10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას

0

არსებობენ რთული და მარტივი წიგნები. ასევე, არსებობენ ისეთები, რომლებიც გიპყრობენ, გითრევენ პერსონაჟების კვალდაკვალ გონების ბნელ ლაბირინთებში და გცვლიან წარმოუდგენლად.

გთავაზობთ ათ წიგნს მათთვის, ვისაც არ ეშინია აღმოაჩინოს საკუთარი თავის ახალი მხარე.

კაძუოუსუგურო „არ გამიშვა“

თანამედროვე იგავი,ჟრჟოლისმომგვრელიფანტასტიკური ისტორია, სავსებით რეალისტური სიუჟეტით – ადამიანები, რომელთა სამწუხარო ბედი წინასწარ არის ცნობილი და გადაწყვეტილი. მათ იციან, რისთვის ცხოვრობენ. მათ იციან, რისთვის მოკვდებიან, და მაინც აგრძელებენ თავიანთ გზას. ეს ერთ-ერთი გამჭოლი ისტორიაა კეთილშობილებასა და არაადამიანობაზე.

იენ მაკიუენი „შაბათი“

ცნობილი ნეიროქირურგი ჰენრი პეროუნი სავსებით კმაყოფილია ცხოვრებით: მან შეძლო საკუთარი თავის რეალიზება პროფესიაში და მას მშვენიერი ოჯახი ჰყავს, მაგრამ ერთ ჩვეულებრივ შაბათ დილას ყველაფერი იცვლება: შემთხვევითობების ჯაჭვს მივყავართ წარმოუდგენელ მოვლენებთან. ზუსტი, თანმიმდევრობითი თხრობა იცვლება მძაფრსიუჯეტიანი თრილერით, რომელიც, თავის მხრივ, ხდება ფილოსოფიური იგავი.

ჩაკ პალანიკი „მებრძოლთა კლუბი“

1990-იანი წლების ყველაზე შთამბეჭდავი და სკანდალური წიგნი. ჩაკ პალანიკი მოგვითხრობს „X თაობაზე“, რომელიც განრისხებულია. ეს არის უკანასკნელი განწირული ცდა გახდნენ თავისუფლები. „აღდგომა შესაძლებელია მხოლოდ სრული თვითგანადგურების შემდეგ. მხოლოდ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ ვაღწევთ თავისუფლებას“.

ჯონ მაქსველ კუტზეე „ნელი ადამიანი“

ავტოავარიის შედეგად ფოტოგრაფ პოლ რეიმენტსუკეთებენ ფეხის ამპუტაციას და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. პოლი უარს აცხადებს პროთეზზე და საავადმყოფოდან ბრუნდებასახლში, სადაც ხდება უცხო ადამიანებზე დამოკიდებული. ეს წიგნი არის ადამიანზე, დროზე და ბედისწერაზე, მუდმივ პრობლემებზე, რომლებსაც ვერ მოიშორებ აბეზარი ბუზივით.

დევიდ მიტჩელი „ღრუბლიანი ატლასი“

მიტჩელის რომანის „გადაყლაპვა“ ნაჩქარევად არ შეიძლება. მისით უნდა დატკბეთ, როგორც არაჩვეულებრივი სიმფონიით, ექვსი ინსტრუმენტის იდეალური ჟღერადობით, როგორც ერთი სულის ექვსი სიცოცხლე.ეს არის წიგნი, რომელსაც თითოეული მკითხველი თავისებურად გაიგებს – მოზაიკას ჰგავს, რომლითაც სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა სურათებს აწყობს. ჯადოსნობა? ეჭვგარეშეა. სიტყვის მაგია სახეზეა.

სირი ჰუსტვეტი „რაც მე მიყვარდა“

ეს უბრალოდ რომანი არ არის, ესაა – მოგონებების ფაქიზი და წვრილი ქსელი. ნიუ-იორკელი ხელოვნებათმცოდნე პროფესორი ლეო ჰერცბერგი იხსენებს თავის ცხოვრებას და მხატვარ ბილი ვეკსლერთან მრავალწლიან მეგობრობას. სასიყვარულო გატაცებები, ქორწინებები, განქორწინებები, მოზარდი ბავშვები და ტრაგიკული მოვლენები – ამ წიგნში ერთმანეთს გადაეჯაჭვა დინამიკა და ლირიკა. ავტორი მოხდენილად თამაშობს მკითხველთან. სიამოვნება გარანტირებულია.

მარკ ჰედდონი „რა მოუვიდა ძაღლს ერთხელ ღამით“

კრისტოფერ ბუნუ თხუთმეტი წლისაა და ის აუტისტია. მან იცის მათემატიკა და საერთოდ არ იცნობს ადამიანებს. იგი ვერ იტანს, როდესაც ვინმე ეხება, არ უყვარს ზოგიერთი ფერი და არასდროს გასცდენია თავისი ქუჩის ბოლოს. თუმცა მას ელის გამოძიება, რომელიც აიძულებს დატოვოს საკუთარი სამყაროს საზღვრები.

ჟოზე სამარაგო „ორეული“

სამარაგოს პროზა – იმდენად დახუნძლულია საინტერესო ამბებით, რომ თავით გადაეშვები. ისტორია მასწავლებელზე, რომელმაც ერთხელ კინოფირზე აღმოაჩინა საკუთარი ორეული და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, იპოვოს იგი. რაღა თქმა უნდა, ეს ისტორია არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ამაში თქვენ თავად დარწმუნდებით, როდესაც დაიწყებთ კითხვას.

ანრი ბარბიუსი „ცეცხლი“

ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი რომანია ომზე. მასში არ არის რომანტიკა და პოეზია – მხოლოდ ბოროტი, ცინიკური სიმართლე, რომელიც ცეცხლივით წვავს ხელებსა და სახეს. სიმართლე იმაზე, რომ ომი – არის ჭუჭყი, სიმყრალე, ტკივილი, სიკვდილი. სურვილი ჩნდება, რომ რაც შეიძლება შორს მოისროლოთ ეს წიგნი, მაგრამ ამავდროულად დაიმახსოვროთ სამუდამოდ – რადგან ძალიან უბრალოდ და გულახდილად საუბრობსავტორი იმაზე, რაზეც სხვები დუმილს ამჯობინებენ.

უილიამ ტრევორი „ლიუსი გოლტის ისტორია“

გოლტებისოჯახი იძულებულია დატოვოს საკუთარი სახლი ირლანდიაში და გაემგზავროს ხანგრძლივ დევნილობაში, მაგრამ მშობლიურ მიწაზე რჩება მათი ცხრა წლის ქალიშვილი, რომელსაც, მოვლენათა ტრაგიკული განვითარების გამო მშობლები დაღუპულად თვლიან. სევდიანი ისტორია დაკარგულ გოგონაზე – ან დაკარგულ მთლიან ოჯახზე, ან მრავალ დაკარგულ ადამიანზე – კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ როგორი აუცილებელია გავუფრთხილდეთ ახლობელ ადამიანებს.

ა.ზ.

წყარო – mcvane.ge

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply