წმიდა იუსტინე პოპოვიჩის სიტყვა წითელ პარასკევზე

0

არასოდეს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს, საყვარელო ძმაო. დღეს ეშმაკი განხორციელდა ადამიანში, რათა უსხეულოჰყოს ღმერთკაცი. ყოველი ბოროტება ჩასახლდა დღეს ადამიანის სხეულში, რათა ღმერთი განდევნოს მისგან. მთლად ჯოჯოხეთი გადმოსახლდა დღეს დედამიწაზე; და განა ახსოვს ვინმეს, რომ ეს ქვეყანა ოდესღაც სამოთხე იყო? პირველდაცემაზე განუზომლად დიდია კაცის აწინდელი დაცემა; ადამიანი მაშინ ღმერთს დასცილდა, დღეს კი – ჯვარს აცვა, მოკლა უფალი. და რა გქვია შენ ადამიანო, თუ არა ეშმაკი? მაგრამ რას ვამბობთ; ეს ხომ ცილის წამებაა ეშმაკზე? ეშმაკი არასოდეს არ ყოფილა ასე არტისტულად ბოროტი, როგორც ადამიანი. უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთშიც შთახდა, მაგრამ იქ ჯვარზე არ გაუკრავთ იგი. ხოლო ჩვენ ჯვარს ვაცვით უფალი! განა კაცნი ეშმაკზე უარესნი არ არიან? განა ეს ქვეყანა გეენიაზე მეტად მწველი არ არის? ქრისტე ჯოჯოხეთიდან არ განუდევნიათ, ხოლო დღეს ადამიანებმა განდევნეს იგი საკუთარი სხეულიდან, საკუთარი სულიდან და ქალაქიდან…

სულში გველივით ჩამწვდომია ბოროტი კითხვა, ძმანო, და ნიშნისმოგებით მეკითხება: განა ოდესმე კი ყოფილა ადამიანი კეთილი, თუ მან ქრისტეს ჯვარცმა შეძლო? – შენ ადამიანისა გჯერა და მისით იქადი, ოპტიმისტი ხარ? მაგრამ, შეხედე ადამიანს, დიდი პარასკევის ზენიტიდან მოხედე მოდგმას კაცისას და თქვი: ახლაც ოპტიმისტი ხარ? ნუთუ არ გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ? ნუთუ ვერ ხედავ, რომ ადამიანი დღეს ეშმაკზე უარესია?

დიდ პარასკევამდე ყველა დღე დაივიწყეთ, და მისი მომდევნო დღეებიც; და მიიყვანეთ ადამიანი დიდი პარასკევის ზღვარზე – განა ყოველგვარ საცდურთა სადგური, და სისაძაგლეთა კრებული არ არის იგი? განა ადამიანმა არ შეშალა დღეს ქვეყანა? განა ღმერთკაცის მკველობით არ დაადასტურა დღეს ადამიანმა, რომ ის ჭეშმარიტად დედამიწის სიშლეგეა?

საშინელი სამსჯვროც კი არ იქნება დიდი პარასკევზე საზარელი. არა, ის უდაოდ ნაკლებ შემაძრწუნებელი იქნება, რადგან მაშინ ღმერთი განსჯის ადამიანს, ხოლო დღეს ადამიანი განიკითხავს ღმერთს. დღეს ღმერთს უწყობენ საშინელ სამსჯავროს და კაცთა მოდგმა განიკითხავს მას. დღეს ადამიანი ჰყიდის უფალს და ჰყიდის 30 ვერცხლად. ნუთუ ეს საბოლოო ფასია? ნუთუ ქრისტეზე ჩვენი უკანასკნელი სიტყვა – იუდაა?

კაცობრიობამ დღეს სიკვდილი მიუსაჯა ღმერთს. ესაა უდიდესი ამბოხი ზეციურ და ქვეყნიურ ისტორიაში, ეს უდიდესი ცოდვაა ცისა და მიწის ისტორიაში. მსგავსი რამ დაცემულ ანგელოზებსაც კი არ ჩაუდენიათ. დღეს მოხდა ღვთის საზარელი განკითხვა. არასოდეს უხილავს სამყაროს უფრო უცოდველი მსჯავრდებული და უფრო გახელებული მსაჯულები. ესოდენ შემაძრწუნებლად არასოდეს დაუცინიათ ღვთისათვის.

“ყოვლისდამცინავი ჯოჯოხეთი” დღეს ადამიანში ჩასახლდა და დასცინა ღმერთს და ყოველივე ღვთიურს. დღეს მას დასცინეს ვისაც არასოდეს გაუცინია. ამბობენ, უფალ იესოს არასოდეს არ გაუცინია. მოტირალი კი, პირიქით – მრავალგზის უნახავთ. დღეს გააწბილეს ის, ვინც ჩვენს სადიდებლად მოვიდა; დღეს მას ვაწამებთ, ვინც წამებათაგან ჩვენს გამოსახსნელად გარდამოხდა; სიკვდილი მიუსაჯეს დღეს მას, რომელმაც საუკუნო ცხოვრება მოგვანიჭა. აქვს თუ არა საზღვარი შენს უგნურებას, ადამიანო? ანუ სადაა ფსკერი შენი დაცემისა?

ჯვარი. სამარცხვინო ძღვენი შევწირეთ მას, ვინც საუკუნო დიდება მოგვანიჭა. კეთროვანო, წყლულებათაგან განგწმინდა იმან და შენ სანაცვლოდ ჯვარს მიუძღვანებ? ბრმაო, მან თვალი აგიხილა და განა მისთვის, რომ ჯვარი გეხილა და ზედ უფალი გაგეკრა? მკვდარო, ნუთუ იმისთვის აღგადგინა საფლავიდან, რომ ის შეგემწყვდია შენს სამარეში? ნეტარებათა ხარებით დაატკბო ტკბილმა იესომ, ძმებო ჩვენი ცხოვრების მწარე სინამდვილე და მათგან რომლისათვის მივაგებთ ასეთ სიმწარეს?

“ერო ჩემო, ასეთი რა დაგიშავეთ? – განა იუდეა სასწაულით არ აღვავსე? განა ოდენ სიტყვით არ აღვადგენდი მკვდარს? განა ყოველგვარ სენსა და სალმობას არ ვკურნებდი?… და რით მიზღავთ თქვენ? კურნებისათვის ჭრილობები მომაგეთ; ცხოვნებისათვის ძელს მაკრავთ და მკლავთ”.

დიდი პარასკევი ჩვენი სირცხვილია, ჩვენი თავის მოჭრა და თავლაფდასხმა, ძმანო. იუდა ისკარიოტელში ყოველი ადამიანის სულისაგან იყო ცოტ-ცოტა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ჩვენ უცოდველნი ვიქნებოდით. იუდას მეშვეობით ჩვენ ყველა დავეცით; ყველა ჩვენთაგანმა გასცა ქრისტე და შეიწყნარა ეშმაკი და სატანას მიელაქუცა. დიახ, სატანას, რამეთუ წმიდა სახარებაში ნათქვამია: “და შემდგომად მიღებისა იუდაБსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი” (იოანე 13, 27). რომელი პურის მიღების შემდეგ? – იმ პურის შემდეგ, რომელიც ქრისტემ მისცა მას, ზიარების, ქრისტეს შემდეგ. ვაი, განა მეტიღა დაცემა იქნება და უმეტესი თავზარი?

ვერცხლისმოყვარეობავ, შენ გაეცი უფალი ქრისტე! შენ ახლაც ჰყიდი ქრისტეს ფულისმოყვარეო! იუდა ქრისტეს მოწაფე იყო, რომელიც შემსწრე იყო ქრისტეს ყველა სასწაულისა, რომელიც ქრისტეს სახელით მკვდრებს აღადგენდა და უწმიდურ სულებს განასხამდა – ეს იუდა გახადა ფულისმოყვარეობამ გამცემელი და ქრისტეს მკვლელი, და მე და შენ კი ვერ გვაქცევს იგი გამცემელად და ქრისტეს მკვლელად, მე, ვისაც ქრისტე ხორციელად არ მიხილავს? მე, რომელსაც არც კეთროვანი განმიწმენდია, არცა სნეულნი განმიკურნავს და არც მკვდარნი აღმიდგენია იესოს სახელით? იუდა ხანგრძლივად იყო მასთან, ვისაც თავის მისადრეკი არსად ჰქონდა, ვინც სიტყვითა და საქმით ასწავლიდა, რომ არც ვერცხლი და არც ოქრო თან არ ეტარებინათ. მე და შენ კი? უკეთუ სიგლახაკით სიხარული არ შეგიძლია, უკეთუ სიღარიბით კმაყოფა არ ძალგიძს – იცოდე, რომ შეიძლება იუდა გახდე. ნუ ჰკითხავ: “განა მე, უფალო?” რამეთუ პასუხად უეჭველად მიიღებ: “ჰო, შენ სთქუ”, – უკეთუ სიმდიდრეს ესწრაფები, და შენში ფულის წყურვილი ღვივდება უწყოდე, რომ ეს შენში იუდა იწყება. ძმაო და მეგობარო, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, ვერცხლისმოყვარეობამ ჯვარს აცვა ქრისტე; ვერცხლისმოყვარეობამ ქრისტეს მოწაფეთაგანი ქრისტეს მტრად, მკვლელად გარდააქცია. ვერცხლისმოყვარეობას ის წყეული თვისება აქვს, რომ იგი კაცს ქრისტეს მკვლელად და თვითმკვლელადაც ჰყოფს. იგი ადამიანის სულში პირველად ღმერთს კლავს და ადამიანში ღვთისმკვლელობის შემდეგ კლავს თვით ადამიანსაც.

სიკვდილი – საშინელი საიდუმლოა, ძმანო. მაგრამ კიდევ უფრო საშინელია, როცა ადამიანები სიკვდილით სჯიან ღმერთს და მისი სრული მოსპობა სურთ, რათა სრულიად უკვალოდ გაანადგურონ იგი. დღეს ღმერთზე მეტად ადამიანები არიან საშიშნი, რადგან ამგვარად აწამებენ ღმერთს, როგორადაც ღმერთს არასოდეს არავინ არ უწამებია; რამეთუ დღეს ამგვარად შეურაცხყოფენ ღმერთს, როგორადაც მას არავინ შეურაცხყვია; რამეთუ იმგვარად გვემენ დღეს უფალს, რომლის მსგავსადაც ღმერთს არასოდეს არავინ არ უგვემია. დაე დადუმდეს ყოველი, რაც თავის თავს ადამიანს უწოდებს – ყოველი დადუმდეს კაცებრი და ნურვინ იქადნის ადამიანობით, რამეთუ იხილე: მოდგმა კაცისა თავის გულში ვერ იტანს ღმერთს, კლავს ღმერთს! და ნურც ჰუმანიზმით იკვეხნის ვინმე! ჰოი, სატანიზმია ეს ყველაფერი…

დღეს ეშმაკებმა, ნადირებმა, ან ტურამგლებმა კი არა, ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს; ეკლის გვირგვინით შემოსეს იგი, ვინც უკვდავებით შეამკო ადამიანი; ეკლის გვირგვინს თხზავს ადამიანი მის თავზე, ვინც ვარსკვლავების გვირგვინი შეუთხზა ქვეყანას; ეკლის გვირგვინს ვწნავთ მეც და შენც, მეგობარო, თუკი ჩვენ ვერცხლისმოყვარენი ვართ, თუ ვმრუშობთ, თუ ვგმობთ უფალს, თუ ვჭორაობთ, თუ ვლოთობთ, თუ ვართ უწყალო, ან მრისხანე, ან ცოდვილ ფიქრებსა ვზრახავთ, ან თუ უწმინდური გრძნობები გვაქვს, თუ ვართ ურწმუნო, ან არ გვაქვს სიყვარული. ყოველი ჩვენი ცოდვა – ეს არის ეკალი, რომელსაც ეკლის გვირგვინს ვმატებთ და რომელ გვირგვინსაც გამუდმებით წნავს კაცობრიობა უფალ იესოს თავზე.

ღმერთის წამებაში ადამიანი ეშმაკზე ულმობელი აღმოჩნდა. არ გჯერათ? უსმინეთ, რას მოგვითხრობს თვითმხილველი: მაშინ სახეში ნერწყვიდნენ მას; – ვაი, იმ სასწაულებრივ და მშვენიერ სახეში… უფალო, რატომ კეთრით არ დააწყლულე მათი ბაგეები? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენთვის სიმდაბლე და მორჩილება გესწავლებინა? ნერწყვიდნენ ამ საკვირველ, ამ სათნო, ყოველ თანავარსკვლავედთა და ყოველ ნეტარებათა უძვირფასეს სახეს. რას ვამბობთ? – დიახ, ყოველ ნეტარებაზე აღმატებულს, რამეთუ ამ მშვიდ სახეშია საუკუნო ნეტარების მთელი სისრულე, საუკუნო ნეტარების მთელი სისავსე!.. იმ ნათელ სახეს აფურთხებდნენ, რომლის წინაშეც ზღვა დასცხრებოდა და მორჩილებდა; სახეს – რომელიც გაშმაგებულ სულებს ამშვიდებდა და განუსვენებდა მათ. და თქვენ ადამიანობით იქადით? დაკეცეთ თქვენი ბაირაღები ჭია-მატლებო და უბადრუკებო! არც დემონთაგან, არც ცხოველთაგან და არც მხეცთაგან ისე არავის არ უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავისა, როგორც ადამიანს… ადამიანები ღმერთს აფურთხებენ – განა მეტიღა საძაგლობა იქნება? ადამიანები ღმერთს სცემენ – განა უფრო სატანური რამ არსებობს? ძმანო, ჯოჯოხეთი რომ არ ყოფილიყო, ადამიანებისათვის უნდა გამოგონებულიყო იგი, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებისათვის…

მას, შემოქმედსა და ღმერთს ნერწყვიდნენ და სცემდნენ, ხოლო ის მშვიდად და მორჩილად იტანდა ყოველივეს. განა გეპატიება შენ, რომელიც ყოველგვარ წყენას წყენით პასუხობ? ყველა ბოროტებას-ბოროტებით? რომელიც წყევლი ყველა მაწყევარს შენსას და გძულს ყველა მოძულე შენი? როცა ბოროტებაზე ბოროტს მიაგებ – მაშინ შენ უფალ ქრისტეს ლანძღავ, როცა მოძულე გძულს – მაშინ შენ სცემ და აწამებ, ამცირებ უფალ ქრისტეს, რამეთუ იგი მსგავსად არასოდეს იქცეოდა.

და მშვიდი უფალი გადასცა პილატემ ჯვარცმად. ხოლო ადამიანებს იგი მიჰყავთ, წამებიდან წამებად. და შეურაცხყოფილ უფალს ჯვარს აცვამენ, ჯვარზე აკრავენ. ნუთუ გავიწყდებათ ლურსმნები, ქრისტეს ხელებში, იმ ხელებში, რომლებმაც ამდენი ავადმყოფი განკურნა? ამდენი კეთროვანი განწმინდა? ნუთუ დუმდება იმგვარად მეტყველი ბაგე, რომლის მსგავსად კაცს არასოდეს უმეტყველია? სადა ხარ, იაროს? სადა ხარ, ლაზარე? სადა ხარ, ნაინელო ქვრივო, რომ დაიცვა უფალი შენი და ჩემი? ნუთუ ჯვარს აცვავთ – უსასოთა სასოს, უნუგეშოთა ნუგეშისმცემელს, ბრმათა თვალის ჩინს, ყრუთა სასმენელს, მკვდართა აღდგომას? ნუთუ ამ წმიდა ფერხთ მსჭვალავთ ლურსმნებით, რომელთაც მშვიდობა და სიხარული მოჰქონდათ? რომელნიც ზღვაზე, ვითარცა ხმელზე მიმოდიოდნენ, რომელნიც მკვდარ ლაზარესთან და ღადარინელ ეშმაკეულთან მიილტვოდნენ?

ჯვარცმული უფალი, კმაყოფილნი ხართ, ღვთისმბრძოლნო, დაწყნარდითღა, ღვთისმკვლელნო? რას ფიქრობთ ჯვარცმულ ქრისტეზე? – მატყუარა, უძლური, მაცდური; თუ ძე ღვთისა ხარ, გადმოდი ჯვრიდან! შენ ხომ სამ დღეში ტაძრის ამგებელი ხარ, მაშ შენ თავს შეეწიე და გადმოდი ჯვრიდან!

ხოლო ჯვარცმული უფალი რას ფიქრობს ჯვრის ქვეშ მყოფ ხალხზე? იმას, რისი ფიქრიც სიყვარულისა და სიმშვიდის ღმერთს ხელეწიფება: “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!” – ჭეშმარიტად არ იციან რას სჩადიან ხორცშესხმული ღმერთის მიმარტ. განა ჯვარცმაზე უფრო იოლი იყო, ღმერთისათვის ხორცში ყოფნა? მერწმუნეთ, რომ გაცილებით მძიმე იყო, რადგან ღმერთსა და კაცს შორის უსაზღვროდ მეტი სხვაობაა, ვიდრე კაცსა და ეშმაკს შორის; ვიდრე – სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ამ წამებას განიცდიდა მაცხოვარი: მისი წმიდა, უცოდველი ბუნება სიკვდილს აღუდგა და თავის წინაშე სიკვდილის მხედველმა “იწყო დასუელებად და ურვად: მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე”!

უკეთუ სიკვდილის წინ ღმერთკაციც წუხს და იურვის, მაშინ, თქვით, არის განა ადამიანისათვის სიკვდილზე უსაშინლესი რამ, სიკვდილზე არაბუნებრივი რამ და სიკვდილზე უფრო საძაგელი სხვა რამ? მაცხოვარს უმძიმს სიკვდილი, მით უფრო საძნელოა იგი ადამიანისათვის. სიკვდილი ყველაზე უფრო მტკივნეულია ადამიანისათვის, რადგან იგი ღვთისაგან ადამიანის უდიდეს დაშორებას წარმოადგენს. ეს განიცადა ქრისტეში ადამიანმა და ღაღადჰყო: “ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?” ამას ღაღადებდა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, ერთარსი მამისა. განა ეს საუკეთესოდ არ ადასტურებს, რომ სიკვდილი ღვთისგან განმაშორებელი ძალაა, ესაა ძალა, რომელიც ადამიანს ღმერთს აცილებს.

ჯვარსაცვეს ღმერთი. რაღა გინდა ადამიანო? კეთილგონიერი ავაზაკი რომ არ ყოფილიყო – გამართლება არ გექნებოდა შენ, ის რომ არ ყოფილიყო – დედამიწა სამუდამოდ დარჩებოდა ჯოჯოხეთად. როცა ქრისტეს მიმართ დაბრკოლდა ყველა მოწაფე, ავაზაკმა აღიარა იგი ღმერთად და მეუფედ: “მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!” ავაზაკი – ეს ჩვენი იმედია, რამეთუ მაშინ აღიარა მან ქრისტე ღმერთად, როცა ყველამ დაკარგა მისი რწმენა, მაშინ ირწმუნა იესო როგორც უფალი, როცა იესო შეურაცხყოფილი, გაკიცხული და ნაწამები იყო, როცა ბოროტმოქმედთაგან დადანაშაულებული რიგითი კაცივით ეწამებოდა და იტანჯებოდა.

ხოლო იმ დროს, როდესაც ადამიანები ღმერთს შეურაცხყოფენ, მაშინ, როცა ადამიანები ქრისტეს ჯვარზე აკრავენ, მთელი ბუნება წინაღუდგება ამას: “და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა, ვიდრე მეცხრედ ჟამამდე… ხოლო იესო ხმა-ჰყო ხმითა დიდითა და განუტევა სული”, “და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაБ მის შორის”, “და ქუეყანაБ შეიძრა, და კლდენი განსქდეს, და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმინდათანი აღდგეს…” (მათ. 27; 45, 50-52).

როდესაც ადამიანებმა ღმერთზე თავიანთი ფარისევლობა აღასრულეს და გაყუჩდნენ – სამყარო ამეტყველდა, ქვები ალაპარაკდნენ და ადამიანებზე მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს ქრისტეს ტკივილზე. მზეც ამეტყველდა და დააბნელა ჩვენი მანათობელი ნათელი. სინათლეს იმისი შერცხვა, რაც ადამიანებს ახარებდათ. მიცვალებულებს საფლავებში ესმათ ქრისტეს ღალატი და განიღვიძეს და აღდგნენ, მაშინ როცა ჯვარცმის ქვეშ მდგომი ცოცხალი ადამიანები სულიერად მომკვდარან. “დღეს კრეტსაბმელი ტაძრისა განიპო, სამხილებლად უსჯულოთა, და მზემან ნათელი თვისი მიაქცია, ხედვიდა ჯვარცმულ უფალსა”.

“ყოველი თანაუგრძნობს შემოქმედსა ყოვლისა”, დიახ ყველა და ყველაფერი – გარდა კაცისა, გარდა ადამიანებისა. ყოველმა ქმნილებამ ჯვარზე გაკრულ ქრისტეშიც კი ცნო ღმერთი და აღიარა იგი ღმერთად. და ჯვარზეც გამოჩნდა ქრისტე ღმერთად. რით? – ავაზაკისადმი პასუხით; მზის დაბნელებით, მიწისძვრით; და კიდევ – თავის მტრებისადმი ლოცვით: “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!”

ჭეშმარიტად არ იციან ადამიანებმა, რას ჩადიან ქრისტეს მიმართ. ბოროტი უვიცობით გააკრეს ქრისტე ჯვარზე და უვიცობით დღესაც ჯვარს აცვამენ. “რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაБ ჯუარს-ეცუა” (I კორ. 2,8). მდაბალი და მორჩილი მოვიდა უფალი ამქვეყნად. განა უაღრესი სიმდაბლე და მორჩილება არ არის ღმერთის განკაცება, ადამიანის ხრწნადი, შეზღუდული და უბადრუკი სხეულის შემოსვა. ამქვეყნიდანაც მშვიდად და მორჩილად განვიდა უფალი; სიმდაბლით, მტრებზე ლოცვით განვიდა. ადამიანები არ ცნობენ ქრისტეს და ამიტომ დევნიან მას. მათ არ იციან, რაოდენ დიდია ეს სიყვარული, ეს სიმდაბლე, ეს მორჩილება, როდესაც ღმერთი უშვებს, რომ ადამიანები მას ასამართლებენ, აგინებენ, გვემენ, ბოლოს კლავენ.
დღესაც საზარელია დედამიწაზე ქრისტეს ხვედრი, ძმაო. ყოველი ჩემი ცოდვა – ეს მისთვის წითელი პარასკევია. ჩემი ოთხი ცოდვა და – მე უკვე ოთხი სამსჭვალით ჯვარს ვაცვი უფალი იესო. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო, მისთვის მეტი წამებაა, ვიდრე შენთვის და ჩემთვის. ცოდვის აღსრულებით შენ მას ჯვარს აცვამ. ყოველი უწმიდური ფიქრი, ყოველი ავხორცული გრძნობა ყვირის: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე! განა მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება დიდი პარასკევი არ არის; ყოველი ჩემი ცოდვა – ესაა ლურსმანი, რომლითაც მე უფლის სათუთ ხელებს ვმსჭვალავ; ყოველი ჩემი ვნება – ეკალია, ყოველი ჩემი სისაძაგლე – ეკლის გვირგვინია, რომელსაც ჩვენ ვადგამთ ქრისტეს თავზე. საზარელია ჩვენს მიერ ქრისტეს შეგინება. ებრაელებს შეეძლოთ ნაკლებ ერწმუნათ ქრისტე, რადგან ის ჯერ კიდევ არ აღმდგარიყო. ხოლო ჩვენ – ვისაც უკვე ოცი საუკუნეა ქრისტე თავისი ძლიერების მეუფებით გვიმტკიცებს აღდგომას თვისას, ჩვენ განვაქიქებთ აღდგომილ ქრისტეს, შეურაცხვყოფთ აღდგომილ ქრისტეს, ხელახლა ჯვარს ვაცვამთ აღდგომილ ქრისტეს! განა ჯვარზე არ აკრავს ქრისტეს მღვდელი, რომელიც თავის ცხოვრებით განაშორებს სამწყსოს ქრისტესაგან? განა პროფესორი, რომელიც თავის ღვთისმბრძოლი სწავლებით მოსწვლეთა სულებიდან ღმერთს განდევნის, არ აწამებს და არ დასცინის აღდგომილ ქრისტეს? განა ყოველი, რომელიც ოდენ სახელითაა ქრისტიანი, აღდგომილ ქრისტეს არ ძრახავს და არ აგინებს?

ვაი, რომ გამუდმებით ვდევნით ჩვენ ქრისტეს… როგორ, რანაირად ვდევნით ქრისტეს, – იკითხავს ვინმე, – როდესაც ხორციელად ჩვენთან არ არის? როდესაც ვერ ვხედავთ მას? ვაი, რომ ვდევნით ჩვენ, ძმანო, ქრისტეს, ვდევნით, როცა მის სულს განვაგდებთ, როცა მის მოძღვრებას, მის წმინდანებს, ეკლესიას მისას ვდევნით. ქრისტეს ვდევნით, როცა მთხოვნელს განვაგდებთ: რამეთუ მათხოვარში იგია მთხოვნელი; ქრისტეს ვდევნით – როდესაც შიშველს არ ვმოსავთ, მშიერს არ განვაძღებთ: რამეთუ შიშველში ქრისტეა განძარცვული და მშიერში ქრისტე შიმშილობს; ვდევნით ქრისტეს, როდესაც ავადმყოფს არ ვინახულებთ, რამეთუ მასში ქრისტეა სნეული. ყოველ ტანჯულში ქრისტე იტანჯება, ყოველ მწუხარეში ქრისტე წუხს. თავის უსაზღვრო კაცთმოყვარეობით იგი გამუდმებით ხორციელდება ყოველ მშიერში, ყოველ სნეულში, ყოველ მწყურვალში, ყოველ უბედურსა და მოძულებულში, შეგინებულში და ყოველ დამცირებულსა და დევნილში.

განუწყვეტლად თავის თავზე იღებს უფალი იესო ქრისტე ადამიანის სხეულს და მასთან ერთად იტანჯება და ეწამება მასში; განუზომელი გულმოწყალებით იგი მარად უერთდება მათ: “ამინ გეტყვი თქუენ, რავდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ” (მათე 25,40). ყოველ ქრისტიანში ქრისტე ხორციელდება. უსმინე, რას ამბობს: “საულ, საულ რაისა მდევნი მე?” (საქმ. 9,4), რამეთუ უკეთუ დევნი ჩემს მორწმუნეებს – მე მდევნი. თუ ჩემს მორწმუნეებს აწამებ – მე მაწამებ, თუ მათ შეურაცხყოფ – მე შეურაცხმყოფ. ძმანო, არა მარტო უფალ ქრისტესათვის, არამედ ყველა ქრისტიანისათვის ამქვეყნიური ცხოვრება – გამუდმებული წითელი პარასკევია. და რაც მეტადაა შენში ქრისტე მით უმეტესად გდევნიან. უკეთუ ქრისტესი ხარ, ამქვეყნის მტვრად მიიჩნიე თავი, რომელსაც თრგუნავს ყველა. როგორც დასთრგუნეს ქრისტე. როცა გწყევლიან – შენ დალოცე, როცა გცემენ – შენ მიუტევე, როცა მოგიძულებენ – შენ იყუარებდე; უფლის მსგავსად შენც მოთმინებით სძლიე მტანჯველებს. ბოროტებას სიკეთით უპასუხე; იბრძოლე, როგორც იბრძოდა უფალი ქრისტე. სიამაყეს მორჩილებით ებრძოლე, უხეშობას – სიმშვიდით, სიძულვილს – სიყვარულით, შეურაცხყოფას – მიტევებით ებრძოლე, ცილისწამებას – ლოცვით… ესაა გამარჯვების გზა, გზა, რომელიც ერთგზის და სამარადისოდ დასდო უფალმა იესომ და რომელიც ტანჯვით მიმყვანებელია აღდგომად. ჩვენ ამ გზას, ამ ერთადერთ გზას ვადგევართ, რომელიც აღდგომით დამთავრდება, თუკი ჩვენს მაწყევართ დავლოცავთ, თუკი მოძულეებს ჩვენსას სიკეთეს მივაგებთ, თუ მტრები გვეყვარება, თუ შეურაცხყოფა არ განგვარისხებს, თუ მაგინებლებს ჩვენსას დავლოცავთ და ფურთხებას ლოცვით დავითმენთ. ჩვენ უეჭველად ამ გზას, სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვების დამაგვირგვინებელ გზას ვადგავართ. თუკი მაშინაც კი, როცა ჯვარს გვაცვამენ, ქრისტეს მსგავსად ჩვენი მტანჯველებისათვის ვილოცებთ: “მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!” ამინ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply