გზა ოცნებიდან რეალობამდე – ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტის ემოციური ისტორია

0

თუკი ოდესმე დამისვამ კითხვას: “თაკო, დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც თავისი პატიოსანი შრომით, გავლენიანი ბიძიების გარეშე იბრძვის წარმატებისთვის (და გამოსდის რამე)?!” , მე აუცილებლად მოგიყვები მის ისტორიას…

კლასელები ვართ. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. გამუდმებით ამაზე ვსაუბრობდით: “რომ გაიზრდება” როგორი კარიერა უნდა რომ ჰქონდეს, როგორი იქნება მისი საავტორო გადაცემა. იმდენად იყო გატაცებული ამ პროფესიით, იმასაც კი წერდა, პირველი 50 გადაცემა რას დაეთმობოდა. მაშინ ძალიან უყვარდა ეკა ხოფერიას შოუ. იმ პერიოდში ეკას და ინგა გრიგოლიას გადაცემები დიდ კონკურენციაში იყო ერთმანეთთან, ჰოდა, ყოველი ეთერის შემდეგ გამოწერილი მქონდა სატელეფონო ზარი, სადაც ის მთელი ენთუზიაზმით აკეთებდა ანალიზს… ჰო, როდესაც ტელეფონზე დავურეკავდი, საუბარს ასე ვიწყებდი: “ზაალ, გისმენ!” (მაშინ კურიერი ზაალ უდუმაშვილს მიჰყავდა, ჩემს მეგობარს კი დავითი ჰქვია… დღემდე ზაალს ვეძახი). მაშინ ძალიან, ძალიან, ძალიან მჯეროდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.

შემდეგ უმაღლესში ჩავაბარეთ. სამწუხაროა, როდესაც ბავშვური “ფრენის” შემდეგ გიწევს მკტივნეული ფრაზების მოსმენა: “აირჩიე რაიმე პერსპექტიული პროფესია”, “ახლა ეს არის პოპულარული”, “დროა, გაიზარდო” და ა.შ. მოკლედ, “ზაალმა” ბიზნესზე ჩააბარა. ჩემს გონებაში ყოველივე ეს ძალიან არალოგიკურად (და უსამართლოდ) ჯდებოდა, მაგრამ სამყარო ჩვენს აზრებს ხშირად ღიმილით უყურებს… თუმცა, “სრულიად შემთხვევით” (შემთხვევითობა კი არ არსებობს…), ზაალის უნივერსიტეტში გაიხსნა ჟურნალისტიკის 2 წლიანი კურსი, რომელსაც პროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ და სადაც მიეკედლა კიდეც მაშინვე. ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით ითვისებდა, ისევ განვიხილავდით, მეც ძალიან ბევრს ვსწავლობდი ყოველივე ამისგან, ისევ ვბედავდით გვესაუბრა მის საავტორო გადაცემებზე, მის დიდებულ კარიერაზე…

თუმცა, დამთავრდა უნივერსიტეტის პერიოდი და დაიწყო “დიდების ცხოვრება”. ის ცხოვრება, სადაც ვაკანსიას გემოვნების მიხედვით რთულად თუ შეარჩევს ადამიანი, რომელსაც ძალიან სჭირდება საარსებო წყარო. ხშირად ვხედავდი გულჩათხრობილს და ჯიუტად ვუმეორებდი, რომ აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად მიაღწევს მიზანს!!! ამის წარმოუდგენლად მჯეროდა ყოველთვის!!! არ შემეძლო დამეშვა გონებაში, თუ როგორ იმარხებოდა ჩემი მეგობრის სანუკვარი ოცნება… ახლა მისი მიზანი, უბრალოდ, სამსახურის პოვნა იყო…

დიდი წვალების შემდეგ, იპოვნა (ყოველგვარი დახმარების გარეშე!). 09-ში, ურთულესი სამუშაოს შესრულება უწევდა ყოველდღიურად. დღის მანძილზე პასუხობდა 400-500 ზარს (წარმოდგენა არ მაქვს, ამას როგორ ახერხებდა, ვისაც ოდესმე ეს მოგიხერხებიათ, იცოდეთ, უდიდეს პატივს გცემთ!), საიდანაც ერიცხებოდა მიზერულზე მიზერული ანაზღაურება. ველოდებოდი, როდის გაბრაზდებოდა და წამოვიდოდა იქიდან, რადგან საკმაოდ სტრესულ სამუშაოს “არასწორად” ნათქვამი სიტყვების გამო დამატებით ახლდა ჯარიმების სისტემა (რაც, თავისთავად, ხელფასიდან ექვითებოდა!). ზაალმა ეს რთული პირობები გამოიყენა საკუთარი თავის გამოძერწვის იარაღად: დახვეწა სამუშაოს შესრულების ხარისხი და მთელ განყოფილებაში საუკეთესოდ ასრულებდა მის ფუნქციას…

პარალელურად, სულ ეძებდა რაიმე ახალს, თან მაინც ეჭირა ჟურნალისტის ვაკანსიაზე თვალი და ერთხელაც, გამოჩნდა… საინფორმაციო სააგენტო “პირველი”. ეს იყო პირველი იმედი ჩემთვის, პირველი პატარა მწვერვალი. ახლა ჩემს მეგობარს ჟურნალისტი ერქვა. ჰოდა, დაიკაპიწა ხელები და ჩვეული მუყაითობით შეუდგა საქმეს. ამას მოყვა სხვა ვაკანსიები, გადაინაცვლა სხვადასხვა სააგენტოებში. საკმაოდ მცირე ანაზღაურებაზე ისევ იმ ენთუზიაზმით მუშაობდა, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა.

ჰოდა, ერთ დღესაც მატყობინებს, რომ მაესტროზე, ბიზნესკონტაქტში აიყვანეს და პირდაპირ ეთერში ექნება ხოლმე ჩართვა… აი, მაშინ ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ვიტირე… ყველა მომენტი, ეკა ხოფერიადან, “გისმენ, ზაალიდან” დღემდე თვალწინ დამიდგა… თითქოს ყოველივე ის, რასაც გონებაში ჯიუტად ხატავს ადამიანი, მოულოდნელად ცოცხლდება და რეალობად იქცევა, თუკი ამის ნამდვილად და ბოლომდე სწამს ადამიანს და თუკი შეუძლია ამისათვის ბოლომდე იბრძოლოს იმის მიუხედავად, გამოუვა ეს თუ არა…
ეს მისი პირველი გამარჯვებაა ჩემთვის, გაცილებით უფრო სერიოზული გამარჯვება კიდევ წინ აქვს! ცხადია, ამის წაკითხვის შემდეგ დამირეკავს და მეტყვის: “მეფო, რას მიკეთებ?! ეს რა გამარჯვებაა?! “, მაგრამ არ მაინტერესებს! დღეს, 21 იანვარს მისი დაბადების დღეა და როგორც მიხარია, ისე მივულოცავ, თუ შეიძლება!!!

ზაალ, გილოცავ და მინდა ის 50 ეთერი ვნახო, ბავშვობაში რომ დაგეგმე!!! მეამაყები!!! ადამიანებო, იცით, რა გრძნობაა, როცა რაღაცის გჯერა მაშინაც, როცა ეს შეუძლებელი ან არარეალისტური ჩანს?! ჰოდა, გჯეროდეთ, რა… ბოლომდე… გულით!

P.S. მისი სახელია დავით ჯალაღონია (ვინმემ არ იფიქროს, ზაალი ჰქვიაო, რა იცი, რა ხდება…) და დღეს ის 27 წლის გახდა.

P.P.S ძვირფასო მკითხველო, მოდი, ჩემთან ერთად მიულოცე დაბადების დღე ამ ადამიანს და შენც გისურვებ, შეძლო მიაღწიო იმას, რაც ნამდვილად გულით გინდა და რაც ნამდვილად “შენია”!

სიყვარულით,
თაკო მეფარიშვილი

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება



პერსონალური ანალიტიკოსი, ბიზნესკონსულტანტი , ჟურნალი ”ოთხი მოტივის” თანადამფუძნებელი და კრეატიული მენეჯერი