“მსახური ცათა, პრომეთეოსი, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს”

0

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი არ ველოდები არაფერს. მსახური ცათა, პრომეთეოსი, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

ირაკლიში ჩარკვიანებისა და თოიძეების გენეტიკა ჩაიდო. ირაკლის დიდი ბაბუა, გამოჩენილი მხატვარი მოსე თოიძე გახლდათ, მამაჩემი – კანდიდ ჩარკვიანი კი მოგეხსენებათ, 14 წლის მანძილზე საბჭოთა საქართველოს პირველი პირი იყო. ირაკლი თავის რომანში წერს, – ჩემზე ამბობდნენ, მოსე-კანდიდი უნდა გამოვიდესო. ირაკ-ლი 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა. ამ ქვეყანას ძნელად მოევლინა – მაშებით, თანაც სახეზე, ცალ მხარეს პარეზისაგან ლოყა მოღრეცილი ჰქონდა. პირველი ორი კვირა ძალიან მძიმედ იყო, ფილტვების ანთებაც დაემართა, თუმცა საბედნიეროდ, “პენიცილინმა” გადაარჩინა. მე ექვს თვემდე ბავშვებს ხელში ვერ ვიყვან, მეშინია. 6 თვის მერე ირაკლი თანდათანობით უკეთესი შესახედი გახდა, ემოციების პირველი ნიშნებიც დაეტყო… ჩემს ოჯახში ზოგს ძალიან კარგი სმენა ჰქონდა, ზოგს – საერთოდ არა, ამიტომ ირაკლი რომ რაიმეს წაიღიღინებდა, ჩუმად ვუსმენდი – ძალიან მინდოდა, მუსიკალური ნიჭი გამოჰყოლოდა. მამაჩემს სმენა საერთოდ არ ჰქონდა, დედაჩემს კი – ბრწყინვალე. მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ სწორედ მან მაზიარა ქართულ მრავალხმიანობას. როცა ირაკლი 6 წლის შესრულდა, დავწყნარდი, – მისმა სიმღერამ დამარწმუნა, რომ სმენა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა საინტერესო მუსიკას თუ დაწერდა, ვერ წარმოვიდგენდი. – იგონებს გელა ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანი – დრო

და მაინც ვინ იყო ირაკლი ჩარვიანი?

ავტოპორტრეტი

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.

ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,
გამოცდილებას ყველა დროების,
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.

შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,
დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,
ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.

სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური,
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.

როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.

და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

ნაწყვეტი რომანიდან „მშვიდი ცურვა“

„ჩემი პრობლემა ერთია, მე უნდა საბოლოოდ გამოვფხიზლდე წლის ბოლომდე და 2005-ში მაინც გავხდე ნამდვილი მეფე, ახალი წლის პირველი დღიდანვე დაიწყება ის, რასაც მე სუფთა მეფობას ვუძახი და ვნახოთ, იმედია ამ წიგნსაც დაეტყობა ჩემი ახალი სინამდვილე, დღესდღეობით კი ვაგრძელებ მზადებას იმ სანუკვარი დღისთვის, როცა ბოლოს და ბოლოს ვაღიარებ საკუთარ თავთან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქნება წმინდა, ვით განთიადი და მშვიდი, ვით შემოდგომა. მე ვგრძნობ იმ სუნს,რომელიც მარადიულობას უდის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება, რომელიც არის ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა გასხივოსნება სრულიად არ ასახავს იმ სისრულეს, რომელიც მხოლოდ წამით გვეხება ხოლმე ჩვენ, მოკვდავთ, და მერე გვტოვებს ამ შიზოფრენიულ მორევში ხორცის და ვნების, განცდის და ვარდნის , სიმდაბლისა და მონობის. ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორი წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეში აღწევს მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია. ასე რომ, მე ძალიან დიდი შანსი მაქვს ვიგრძნო რადაც განსხვავებული, განზომილებით უცხო და სურნელოვანი, რომელიც ეს-ეს არის უნდა დაიწყოს და მე მოთმინებით ველი ამ სიამოვნებას… „

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply