ხულიგნების სპორტი, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენ

0

რაგბი თავდადებაა.

რაგბი ვაჟკაცობაა.

რაგბი გვერდში დგომაა.

რაგბი სიძლიერეა.

რაგბი ინტელექტია.

რაგბი ღირსეულების თამაშია.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1823 წლის 7 აპრილს 16 წლის მოსწავლემ, უილიამ უებ ელისმა, რომელიც ინგლისის ქალაქ რაგბის ფეხბურთელთა გუნდში თამაშობდა, წესი დაარღვია – ბურთს ხელი სტაცა და მეტოქის კარისკენ გაიქცა, რითაც დასაბამი დაუდო სპორტის ახალ სახეობას. სადღეისოდ ეს ვერსია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბის მთავარი ჯილდო, მსოფლიოს თასი, მაინც ელისის სახელს ატარებს, რაგბის კოლეჯის კედელს კი ისევ ამშვენებს მემორიალური დაფა წარწერით: “დაე, ეს დაფა გვახსენებდეს უილიამ უებ ელისის დიდებულ საქციელს, ვინც გაბედა წესის დარღვევა, ხელში აიტაცა ბურთი და გაიქცა. ასე წარმოიშვა თამაში რაგბი 1823 წელს. “

რაგბი მორაგბის ცხოვრებაში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა ხმალაძე: ,, ჩემთვის რაგბი მარტო სპორტი არ არის. ისეთი ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს ბიჭებს ერთმანეთთან, ისეთი მეგობრობა გვაკავშირებს და იმდენად დიდ დროს ვატარებთ ერთად, რომ გარკვეულწილად ჩვენი მეორე ოჯახია რაგბის სამყარო. მე, პირადად, ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა, დიდ სიამოვნებას ვიღებ არამარტო თამაშით, არამედ იმ ადამიანებთან ურთიერთობით, ვისთან ერთადაც მოედანზე ვიბრძვი. ჩემი ამგვარი დამოკიდებულება რაგბის მიმართ გადამდებია ასევე ჩემი ოჯახისა და ახლობლებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, აქტიურად გვგულშემატკივრობენ და გვერდში გვიდგანან.

რაგბი -ეს არის ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა, რაც შეიძლება მეკეთებინა. მისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და მეც მთლიანად, ასი პროცენტით ვიხარჯები.“

თვისებები, რომელთაც რაგბი აყალიბებს

მორაგბეები ბავშვობიდან სწავლობენ მეგობრობასა და გუნდურობას. პირველ დღეს ვარჯიშზე მისულ ბიჭს ყველა შინაურულად ხვდება, ერთად ჭამენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, მეტოქეს თანაგუნდელს არ დააჩაგვრინებენ… ეს ჩვევები მერე ცხოვრებაშიც გადაჰყვებათ ხოლმე.
ლაშა ხმალაძე: ,,რაგბზე რომ მივედი, პირველივე დღეს ყველამ სიყვარულით და სითბოთი მიმიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ, ვერ ვიგრძენი, რომ სხვაგან ვიყავი, თითქოს ჩემიანებთან ვიყავი მისული. რაგბი უპირველესად გუნდური თამაშია, რომელიც გუნდის წევრებს შორის მეგობრობასა და ურთიერთკავშირს ძალიან ამყარებს. ეს ისეთი სპორტია, თუ გუნდის წევრებს ერთმანეთის ნდობა და სიყვარული არ გააჩნიათ, კარგი თამაში არ გამოუვათ. აქედან გამომდინარე, რაგბი მეგობრობის, გუნდური მუშაობის უნარს, თანადგომასა და ბრძოლისუნარიანობას აყალიბებს.“

რაგბი და მოტივაცია

მიუხედავად იმისა, რომ მორაგბეები ხშირად დიდი ფიზიკური ტკივილებისა და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან, არასოდეს ნებდებიან, რაშიც მათ ძლიერი მოტივაცია ეხმარება.
ლაშა ხმალაძე: ,,ერთ-ერთი მოტივი, რის გამოც არასოდეს ვნებდებით, არის სიყვარული ამ სპორტის მიმართ. მეორე მოტივი არის სურვილი, იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დაიცვა და საერთაშორისო დონეზე გაიტანო ქართული რაგბის სახელი და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანო შენს გუნდს. რაც მთავარია, ეს ისეთი სპორტია, ხან დაეცემი, ხან ადგები, ხან გეტკინება, ხან შენ ატკენ და ეს გიყალიბებს უნარს, რომ მუდამ ბრძოლისუნარიანი იყო და არასოდეს დანებდე. ამ საქმეში თუ დანებდი, ცხოვრებაშიც, ნებისმიერ სხვა საქმეში, თუ პატარა წინაღობა შეგხვდა, იქაც დანებდები. ამას ბავშვობიდან გვაჩვევენ და გვასწავლიან – რომ დაეცემი, სწრაფად უნდა ადგე და ისევ თამაშში ჩაერთო. ეს არის პრინციპი, რომ სულ თამაშში იყო და მეგობარს მხარში ედგე“.

რაგბი და ინტელექტი

ენამახვილობითა და სარკაზმით ცნობილი ინგლისელი მწერალი, ოსკარ უაილდი ამბობს: ,,რაგბი კარგი საშუალებაა, დააკავო 30 ჩხუბისთავი ქალაქის ცენტრიდან შორს“. მორაგბეები ზოგს მხოლოდ ფიზიკურად განვითარებულ ადამიანებად მიაჩნია. თავისთავად, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაგბი, უწინარეს ყოვლისა, სპორტის ინტელექტუალური სახეობაა. აქ უმთავრესი ყურადღება სწორედ გონებრივ განვითარებას ეთმობა, რადგან მის გარეშე ფიზიკური შესაძლებლობების სწორი რეალიზაცია თითქმის შეუძლებელია.

თამაშის არსი

ლაშა ხმალაძე: ,,მთავარი რაგბიდან მაინც ის არის, რომ სიამოვნება მიიღო თამაშისგან. შეიძლება წააგო მატჩი, მაგრამ ბრძოლაში წააგო და მოედნიდან მაინც კმაყოფილი გამოხვიდე. მჯობს მჯობი არ დაელევა, ხან მოიგებ, ხანაც წააგებ, მაგრამ მთავარია ბოლომდე იბრძოლო. გამარჯვება, რა თქმა უნდა, დამატებითი სიხარულია, მაგრამ დამარცხების შემთხვევაშიც კმაყოფილი უნდა დარჩე, რომ შენი მაქსიმუმი გააკეთე, რასაც გულშემატკივარიც აფასებს.“

რაგბს ხშირად განუკურნებელ დაავადებას ადარებენ, რომელიც ერთხელ თუ შეგეყარა, ვეღარასოდეს მოიშორებ. ეს დაავადება კი ერთნაირად შეიძლება შეეყაროს არამარტო მორაგბეს, არამედ რაგბის ქომაგსაც.

ამბობენ, რომ რაგბი მხოლოდ სპორტი არ არის…

რაგბი – ყველაფერია!!

გაზიარება:

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply