„ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია“

0

Mens sana in corpus sano – ეს სიტყვები რომაელ პოეტ – დეციმუს იუნუს იუვენალისს ეკუთვნის (დაახ. 60 -127 წლები ა.წ.)

ჯერ კიდევ როდის ითქვა ეს სიბრძნე ფსიქოსაომატიკის შესახებ, რომელიც მედიცინაში მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს თავის დამკვიდრებას.

/ფსიქოსომატიკა – (ფსიქოლოგია) (ფსიქოსომატური დაავადებები) სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას რიგი სომატური დაავადებების წარმოშობაში. “სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი”/

სანამ თემის განხილვაზე გადავალ, ერთი მარტივი კითხვა მინდა დავსვა. რა გვემართება ჩვეულებრივი, ბანალური სტრესის დროს?? უბრალოდ წარმოიდგინეთ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც უეცარი სტრესი დაატყდა თავს და გაიხსენეთ თქვენთვის უკვე ნაცნობი შედეგები, რაც ამ სტრესს გამოუწვევია: სუნთქვის ბალანსის დარღვევით დაწყებული, გულის შეტევით დამთავრებული. მიზეზი მხოლოდ სტრესული მდგომარეობაა, შედეგს კი ინფარქტამდეც შეუძლია მიგვიყვანოს. სტრესი ყველაზე სწრაფი საშუალებაა შედეგის დასანახად. ის ორგანიზმში ძალიან სწრაფ ცვლილებებს იწვევს, ცხადია რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს მის ფიზიკურ მდგომარეობაზე… თუმცა, არსებობს მიზეზები, რომლებიც გაცილებით ნელა მოქმედებენ ჩვენზე. მიზეზი რაც უფრო მძაფრია, მით სწრაფი და აშკარაა შედეგი, მაგრამ რაც უფრო ფარული და მონოტონური, მით უფრო შეუმჩნევლად იწყებს დაავადება წარმოშობას, შესაბამისად დროც მეტი უნდა.

სულის სიჯანსაღე პირველია, რისკენაც მოგვიწოდებენ ესა თუ ის სწავლებები, სხეულის დაავადება კი მხოლოდ და მხოლოდ სიგნალია იმისი, რომ სულს შველა სჭირდება. სხეული ჩვენ თავისი ენით გვესაუბრება. ფიზიკური დაავადება მხოლოდ სიმპტომია ნამდვილი დაავადების, დაახლოებით ისეთივე, როგორც გრიპს ახლავს სურდო, ან სიცხე. სიმპტომით შესაძლებელია დიაგნოზის დასმა, ამიტომ ფიზიკური დაავადებებით ჩვენ შეგვიძლია რეალური დაავადების დიაგნოსტიკა და მის თავდაპირველ მიზეზთან მიკვლევა. ფიზიკური სხეულის მკურნალობით, ჩვენ მხოლოდ სიმპტომს გავაქრობთ, რასაც მხოლოდ დროებითი გამაყუჩებლის ეფექტი ექნება, მიძინებული დაავადების კერა კი დაელოდება შემდეგ პროვოცირებას.

არსებობს დაავადებები, რომლებიც დღეს რატომღაც „სამარცხვინოდ“ ითვლება, და სწორედ იმიტომ ითვლება, რომ თავდაპირველ მიზეზს ააშკარავებს, მაგ: დღევანდელი ტერმინოლოგიით ცნობილი /პირდაპირი გაგებით/ სულიერი და ფსიქიკური დაავადებები. თუკი გრიპით ან თუნდაც არითმიით შეიძლება ადამიანებს „თავი შეაცოდო“ და უფრო მეტიც, მათი თანაგრძნობაც კი გამოიწვიო, საკმარისია იგივე ადამიანს ვუთხრათ, რომ მას არითმია კი არა შიზოფრენია სჭირს, აუცილებლად შეურაცხმყოფელად მიიღებს. არადა განსხვავება რეალურად არაფერია, ვინაიდან ნებისმიერი დაავადება სულიერი დისბალანსიდან მოდის. დაავადების განკურნების თეორიული შანსიც არ არსებობს, თუ ის პირველ რიგში არ ვაღიარეთ და არ მივიღეთ როგორც ფაქტი. მხოლოდ ამის შემდეგ გაგვიჩნდება მკურნალობის სურვილი. ჩვენ ხომ არ მივიჩნევთ სირცხვილად დამწვარ ხელს, რომელიც ჩვენივე დაუდევრობით დავიწვით? ან გულის ტკივილს, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვის შედეგად განვიცადეთ? რათქმაუნდა არა, უბრალოდ ერთიც და მეორეც მხოლოდ მიზეზს ასახავს. ჩვენ ჩვენივე დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით ვიგდებთ თავს საფრთხეში. მე არ ვამბობ, რომ გულგრილები და გულცივები უნდა გავხდეთ ყველა და ყველაფრის მიმართ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის, იმისთვის რომ სწორი კუთხით დავინახოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ფსიქოსომატიკური მიზეზი იმდენივეა, რამდენიც დაავადება, ყველაზე საშიში კი სწორედ ისინია, რომელთაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, ესენია: ნერვიულობა, ორგანიზმის გადატვირთვა, დასტრესვა, გადაღლა, შიში, წუწუნი, შფოთვა ყოველ წვრილმანზე, ცოტა უფრო მძიმე შემთხვევებიდან: შური, ლანძღვა, განსჯა, სიძულვილი, შურისძიება (თუნდაც აზრების დონეზე) და ა.შ. ეს ის ქმედებებია, რასაც ნებით თუ უნებლიედ ყოველდღიურად ვაკეთებთ და იმდენად უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, რომ ერთგვარ ჰობადაც კი იქცა. რაც უფრო სერიოზულია დაავადება, მით უფრო ღრმად არის მისი ფესვები ადამიანის ქვეცნობიერში გამჯდარი. ხშირ შემთხვევაში იმდენად ღრმად, რომ ადამიანს მძიმე დაავადებით ვერც კი შეატყობთ ამ თვისებებს. მიზეზი უამრავია, ამიტომ ნუ მიიღებთ ისე, თითქოს დაავადება აუცილებლად ადამიანის ცუდ თვისებებზე უნდა მიუთითებდეს. რათქმაუნდა არა, ის უბრალოდ შველას ითხოვს, მისი სხეული სთხოვს ცვლილებებს, რომელიც ადამიანის სულის ევოლუციისთვის აუცილებელი პირობაა, ცვლილებების გარეშე განვითარება შეუძლებელია, ჩვენ ვიცვლებით ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წამს, დაავადება კი სიგნალს გვაძლევს, რომ სადღაც, რომელიღაც საფეხურზე გავიჭედეთ ან დიდხანს შევყოვნდით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს და მოვუსმინოთ სხეულს, რომელიც ამ შემთხვევაში სულის შიკრიკის როლს ასრულებს. ალბათ ამიტომ უთქვამთ ბრძენებს: დაავადებით ვიკურნებითო..

მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და ჰკითხეთ თავს: კონკრეტულად რაში გაფერხებთ ეს დაავადება, რაში გიშლით ხელს? და თქვენ მიაგნებთ პასუხს.

ომანაძე ემა
/08.03.2016/

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply