ყველაფერი შენი ბრალია, დედა!

0
“თუ სხვა მიზეზი არ არსებობს, მიზეზი დედაშენია!“ ფროიდი.
დამნაშავე აღმოჩენილია: ყველა შენი პიროვნული კრიზისი, წარუმატებლობა, დაბალი თვითშეფასება, მძიმე ემოციური მდგომარეობა, შენი ბრალი არ არის, დედაშენის ბრალია. ცხადია, ამ აზრმა ჯერ კიდევ არ დაკარგა ძალა, რადგან ადამიანებს ძალიან გვიჭირს პასუხისმგებლობა ბოლომდე ავიღოთ საკუთარ თავზე, არავინ გავხადოთ მოზიარე ჩვენი წარუმატებლობის, მარტომ ვზიდოთ ტვირთი.
თუკი დამნაშავე აღმოჩენილია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. როგორ დავსაჯოთ დედა? – ვუთხრათ ყველაფერი რაც გულს ატკენს, ვანერვიულოთ ჩვენი საქციელით, გავხდეთ ის, რაც მას ასე ძალიან არ უნდა რომ გავხდეთ. ამასობაში კი ვკარგავთ საკუთარ თავს და ზოგჯერ გვძულს კიდეც ჩვენი თავი, რადგან თვითონაც არ მოგვწონს რადაც გადავიქეცით. შედეგად დაისაჯა არა მხოლოდ დედა, არამედ ჩვენც. მაშინ რა აზრი ჰქონდა დამნაშავის ძებნას?
ფროიდი სულელი კაცი არ იყო, მოგეხსენებათ, ამიტომ რასაც ამბობს, აზრს მოკლებული სულაც არაა, ცხადია ბევრ რამეში არიან მშობლები დამნაშავეები შვილების წინაშე, დიდწილად ისინი არიან პასუხისმგებელნი შვილების ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ემოციურ სტაბილურობაზე თუ სხვა, მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა- თუ ის, რაც მე ვარ, როგორადაც მე ჩამოვყალიბდი, მთლიანად დამოკიდებულია სხვა ადამიანზე, ამ შემთხვევაში დედაზე/მშობელზე და ადამიანს სხვა შანსი არ აქვს ცხოვრებაში იმის გარდა რომ გახდეს ის პიროვნება, რადაც შექნა გარემოებამ, მაშინ რა არის მისი ნება, თავისუფლება, ინდივიდუალურობა. სად ვარ მე, ნამდვილი მე, მთელ ამ ისტორიაში. ნუთუ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე, საკუთარ ბედნიერებაზე. ნუთუ არ გვაქვს ძალა შევცვალოთ ჩვენივე რეალობა და სამუდამოდ მოგვესაჯა ვიყოთ უბედურები? ცხადია, არა. ადამიანს ყოველთვის და საკმარისი აქვს საკუთარი ცხოვრების განსაზღვრის ძალა.
#1: აღიარება
შენ ხარ შენი წიგნისვე ავტორი. ჩვენი ბიოგრაფია იწერება ყოველდღე. ყოველდღე მასში შედის თავები – წარმატების, წარუმატებლობის, სიკეთის, ბოროტების, იმედგაცრუების, რწმენის… თანაავტორობა, ან რედაქტორობა შენივე ცხოვრების წიგნის, არ არის ის როლი, რომლითაც უნდა კმაყოფილდებოდე.
#2: გაცნობიერება
ყველაზე კარგი გაკვეთილები, ყველაზე მტკივნეულ გამოცდილებებზე გადის.
პიროვნებები იქმნებიან გამოცდილებებით, რაც უფრო რთულია და მტკივნეული გამოცდილება, რაც უფრო ღრმა იარას ტოვებს ჩვენს სულში, მით უფრო მნიშვნელოვანია ის, ამიტომ მისი დანახვა სწორი პრიზმიდან მოგცემთ საშუალებას ჭრილობა გარდაქმნათ უპირატესობად.
ჩვენი გამოცდილებების, ჩვენი ტკივილის, ჩვენი მშობლების როლის გაანალიზება უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ დამნაშავის ძებნას და მით უმეტეს შურისძიებას, ის უნდა გახდეს გასაღები იმ კარის, რომელიც აღებს სივრცეს, საიდანაც იწყება ყველაზე საინტერესო მოგზაურობა საკუთარ თავში.
მოგზაურობის დროს, ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინოთ, სასიამოვნოც და უსიამოვნოც, ამიტომ ჯობს, გზად ფსიქოლოგი წაიყოლოთ.
ამ მოგზაურობაში აღმოაჩენთ არა მხოლოდ თქვენ თავს, არამედ თქვენი მშობლების გამოცდილებებსაც, იმ ტკივილებს რომელიც მათ გაუვლიათ, იმ ხიდებს, რომელიც მათ ჩაუტყდათ და ვეღარ ამოაშენეს, ჭრილობებს რომელიც ახლაც სისხლმდინარეა და დაგებადებათ კითხვა – ღირს კი დავსაჯო დედაჩემი?
თქვენ, როგორც ნაფიც მსაჯულს, თავიდან გეძლევათ შანსი, გადახედოთ მთავარი ბრალდებულის საქმეს და იქნებ შეიწყალოთ კიდეც.
კეთილი მგზავრობა ყველას, ვინც უკვე გზაშია.
ავტორი: ფსიქოთერაპევტი სალომე ფანჯიკიძე
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply