაც მასობრივი მედიის საშუალებებით ამ კანონის პოპულარიზაცია მოხდა, ბევრმა ადამიანმა მოინდომა გონებამახვილობის დემონსტრირება და დაიწყეს მერფის კანონის მაგალითების მოფიქრება (ან მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან აღება).

     გთავაზობთ რამდენიმე ასეთ მაგალითს:

  • მექანიკური რემონტის კანონი: როდესაც ხელები დაგესვრებათ, თქვენი ცხვირიც სწორედ მაშინ დაიწყებს ქავილს.
  • გრავიტაციის კანონი: ნებისმიერი ძირს დავარდნილი საგანი, ისე ამოტრიალდება, რომ მისი აღება მაქსიმალურად გაგიძნელდეთ.
  • შესაძლებლობის კანონი: იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ ვინმე გაკვირდებათ, თქვენი სულელური საქციელის პირდაპირპროპორციულია.
  • შემთხვევითი რიცხვების კანონი: თუ არასწორ ნომერს აკრეფთ, ნომერი არ იქნება დაკავებული, თქვენ აუცილებლად გიპასუხებთ ვინმე.
  • ალიბის კანონი: თუ თქვენ მოატყუებთ თქვენს უფროსს და ეტყვით, რომ სამსახურში საბურავის დაშვების გამო დაგაგვიანდათ, მეორე დღეს თქვენი საბურავი მართლაც დაეშვება.
  • რიგის კანონი: რიგის შეცვლის შემთხვევაშიც კი, თქვენი რიგი ყოველთვის უფრო ნელა იმოძრავებს.
  • აბაზანის კანონი: სწორედ მაშინ როდესაც თქვენი სხეული აბაზანის ქაფში იქნება ჩაფლული, ვინმეს აუცილებლად გაახსენდებით და დაგირეკავთ. (ყველაზე უარესი იქნებოდა კარზე უცხო ქალის კაკუნი, რომელსაც თქვენი სახლი მეზობლის სახლში შეეშალა).
  • შეხვედრის კანონი: ნაცნობთან შეხვედრის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად იზრდება მაშინ, როდესაც თქვენ ისეთ ვინმესთან ერთად სეირნობთ, ვისთან ერთადაც არ გსურთ, რომ დაგინახონ. კანონი ასევე ვრცელდება გოგონებზე, რომლებსაც თავი არ დაუბანიათ ან მაღაზიაში სახლის ტანსაცმლით ჩაირბინეს.
  • ოფისის კანონი: თუკი არ მუშაობს რომელიმე პროგრამა და თქვენ დასახმარებლად ვინმეს მიმართავთ, მისი მოსვლისთანავე, ყველაფერი სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას.
  • ბიომექანიკის კანონი: თქვენ აგექავებათ სწორედ ის ადგილი, რომლის მოქავებაც იმ მომენტში ყველაზე რთულია.
  • თეატრის კანონი: ხალხი, რომელთა ადგილებიც ყველაზე შორსაა გასასვლელიდან, ყველაზე ხშირად აგვიანებს.
  • გასახდელი ოთახის კანონი: თუკი გარკვეულ მომენტში გასახდელში მხოლოდ ორი ადამინია, აღმოჩნდება, რომ მათი კარადები გვერდი-გვერდაა.
  • ლოგიკური არგუმენტის გამოცანა: ყველაფერი შესაძლებელია, თუ თქვენ არ იცით რაზე საუბრობთ.
  • ფეხსაცმლის კანონი: იმ მოდელის ფეხსაცმლის ზომა, რომელიც თქვენ მოგეწონათ, ამოწურულია.
  • ექიმების კანონი: თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ და ექიმთან ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, მისი კაბინეტის ზღურბლის გადაკვეთისთანავე, ყველაფერი გაგივლით. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მასთან ვიზიტს არ დაგეგმავდით, თქვენი ავადმყოფობა გაგრძელდებოდა.
  • უილისა და გაის კანონი: თუ თქვენ არ შეინახავთ ფაილს, კომპიუტერს აუცილებლად რაიმე დაემართება და წაგეშლებათ.
  • დაძაბულობის კანონი: როდესაც პროექტზე მუშაობისას არასაჭირო ინსტრუმენტს შეინახავთ, ის მაშინვე დაგჭირდებათ.
  • ბანკის კანონი: თქვენ გთავაზობენ კრედიტს მაშინ, როდესაც ის არ გჭირდებათ.
  • კაიოს კანონი: თუ თქვენ აგვიანებთ, ღონისძიება აუცილებლად ზუსტ დროს დაიწყება.
  • ხეოფსის კანონი: არასდროს არაფერი არ ხდება განრიგის მიხედვით და არ ჯდება ბიუჯეტის ჩარჩოში.
  • დროის გადანაწილების კანონი: პროექტის 80%_ს, როგორც წესი, დროის 20% მიაქვს, ხოლო დარჩენილი 20% დროის 80%_ს მოითხოვს.

მერფის კანონი ბიზნესში

როდესაც მერფის კანონი თავს ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს, ეს არც ისე საგანგაშოა და მას მხოლოდ მცირე დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია, თუმცა როდესაც საქმე დიდ ფულს ეხება მისი თავიდან აცილება ყოველი ბიზნესმენის სურვილია.

რა თქმა უნდა, ყველაფრის თავიდან აცილება არ მოხერხდება, თუმცა პოტენციური პრობლემების მნიშვნელოვანი რაოდენობისაგან თავის დაღწევა მაინც შესაძლებელია. საიდუმლო, საფრთხეების წინასწარ გათვლასა და მათთვის მომზადებაში მდგომარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ წინასწარ ვერ განჭვრეტთ, რომ შესაძლოა ყავა გადაისხათ მაისურზე, თუმცა შეგიძლიათ წინასწარ იყიდოთ სათადარიგო.

ბიზნესში მასშტაბები გაცილებით დიდია. თუკი არსებობს შესაძლებელობა, რომ კომპანიის ციფრულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს, მსგავსი შემთხვევებისათვის წინასწარ უნდა მოამზადოთ სამოქმედო გეგმა. ან, მაგალითად, თქვენ უნდა დაგეგმოთ თუ რას მოიმოქმედებთ, იმ შემთხვევისთვის თუ ქალაქს ქარიშხალი დაატყდება თავს და ელექტროენერგიას გაითიშავს.

ასეთ შემთხვევებში, სათადარიგო გეგმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის გვეხმარება პოტენციური დამანგრეველი დარტყმა უმნიშვნელო დაძაბულობით გადავიტანოთ.

რა თქმა უნდა, არის გარემოებები, რომელთა წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, თუ სიზამრაცე არ ჩაერთვება საქმეში, ბევრი შედეგი პროგნოზირებადია და  მათთვის მომზადება შესაძლებელია. აი, ზოგიერთი მაგალითი ე.წ პროგნოზირებადი შედეგებისა (Foreseeable Outcomes):

  • გამყიდველი ეკონომიკური ვარდნის დროს, თავისი უმსხვილესი კლიენტის დაკარგვისათვის წინასწარ უნდა მოემზადოს.
  • მარკეტოლოგმა წინასწარ უნდა განჭვრიტოს, რომ პროდუქტის გამოშვების სტრატეგიას შესაძლოა ძირი გამოუთხაროს პროდუქტის ნაკლოვანებამ.
  • მენეჯერმა უნდა განსაზღვროს, რომ მისი საუკეთესო თანამშრომელი შესაძლოა კონკურენტ კომპანიაში გადავიდეს, თუ ისინი მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებენ.
  • პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტმა უნდა წინასწარ უნდა განჭვრიტოს, რომ მისი პროდუქტის რეპუტაცია შესაძლოა შეილახოს სერვერის დარღვეული მუშაობის გამო.

თქვენ უნდა ივარაუდოთ, რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევებში ყველაზე უარესი და მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები.

რატომ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სიტუაციებისათვის ?

ადამიანური შეცდომა

თქვენ ვერასდროს შეძლებთ ბოლომდე გააკონტროლოთ ის, რასაც სხვა ადამიანები აკეთებენ, რადგან ადამიანის მოქმედებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად, განათლების დონე, ემოციური მდგომარეობა, სტრესი და ფიზიკური დატვირთვაც კი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ბოლომდე ვერ დაეყრდნობით სხვა ადამიანებს, იმათაც კი, ვინც ყოველდღე ერთი და იმავე სამუშაოს ასრულებენ. „Uptime Institute”_ის მიხედვით, სამუშაო ადგილებსა და საწარმოში მომხდარი ინციდენტების 70% ადამიანური შეცდომით არის განპირობებული.

ბოლოს და ბოლოს, ყველანი ადამიანები ვართ. ამიტომ თქვენ მზად უნდა იყოთ, იმისთვის, რომ თქვენი რომელიმე თანამშრომელი თათბირზე დაიგვიანებს ან სულაც წერილს შეცდომით სხვა ადრესატთან გაგზავნის.

მომხმარებლების დაკმაყოფილება

ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი  მომთხოვნები არიან თანამედროვე მომხმარებლები. ისინი თქვენი კომპანიისგანაც, შეუფერხებელ მუშაობასა და საიტის ხელმისაწვდომობას, მიტანის სერვისსა და სხვა მრავალ მომსახურებას მოითხოვენ.

შეხედეთ ამას შემდეგნაირად: როდესაც ჭამა გინდათ, არ დაელოდებით უკვე დახურული რესტორნის გაღებას. ამის მაგივრად, თქვენ იმ რესტორანს აირჩევთ, რომელიც ახლავე დაგიკმაყოფილებთ მოთხოვნილებას.

მერფის კანონი აქვე ამბობს, რომ უმნიშვნელო, პატარა შემთხვევამაც კი შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბიზნესს. იქნება ეს აბონენტის მიუწვდომლობა თუ მიწოდების შეფერხება ფოსტის მიზეზით. ეს მომხმარებელს ისევე აღიზიანებს, როგორც თქვენი მიზეზით დაშვებული შეცდომა.

აქ ლაპარაკია არამხოლოდ რეპუტაციის მნიშვნელოვან დარტყმაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ კარგავენ პატარა კომპანიები ძალზე დიდ თანხებს უბრალო ტექნიკურ-საორგანიზაციო მიზეზებით.

ასეთი ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებისათვის საფასური შესაძლოა განმაცვიფრებელი აღმოჩნდეს. ზარალი, რომ ზუსტად დაიანგარიშოთ შემდეგი პუნქტების დამატება დაგჭირდებათ:

  • დაკარგული მომხმარებლები
  • რომელიმე თანამშრომლის ადგილზე არყოფნის გამო დაკარგული ფული
  • რომელიმე თანამშრომლის საქციელის გამო დაკარგული პოტენციალი ROI
  • შელახული რეპუტაცია

ყველა ასეთ შემთხვევაში არის შანსი შევამციროთ დანაკრგი მინიმუმამდე, დამატებითი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის გეგმა „ბ“_ს შემუშავებით.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩამოიწეროს ყველა პოტენციური საფრთხე, რომელიც შეიძლება შეგვექმნას. ნაბიჯი ორი: აშენდეს ისინი შესაძლო ზარალის მასშტაბების მიხედვით. მესამე ნაბიჯი: მათგან ყველაზე საზიანოსთვის მომზადება. მეოთხე ნაბიჯი: შევქმნათ გეგმა ბ, სადაც მითითებული იქნება, თუ ვინ რას გააკეთებს ფორს-მაჟორული მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში.

მერფის კანონი და ფსიქოლოგია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერფის კანონებით ზედმეტად გატაცებამ, შესაძლებელია ადამიანი პარანოიდად აქციოს, რომელიც ყველა ცხოვრებისეულ მოვლენაში მხოლოდ ცუდს ხედავს. ხოლო, მისი სწორად გააზრება კი, ძალზე სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისათვის.

როგორ გავარჩიოთ სწორი დამოკიდებულება არასწორისგან ?

  • თუ ფიქრობთ, რომ მერფის კანონი ეხება თქვენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას და თქვენ მოსალოდნელი სირთულის თავიდან ასაცილებლად მშვიდად ემზადებით – სწორი მიდგომაა
  • თუ თქვენ განიცდით, იმის გამო, რომ შეიძლება სირთულეები შეგექმნათ, თუმცა არ გინდათ მოსალოდნელი რისკების, საფრთხეების გააზრება და არ ფიქრობთ გეგმა ბ_ზე, მაშინ ეს არასწორი მიდგომაა.

სხვაა როდესაც ფიქრობთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ პოტენციურ პრობლემას და სრულიად სხვა რამაა ნერვიულობა და დაძაბვა. ნეგატიური მოვლენის დროს ნერვიულობა ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ თუ თქვენ გექნებათ გეგმა, რომელიც მშვიდ გარემოში შექმენით, ზარალის მინიმუმამდე დაყვანის შანსები მაქსიმალურად იზრდება.

ფსიქოლოგებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ საფუძვლიანად მომზადება ხსნის სტრესს. როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ იგი ისეთ რამეს აკეთებს, რაც მას ეხმარება, მისთვის დიდი შვებაა. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ფიქრობთ ნეგატიურ მომავალზე, ჰკითხეთ თქვენს თავს, არის თუ არა თქვენი დამოკიდებულება სწორი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი თავისათვის სწორი კითხვების დასმა. მაგალითდ:

  • რა არის ხუთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ჩემს პროფესიულ ან პირად ცხოვრებაში?
  • როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პრობლემები? რა შესაძლებელი ვარიანტები არსებობს?
  • როგორ გავუმკლავდე მათ ეფექტურად?როგორ ვიგრძნობ თავს, როცა უსიამოვნება მოხდება?
  • რა სტრატეგიები მჭირდება სტრესის განმუხტვისთვის ამ შემთხვევაში?
  • რა შეიძლება მოხდეს არასწორად ფორსმაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში?

ამ კითხვების დასმის შემდეგ, ცივი გონებით დაიწყეთ პასუხების ძიება. რაც მეტი, მით უკეთესი. ჰკითხეთ თქვენი გუნდის წევრებსაც, რას ფიქრობენ ამ საკითხების შესახებ.  ეს რთული პროცესია, ისევე როგორც, ყველა გეგმის შემუშავების პროცესი, თუმცა ძალიან დაგეხმარებათ მომავალში პრობლემებზე ეფექტურად რეაგირებისათვის.

გახსოვდეთ, პოზიტიური აზროვნებაც ძალიან კარგად მუშაობს. როდესაც თქვენ უკვე შექმენით სათადარიგო გეგმა და მიხვდით, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მზად ხართ, დადებით მოვლენებზე იწყებთ ფიქრს. მერფის კანონი თქვენი მეგობარია, მაგრამ ის თქვენს მეგობრად რჩება მხოლოდ მცირე დოზით გამოყენების შემთხვევაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად ყველაფერი დამოკიდებულია აღქმაზე. როდესაც ცუდ განწყობაზე ვართ, მოვლენების აღქმა უფრო ნეგატიური ხდება. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა დაფიქრდეთ, ნამდვილად მერფის კანონთან გაქვთ საქმე თუ უბრალოდ ყველაფრის შავ-თეთრად დანახვა გსურთ. მხოლოდ გულწრფელი პასუხის შემდეგ დაიწყეთ მოქმედება.

მოამზადა ანა მელაშვილმა

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply