„მითხარი – მოგისმენ, ამიხსენი – გავიგებ, ჩამრთე – გავაკეთებ“

სათაურად გამოყენებული ჩინური ანდაზა, რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, თუ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ თქმას, ახსნასა და კონკრეტულ საქმეში ჩართვას მოტივაცია და სურვილი განაპირობებს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა-ო, ნათქვამია, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ორივე ერთნაირი პრივილეგიით სარგებლობს და მთქმელ-გამგონის აზრთა თანხვედრა ყოველთვის სასურველ  შედეგს იძლევა.

ჩემთვის აქამდე რომ გეკითხათ, რა არის პიარი, ალბათ დაფიქრება დამჭირდებოდა და შესაბამის განმარტებას მაინც ვერ მოგცემდით, მაგრამ ახლა შემიძლია თავდაჯერებულად გაგცეთ პასუხი. “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” პრინციპით მივხვდი, რომ პიარი ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენთვის სასურველ სფეროში შეუძლია მოტივაციის, შთაგონების და სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება.

ამ ყველაფრის კარგად გააზრებისთვის აუცილებლად უნდა იცნობდეთ მაკო ჯაოშვილს, რომელთან საუბრის შემდეგაც, ნამდვილად დადგებით სწორ გზაზე და მინიმუმ შეძლებთ, რომ ჩემსავით პიარის ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის არასწორი განმარტებით ილუზიაში არ იცხოვროთ.

მაკო ჯაოშვილი სამი შვილის დედა და საკუთარ საქმეში საკმაოდ წარმატებული ქალბატონია. ის გახლავთ PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ტრენერი, ლექტორი, უამრავი პროექტის ორგანიზატორი თუ თანამონაწილე და მისივე დაარსებული კომპანია “სევენთის” ხელმძღვანელი. სტატუსებს დავამატებდი, რომ ერთერთი საუკეთესო მოტივატორია.
დაისახა მიზანი, განსაზღვრა შედეგი და მიყვება ნაბიჯ-ნაბიჯ. აი ფორმულა, რომელიც საუბრისას მითხრა და იქვე განმარტა: “მიზნის დასახვის პროცესი რთულია, მაგრამ საინტერესო და როცა გულით მოინდომებ,  აუცილებლად მართლდება”.

– რა არის პიარი და რა რესურსებს საჭიროებს მისი შესწავლა?პიარი, ერთი შეხედვით მარტივი ეს აბრევიატურა, საკმაოდ მრავლისმომცველი დისციპლინაა. დღესდღეობით, საზოგადოებასთან ურთიერთობა ორმხრივ სიმეტრიულ კომუნიკაციის პროცესად არის აღიარებული და მენეჯმენტის ერთერთ ფუნქციას წარმოადგენს. მისი უმთავრესი რესურსი სიტუაციური ანალიზია, ხოლო დანიშნულება – საერთო ხედვა მოარგო საზოგადოების მაჯისცემას. კარგად უნდა იცნობდე შენი ორგანიზაციის, ბიზნესის, შენ გარშემო მყოფი ადამიანების ფასეულობებს, არსებულ მოცემულობას, დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებას, მოთხოვნებს და ურთიერთგაგებით მიაღწიო ჰარმონიულ შეთანხმებას. ინტერესების თანხვედრა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალებს ერთი საინტერესო თვისება გამოარჩევს: უნდა გქონდეს შინაგანი მოთხოვნა ჩაწვდე, შეისწავლო კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, გაიგო რა აინტერესებთ და მიაწოდო ინფორმაცია ობიექტურად, უფრო სწორედ, საინტერესოდ მოყვე რეალური ამბავი. იმისთვის, რომ ამ ყველაფერს თავი წარმატებით გაართვა – პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ის, რაზეც საუბრობ. ჯერ შენ უნდა გჯეროდეს საკუთარი ნათქვამის, რომ სხვას დააჯერო.

– როგორი იყო თქვენი საქმიანობის პირველი ნაბიჯები?
დასაწყისში ყველაფერი რთულად გეჩვენება, რა საქმესაც არ უნდა მოკიდო ხელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც მეცნიერება და ხელოვნება, ჩვენთან არც ისე დიდი ხნის ისტორიას ითვლის, ცხადია, 1990-იან წლების ბოლოს ამ მიმართულებით კარიერის დაწყება გამბედაობაც იყო და საკუთარ თავზე სერიოზული პასუხისმგებლობის აღება. პრაქტიკით შეძენილი გამოცდილება  თეორიული ცოდნით გავიმყარე. პროფესიონალიზმის ამაღლებასთან ერთად დარგის განვითარებაში ხელშეწყობა დავისახე მიზნად. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ბაზაზე PR აკადემიის ინიციატივით შევიმუშავეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული სტანდარტი. ამის პარალელურად, როგორც დარგის ექსპერტმა მონაწილეობა მივიღე ღონისძიების მენეჯერისა და ღონისძიების დიზაინერის პროფესიული სტანდარტების შექმნაში, შემდგომ ოპტიმიზაციის პროცესში და სასწავლო პროგრამის შედგენაში. რაც შეეხება საკუთარი საქმის წამოწყებას, დიდი ხანი დამჭირდა ამის გადასაწყვეტად. არადა, ჩემი ახლობლები  სულ მაქეზებდნენ, რომ დროულად გადამედგა ეს ნაბიჯი. როგორც ჩანს, მხოლოდ 5 წლის წინ დავრწმუნდი, რომ მზად ვარ ასეთი „დამოუკიდებლობისთვის“. ასე გაჩნდა „სევენთი“ ჩემ ცხოვრებაში და ახლა ერთად ვიზრდებით პროფესიული კუთხით. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე საინტერესო პროექტზე, ზოგის ინიციატორი და იდეის ავტორი ვარ, ზოგს დამკვეთისთვის ვასრულებ.

– ვიცი რომ ხართ ბლოგერი, რაზე წერთ ძირითადად?
ბლოგერობა საკმაოდ საინტერესო გამოწვევად მივიღე. საერთოდ, წერითი მიმართვის ფორმა ჩემი ხასიათის ერთერთი შტრიხია. ბავშვობიდან მოყოლებული, ოჯახის წევრებს და მეგობრებს „ვანებივრებდი“ წერილებით. როცა საქმიანობიდან გამომდინარე სტატიებისა თუ სხვა პუბლიკაციების მომზადება ფუნქციურ მოვალეობად დამეკისრა, აღმოვაჩინე, რომ ცოტა „მძიმე“ ენით ვწერდი. ბუნებრივია, თუ გინდა, რომ კომუნიკაცია მართლაც ყველასთვის გასაგები იყოს, მსუბუქად უნდა ჩააწოდო, ლაკონურად უთხრა, ადვილად დაამახსოვრო. ამიტომაც შევუდექი ნათქვამის გამარტივებას, მეტყველებიდან რთული წინადადებების და/ან სიტყვების „გაცხრილვას“,  უფრო მოკლე შესატყვისით ჩანაცვლებას და  საბოლოოდ, ბლოგის სტილიც გავითავისე. ძირითადად მამოტივირებელ ჩანაწერებს და პოზიტიურ სტატუსებს ვაქვეყნებ. ვწერ რაოდენ მნიშვნელოვანია დადებითი მუხტი ნებისმიერ წამოწყებაში, რამხელა ძალა აქვს მიზნისადმი ერთგულებას, შემართებასა და გულმოდგინებას. გამამხნევებელ მოწოდებად კი თქვენ მკითხველს ასე ვეტყვი: “რაც მეტად გამოვიჩენთ პირად პასუხისმგებლობას და ვუერთგულებთ დაწყებულ საქმეს, წარმატება მუდამ ჩვენს გვერდით ივლის”.

– რომელი პოექტია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?
დახარისხება გამიჭირდება, რადგან ნებისმიერ პროექტს თავისი ადგილი აქვს და თავისებურად ყველა გამორჩეული გამოდის. ყოველ მათგანში გულის ნაწილია ჩადებული, მოტივაცია, მიზნის მიღწევის სურვილი, ორგანიზებულობა, ძალისხმევა. შეიძლება ითქვას, რომ რეალიზებული პროექტები შვილებივითაა, ამაგს დებ და გიყვარდება უანგაროდ J და მაინც… ერთ ძალიან საინტერესო ინიციატივაზე ვისაუბრებ, რომელიც ეხება ბუნებაზე ზრუნვისთვის პირადი პასუხისმგებლობის წახალისებას. მისი პირველი ეტაპი “თბილისური წალკოტი” ჩემს მეგობარ და ნიჭიერ ადამიან გოგა ჩანადირთან ერთად განვახორციელე თბილისის საკრებულოსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. მე და გოგამ უბან-უბან, ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო მოვიარეთ ჩვენი დედაქალაქი. ბევრგან ვიპოვნეთ სიმწვანეში ჩაფლული ლამაზი ადგილები, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ვისთვისაც ყვავილები, ხე-მცენარეები პატარა ბავშვივით  სათუთი მოსავლელია. გოგამ ფოტოებზე აღბეჭდა, მე კი პროზაული ჩანაწერები შევუხამე ნაპოვნ „მარგალიტებს,“ ბარათებად დავბეჭდე და პოზიტიური განწყობის ასამაღლებლად ვავრცელებ ნაცნობ-უცნობებში. პროექტის დევიზია ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში, ხოლო მთავარი მიზანი – რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება, გარემოს მოვლა-პატრონობა. მეორე ნაწილი გრძელდება “ჩვენებური ოაზისების” სახელით და ვისურვებ, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი, მონაწილე და ბუნების დამცველი იყოს ჩვენ გვერდით.

– რთულია თუ არა კარიერისა და ოჯახის ერთმანეთთან შეთავსება?
აქაც ბალანსის დაცვაა საჭირო.  ოჯახი მიმაჩნია საყრდენ ძალად, რომელიც ზურგს გიმაგრებს, შვილებთან ურთიერთობა ცალკე „სიმფონიაა“ J ხუმრობით „კომისიას“ ვუწოდებ ხოლმე, რადგან რჩევასაც მაძლევენ, კრიტიკულ შენიშვნებსაც და რაც მთავარია, ობიექტური შემფასებლები არიან. ჩემ საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება სწორედ მათთან შეთანხმებით მიმიღია.   საქმის სიყვარულით კეთება ჩემთვის მოტივაციის წყაროა. თავის მხრივ,  საყვარელი ადამიანების გარემოცვა მეხმარება, რომ  ადვილად გავართვა თავი იმ მრავლობით ამოცანას, რასაც ბიზნესის და სასწავლო-სატრენინგო პროცესების მართვა მოითხოვს.  ასევე გამიმართლა, რომ PRაკადემია, სადაც მეხუთე წელია, როგორც ტრენერი ვთანამშრომლობ და ახლა უკვე საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორიც ვარ, ოჯახურ-მეგობრული სითბოთი მავსებს. აქაურობა მართლაც არის მოტივატორი სიახლეებისა და საინტერესო გამოწვევებისთვის .


– რა არის თქვენი უახლოესი გეგმები?
ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობ ახალ სასწავლო კურსზე, რომელსაც PRაკადემიაში მაისის შუა რიცხვებიდან ვიწყებთ. ბიზნესეთიკა და კომუნიკაციის ეტიკეტი ჯერჯერობით სუსტ რგოლად რჩება ქართულ რეალობაში. კურსის მიზანია მონაწილეებმა გაიგონ პროცესებზე ორიენტირებული ურთიერთქმედების არსი, დახვეწონ კომუნიკაციის პროცესები და გამოიყენონ დარწმუნების ხელოვნება. საქმიანი ურთიერთობების დახვეწა ყველა ტიპის ორგანიზაციის, ნებისმიერი ბიზნესის, ყოველი ადამიანის წარმატების საწინდარია. როცა კარგად ფლობ კომუნიკაციის საიდუმლოებას, როცა ერკვევი მოლაპარაკების ასპექტებში, როცა საუკეთესოდ მართავ ემოციებს, დროს და პროცესებს, რაღა თქმა უნდა, ნაყოფიერი შედეგი სახეზეა. მიმდინარე კურსი კიდევ უფრო ინტერაქტიულია, რადგან დისკუსიის ფორმატი ამ შემთხვევაში სწავლის ფორმაც არის და საქმიანი ურთიერთობის ერთერთი სახეობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთშეთანხმების მისაღწევად. როგორც ჩინური ანდაზა გვასწავლის, რაც მეტად ჩართულები ვართ პროცესში, მით უკეთ გავითავისებთ. PRაკადემიის სასწავლო გარემო, თვითმოტივაციისა და თვითმენეჯმენტის ამაღლებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი ყოველ დაინტერესებულ მსმენელს უქმნის რეალურ შესაძლებლობას პიროვნულად და პროფესიულად განვითარდეს. მეც ამ ნიშნით ავირჩიე და შევიყვარე აქაურობა – ვასწავლო, ვიმუშაო და დავიხვეწო პოზიტიური მუხტით სავსე მოტივირებულ ადამიანთა გარემოცვაში.

და ბოლოს, ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ცოდნას სხვებს უზიარებ და მალევე ხედავ პრაქტიკულ შედეგებს.

მოამზადა: სოფო ზურაბიანმა

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი