საშვილიშვილო ბიზნესი

0

საკუთარი ბიზნესის დაწყება მინდა… რაღაც ახლის და განსხვავებულის – ეს ფრაზები ხშირად გვსმენია ჩვენი ახლობლებისაგან. ახლობლებისაგან, რომლებიც ზუსტ ფორმულირებას ვერ აკეთებენ, იმისა თუ როგორი შეიძლება იყოს კრეატიული ბიზნესი, რა მახასიათებლები და თავისებურებები გააჩნია მას. არადა ეს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი საკითხია ბიზნესისთვის.
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მძაფრი კონკურენციაა. გლობალიზაციამ და გარკვეულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა პროცესებმა საერთაშორისო ბაზრები გახსნა, რაც ბაზრის თითოეული მონაწილე სუბიექტისგან განსხვავებულობა და სიახლეები მოითხოვა. დღევანდელ საქმიან რეალობაში ინოვაციები ნიშნავს განვითარებას და შესაბამისად გადარჩენას, მისი არ ქონა კი გაკოტრების ტოლფასია.

სტივ ჯობსი ამბობდა: „ჩემი საყვარელი ფრაზა ეკუთვნის ლეგენდარულ ჰოკეისტს უეინ გრეცკის: მე ყოველთვის იქით მივსრიალებდი, სადაც ჰოკეის ბურთი იქნებოდა რამოდენიმე წამის შემდეგ და არა იქით, სადაც იმ მომენტში იყო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ამის კეთებას ეფლის არსებობის პირველი დღეებიდანვე და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც“.
გაუსწრო დროს და აკეთო საქმე, რომელიც შვილებისა და შვილიშვილების ეპოქისთვისაც აქტუალური იქნება მარტივი საქმე არაა, თუმცა არც შეუძლებელი. ამისათვის არ არის აუცილებელი ამერიკაში საქმიანობდე და „სილიკონის ველზე“ აკეთებდე ბიზნეს. ეს საქართველოში ცხოვრების პირობებშიც შესაძლებელია, მთავარია ეს ბიზნესი ადამიანებს ეხმარებოდეს და მისი საჭიროება იდგეს დღის წესრიგში. ამის კარგი მაგალითი თიბისი ბანკის „ბიზნეს დაჯილდოება 2017-ის“ ინოვაციის კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიაა.
 „ფინა“ აწარმოებს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტს და კონსალტინგს. მათ მიერ წარმოებული პროგრამული უზრუნველყოფა ფინანსური ზედამხედველობისთვის  (FINA IRP) ნიგერიის ეროვნული ბანკის მიერ იქნა დანერგილი. 100 მილიონიანი ქვეყანაში, სადაც 2000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტია. ადგილობრივი  ცენტრალური ბანკი  ქართული კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფით მუშაობს.
„ფინას“ ძირითადი ბიზნეს იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო მომსახურება, რომელიც რაიმე კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ იქნებოდა მიმართული და ეს კონკრეტული პრობლემა, აქტუალური იქნებოდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
კახაბერ ხელაძე (ფინას დამფუძნებელი): „ ჩვენ შევქმენით უნივერსალური კომპიუტერული პროგრამა ფინანსური საზედამხედველო ორგანოებისა და ეროვნული ბანკებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური დოკუმენტების დამუშავებასა და ანალიტიკას. რამდენადაც ფინანსური ზედამხედველობის სისტემები აქვს ყველა ქვეყანას, ჩვენი მიზნობრივი აუდიტორიაც საკმაოდ მრავალფეროვანია.“
 ბიზნესისთვის უნივერსალურობასთან, კრეატიულობასა და ინოვაციურობასთან ერთად მთავარია ხელმისაწვდომობა. საფასო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პოტენციური კლიენტების რაოდენობას და მძაფრი კონკურენციის პირობებში უპირატესობის მოპოვების საფუძველს წამოადგენს.
კახაბერ ხელაძე: „ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამა ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ ნებისმიერი მსურველისთვის. ბიზნეს კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვყიდით არა პროგრამას, არამედ მომსახურებას, რომელიც პროგრამის ფუქციონირების პროცესში ხდება საჭირო.  მაგ: პროგრამის დაყენება, პროგრამის გამოყენების შესწავლა, პროგრამის განვითარება და ა.შ. ეს გადაწვეტილება ზრდის სანდოობას ჩვენ მიმართ და უფრო ხელმისაწვდომს ხდის ჩვენ პროდუქტს.“

„ფინა“ 2006 წელს საქართველოში დაფუძნდა. ამ ეტაპზე პროექტებს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორცილებს. ეს მიღწევა იძლევა ამბიციური გეგმების საფუძველს. უახლოესი გეგმა ევროკავშირის ქვეყნებში ფეხის მოკიდება გახლავთ. „ფინას“ განვითარების დინამიკიდან და ინოვაციური სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე, გეგმა რეალური და განხოციელებადია.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply