25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც 25 წლის განმავლობაში მივიღე

0

მალე 25 წლის გავხდები. საუკუნის მეოთხედი ის ასაკია, როცა შეგიძლია მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც მცირეოდენი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარო, თუმცა რამოდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მეგობრის პოსტით შთაგონებულმა, გადავწყვიტე ჩემი თავიც გამოწვევის წინაშე დამეყენებინა და მოკლედ ჩამომეყალიბებინა ის ძირითადი გაკვეთილები, რაც ცხოვრებამ მასწავლა. გთავაზობთ 25 ცხოვრებისეულ გაკვეთილს, რომელიც 25 წლის განმავლობაში მივიღე:

1. სარკეში ჩახედვისას საკუთარ ანარეკლს ვხედავთ, ხოლო სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას – საკუთარ სულს. რაც უფრო დაბინძურებულია სული, მით მეტ სიბინძურეს ვხედავთ სხვა ადამიანში, ხოლო სუფთა სულის ადამიანი სხვაშიც მეტ სათნოებას პოულობს.

2. ნებისმიერ საქმეში ერთ ადგილზე დგომა ნიშნავს უკანსვლას. მნიშვნელობა არ აქვს ნაბიჯების სიდიდეს, მთავარი მუდმივად ზრდისა და წინსვლის სურვილია.

3. ყოველი ღირებული წიგნის წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ ისეთი ვეღარასოდეს იქნები, როგორიც ამ წიგნის ხელში აღებამდე იყავი.

4. ყველაზე ძლიერ იმ ადამიანს უყვარდები, რომელსაც შენს ნამდვილ ,,მეს“ აჩვენებ. სხვა დანარჩენი ურთიერთობების წვალებაა.

5. ყველა უბედურების თავი და თავი ის არის, რომ ადამიანებს აკლიათ სიღრმე.

6. ყველა ადამიანს მინიმუმ ერთი მორალური პრინციპი მაინც უნდა ჰქონდეს საკუთარ თავში, რათა ადამიანის სახე არ დაკარგოს.

7. არ აჰყვე ბრბოს. ის ყოველთვის ტყუის.

8. მარტოობა ხანდახან სულის მკურნალია.

9. თუ გსურს ნამდვილი სილამაზის შეცნობა, ესტუმრე ყვავილებით მორთულ მინდვრებს.

10. ღიმილი ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ჟესტია, რაც შეიძლება უფალს ადამიანებისთვის ერთმანეთთან საურთიერთობოდ ებოძებინა.

11. მიიღე ცხოვრებისეული გამოწვევები. ნუ გეშინია ცვლილებების. ჩვენ ერთფეროვნებისთვის რომ ვიყოთ ჩაფიქრებული, ასეთი მრავალფეროვანი სამყარო არ გვექნებოდა.

12. სირცხვილი არ არის საკუთარი აზრის შეცვლა და იმ აზრზე დათანხმება, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეწინააღმდეგებოდი. სირცხვილია, ჭეშმარიტების აღმოჩენის მიუხედავად, გაჯიუტება და სიცრუეში დარჩენა.

13. ბავშვების ჟრიამული ყველაზე სასიამოვნო ხმაურია, რაც შეიძლება ადამიანმა დედამიწაზე გაიგონოს.

14. ჩვენ შეიძლება ნებისმიერი ადამიანისგან, განურჩევლად ასაკის, განათლების და პიროვნული განვითარებისა, ვისწავლოთ რაიმე ღირებული.

15. ასობით კილომეტრი რომ გქონდეს გასავლელი, ყველაფერი პირველი ნაბიჯიდან იწყება. (არ მახსოვს ეს სიტყვები სად ამოვიკითხე, მაგრამ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ დევიზად იქცა).

16. მოუსმინე ყველას, ვინც რჩევას გაძლევს, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღე.

17. მოშორდი ადამიანებს, რომლებიც გაკომპლექსებენ. უბრალოდ ადექი და გაეცალე.

18. თუკი გარეგნობას სათანადო ყურადღებას არ უთმობ და ხშირად მოუწესრიგებლად გამოიყურები, არავინ დაგიჯერებს, რომ შინაგანად მოწესრიგებული პიროვნება ხარ.

19. ჭეშმარიტ განათლებასა და ინტელექტს არაფერი აქვს საერთო ამპარტავნებასთან.

20. სიზარმაცე ჩვეულებრივი მოვლენაა და გამოწვეულია კონკრეტული სურვილის სისუსტით.

21. სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყველაზე მდაბიური ქცევაა.

22. შვიდი მილიარდი დედამიწის შვილი. კოსმოსიდან საზღვრები არ ჩანს.

23. ყველაზე დიდი სიმდიდრე მოსიყვარულე ოჯახია. მასზე დიდ სიმდიდრეს, სიხარულს და შვებას ვერასოდეს და ვერსად მოიპოვებ.

24. ბავშვობის მეგობრები უდიდესი განძია. ისინი მომსწრენი არიან შენი პიროვნული ზრდა-განვითარებისა და ქარიშხლიან დღეებში მყუდრო ნავსაყუდელივით ხელგაშლილნი გელოდებიან.

25. ყოველთვის აჩუქე თავს პაწაწინა სიხარული. ისინი ზღვის წვეთებივით მოქმედებენ. ცალ-ცალკე ძნელად შესამჩნევნი არიან, მაგრამ ყველა ერთად, მთლიანობაში გაყალიბებს შენ ბედნიერ ადამიანად!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply