წერილი მეგობარს – „აჩვენე სამყაროს, რომ მიუხედავად იმისა თავად გჭირდება დახმარება, არ ნებდები და მაინც აგრძელებ კეთილი საქმეების კეთებას“

0

ამ წერილის დაწერა ჩემი მეგობრის მესიჯმა გადამაწყვეტინა,რომელიც  დილის 5 საათზე მივიღე მისგან. მეგობარი მწერდა, რომ  ოჯახური პრობლემები აქვს და ამ სამყაროში, აღარ არის მისი ადგილი.  მაშინათვე მინდოდა მიმეწერა მისთვის  პასუხი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, დავწერო ვრცელი    წერილი  და გავუგზავნო ფოსტის  საშუალებით. მართალია, თანამედროვე  სამყაროში  გაცილებით ადვილია   წერილების ელექტრონულად გაგზავნა ,მაგრამ  ვფიქრობ, თუ  ის  საფოსტო ყუთში აღმოაჩენს და  სახლის ზღრუბლთან წაიკითხავს ჩემს წერილს, უფრო ადვილად    დაიჯერებს   რომ  კვლავ ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. გაიხსენებს   ძველ დროს,როდესაც  ვცხოვრობდით ერთ ქალაქში. ვწერდით უამრავ   წერილებს და   ამ გზით ვუზიარებდით  ჩვენს აზრებს ერთმანეთს. ვფიქრობ, როდესაც ადამიანს   ფურცელზე გადააქვს სათქმელი,კომპიუტერის და ყოველგვარი ტექნიკის გამოყენების  გარეშე,მისი  განცდები გაცილებით დამაჯერებელია.გიჭრავს ხელში   წერილი, რომელიც  მეგობარმა  გამოგიგზავნა  და  ხვდები, რომ  მას  ძალიან უნდოდა    მისი წერილი განსაკუთრებული ყოფილიყო შენთვის.მართალია,როდესაც  დახმარება სჭირდება  ადამიანს პირადად უნდა   მოინახულო იგი, აიღო  მისი ხელი- ხელში  და გაიგო  რა აწუხებს,  მაგრამ  სამწუხაროდ,  მე  ვერ მოვახერხებ მასთან შეხვედრას,  რადგან  უკვე  რამდენიმე წელია საზღვარგარეთ  მიწევს ყოფნა.

       როგორ ხარ ჩემო მეგობარო?  მართლაც, დიდი ხანია  არ გვინახავს ერთმანეთი. 7  წელი  გავიდა  ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ.მხოლოდ ერთხელ,  ახალი წლის ღამეს ტელეფონის საშუალებით მოვიკითხეთ  ერთმანეთი. ეგ იყო და ეგ. მას შემდეგ, ფეისბუქზეც კი   არ შევხმიანებივართ ერთმანეთს.  მაგრამ არა უშავს,რადგან ასეც ხდება ხოლმე. ზოგჯერ ადამიანები იმდენ დროს ატარებენ ერთად, შემდეგ  როგორღაც ჰყოფნით  ეს  ერთად გატარებლი წუთები და მთელი ცხოვრება  აქვთ ერთმანეთის იმედი.  ამიტომ   მოულოდნელი  მესიჯი,რომ  მივიღე  შენგან , რა თქმა უნდა   გამიხარდა.ვიფიქრე, ჩემი ბავშვობის მეგობარი  გამოჩნდა,რომელიც ყოველთვის მიყვარდა – მეთქი. მაგრამ    მესიჯი ,რომ  წავიკითხე,    გული მეტკინა. მინდოდა ლამაზი ოჯახი გქონოდა,მაგრამ  მწერ, რომ ასე არ არის.რთულია  ურჩიო სხვას,  როგორ მოიქცეს ასეთ წუთებში,მაგრამ  ხშირად  მეგობრის  ნუგეში  ძალიან   სჭირდება   ადამიანს.

იცი რამდენჯერ  მიფიქრია,რომ  მიუხედავად იმისა   აქაც მშვენიერია ცა,დაცურავენ თეთრი ღრუბლები  და  მოხდენილად დაფრინავენ ფრინველები, საქართველოში, მართლაც განსაკუთრებულად  ლამაზია  ყველაფერი- მეთქი.  იმიტომ არა,  რომ   ასე გვასწავლიდნენ მშობლები,  ასე ამოგვიკითხავს წიგნებში და   უცხო მიწაზე  გაცილებით ძლიერია ნოსტალგია.  არა !   აქ გული  ჩურჩლებს: „  საქართველო ყველაზე მშვენიერი მხარეაო“ და მე  აუცილებლად უნდა დავუბრუნდე ჩემს სამშობლოს. მიხარია და მტკივა საქართველოს ყოველი გოჯი, ამიტომ  მგონია საქართველოს გული მიდევს მკერდში,ამიტომ ვფიქრობ,   მე არ მიმიტოვებინა ჩემი ქვეყანა. გარემოებამ გადამაწყვეტინა  წავსულიყავი საზღვარგარეთ   და ამ გზით მეზრუნა  ოჯახის წევრებზე.იცი, რამდენჯერ მომნატრებია ჩვენი ქალაქის ქუჩები ,რამდენჯერ მინატრია გამეგონა  ეკლესიის ზარების ხმა  და  მიფიქრია,რომ  ყველაზე მოსიყვარულე ხატები საქართველოშია დაბრძანებული.

ჩემო მეგობარო, მახსოვს   ხშირად ლოცულობდი,მაგრამ ახლა მწერ,რომ  დიდი ხანია მიატოვე  უფალთან საუბარი. ძალა აღარ გაქვს  ილოცო  და დაესწრო   წირვას.ლოცვა, მხოლოდ  მაშინ არის გულწრფელი,როდესაც ტკივილითაა სავსე,რადგან სამყაროს იშვიათად   მოუსმენია  ბედნიერი ადამიანების ლოცვა.ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიწყებთ უფალზე ფიქრს,როდესაც გვგონია, რომ ჩვენთვის   სამყარო აღარასოდეს გაიმეტებს ბედნიერ წუთებს ,როდესაც ვფიქრობთ,რომ    ყველამ დაგვივიწყა. ასეთ დროს ადამიანს ყველაზე მეტად ჭირდება  ნუგეში.ნუ დარდობ, ჩემო ტკბილო ადამიანო,უფალი არ მიგატოვებს.უფალი თბილია და ტკბილი. ცხოვრება  მშვენიერია,მაგრამ ზოგჯერ  ტკივილი მისი განუყოფელი ნაწილია.გახსოვს,  როგორ მაშინებდა   დაბრკოლებები.  არ ვიცოდი,როგორ გადამელახა ისინი. თუ ავად  გავხდებოდი მაშინათვე ტირილს ვიწყებდი. ვფიქრობდი, დამივიწყა   უფალმა- მეთქი. როგორი სასაცილო ვყოფილვარ  არა?  მაგრამ მას შემდეგ , რაც უცხო მიწაზე  დავიწყე  ცხოვრება, უფრო ძლიერი გავხდი.  ვისწავლე განსაცდელებთან გამკლავება და გამოვიმუშავე ახალი უნარ-ჩვევები,რომელიც  მეხმარება სამშობლოსაგან მოშორებით   ვიცხოვრო ღირსეული ცხოვრებით.

ჩემო მეგობარო, შენ  გყავს ადამიანი,რომელსაც შეგიძლია   მისწერო წერილები და ის  ძველებურად მიიტანს შენს ტკივილს გულთან.ერთად  კი აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს.  იცი, ჩემს წარმოსახვაში  რამდენჯერ გამინდვია შენთვის ჩემი პრობლემები?  ამიტომ არ გამკვირვებია  მესიჯი რომ მივიღე შენგან.  ვიცი, არ არის ლამაზი ასე რომ გაიყარა ჩვენი გზები ,მაგრამ  ამბობენ ასეც ხდებაო ცხოვრებაში.ადამიანები საკუთარ პრობლემებში არიან ჩაფლული  და დრო აღარ რჩებათ ერთმანეთისთვისო ,მაგრამ    გახსოვდეს, რომ  ჩემი სახით    გყავს მეგობარი,რომელმაც კარგად იცის როგორი განსაკუთრებული ხარ. გახსოვს  „მე ჯერ შენი სული დავინახე და მეგობრობა  მერე დაიწყო“.  ამიტომ ვიცი როგორიც  ხარ.  ყვავილივით ნაზი, მზესავით თბილი და   შვლის ნუკრივით სათუთი ,მაგრამ   შენში არის უზარმაზარი ძალა,რომელიც დაგეხმარება გადალახო  მრავალი დაბრკოლება. როგორც ძალიან ბევრ ქალს შენც  შეგიძლია ერთდროულად  იყო სუსტი და  ძლიერი, დაუცველი და მამაცი,  მოსიყვარულე და  მებრძოლი, რადგან ქალისათვის ყველა   ეს თვისება ერთდროულად   უბოძებია  ღმერთს.

გახსოვს ხშირად  ვსაუბრობდით   ქორწინებაზე. ვოცნებობდით  გავყოლოდით  ცოლად უფლისწულს.ჩვენ ზღაპრული სამყარო გვეგონა ქორწინება. ვფიქრობდით,  ვიცხოვრებდით  ოქროსფერ სასახელში   და   ჩავიცვამდით მდიდრულ  კაბებს.  არ ვიცოდით,რომ ქორწინებას შეუძლია ადამიანი გააბედნიეროს და პირიქით. ქორწინება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში და თუ  ის  ჰარმონიული არ არის, აუცილებლად  მართებთ  წყვილებს დაფიქრება.რადგან ადამიანები ხშირად    ქორწინებაში  პოულობენ  ცხოვრების მთავარ აზრს  (საყვარელი  მეუღლე, მოსიყვარულე შვილები – ეს  ჩვენი  ცხოვრების სუნთქვაა) და თუ პირიქით ხდება – ადამიანი მხოლოდ ტკივილით ცხოვრობს,  გამოდის რომ ცოლ-ქმარი  ცოტა დროს უთმობენ   და ნაკლებად  ზრუნავენ ერთმანეთზე.  „ქორწინება ხომ  არის არა დასასვენებელი სახლი, არამედ შენობა, რომელსაც გამუდმებით უნდა მშენებლობა და შეკეთება”.(ჟან გაბენი)  ვიცი, შეიძლება ძნელია  ამ სიტყვების მოსმენა ,მაგრამ ჩემო  მეგობარო,მე დეტალებში არ ვიცი შენი  პრობლემები და არ გთხოვ მიამბო ის. უბრალოდ ერთს გირჩევ,  ილოცე გულით  და შემდეგ, როდესაც დამშვიდდები აუცილებლად   მიხვდები, როგორ მოიქცე, რომ შეცვალო   რეალობა, რომელიც გაფიქრებინებს რომ აღარ არის შენი ადგილი ამ სამყაროში. თითოეულ ჩვენთაგანს  აქვს თავისი კუთვნილი ადგილი, არა მარტო ამ  მიწაზე,  არამედ ყველგან.

ცაში,ჰაერში, მთებში და ოკეანეებში,მაგრამ თუ შენ პირიქით ფიქრობ, მაშასადამე   სასოწარკვეთა გალაპარაკებს. არ მისცე თავს  უფლება დეპრესიაში იცხოვრო. არ მისცე თავს უფლება იყო  დეპრესიული. შენ გყავს უფალი,რომელიც შეისმენს შენს ლოცვას. გყავს შვილები, რომელთაც ჭირდებათ დედა. გაქვს  შენი საყვარელი პროფესია.მე მახსოვს,  როგორ ათენებდი ღამეებს   სასურველი მიზნისთვის ,რომ მიგეღწია   და  გამხდარიყავი საუკეთესო მედდა, ამიტომ   აუცილებლად  ყოველდღე სიყვარულით  უნდა ემსახურებოდე შენს საქმეს. თუ  სიყვარულით იზრუნებ  პაციენტებზე ,  სითბოს და  მზრუნველობას არ მოაკლებ  ავადმყოფებს, შენი  ტკივილი  შეიცვლება  და მხოლოდ  ერთი საზრუნავი გექნება  –  როგორ  აკეთო კეთილი საქმეები. მე   მახსენდება     როგორ  ურიგებდი დანაზოგს   ქაშუეთის წინ  ჩამომსხდარ ადამიანებს,რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ.რამდენჯერ სახლიდან მოგიტანია მათთვის სასმელ-საჭმელი და ისინი ყოველთვის  გულმხურვალედ გეუბნებოდნენ  მადლობას. ამიტომ  ოჯახურ პრობლემებს არ მისცე უფლება,  შეცვალოს შენი კეთილშობილური ხასიათი. აჩვენე  სამყაროს,რომ  მიუხედავად იმისა, თავად  გჭირდება ნუგეში,  შენ სხვებზე ზრუნავ და ეხმარები მათ.როდესაც ამას შესძლებ  შენი ტკივილი გარდაიქმნება ბედნიერებად და  მიხვდები,რომ ღმერთმა შეისმინა შენი ლოცვა.

ბოდიშს გიხდი ამდენი რჩევა რომ მოგეცი. ვფიქრობ არ გეწყინება, რადგან შენ ყოველთვის გიყვარდა ჩემი ნაწერების კითხვა. ამბობდი,  შენი წერილები ყველაფერზე    მეტიაო.მე ყოველთვის გადაჭარბებულად მიმაჩნდა ასეთი შეფასება ,მაგრამ გულის სიღრმეში  მიხაროდა   შენი ნათქვამი.ამიტომ   გიზიარებდი  გულწრფელად  ჩემი   გულიდან ამოღებულ სიტყვებს. ახლაც ასე მოვიქეცი, ამიტომ ვფიქრობ ოდნავ მაინც    გაგითბობენ  ჩემი სიტყვები გულს.

ძვირფასო მეგობარო!

არასდროს  დაივიწყო საკუთარი თავი –  გოგონა ლურჯი თვალებით,რომელსაც უამრავი ოცნება ჰქოდა.იბრძოლე და აუცილებლად იპოვი სწორ გზას. იშრომე და აუცილებლად გექნება უკეთესი მომავალი. გთხოვ  არ დამივიწყო  და დამიმეგობრე  ფეისბუქზე . უფლის ძალა გფარავდეს მუდამ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply