წერილი ადამიანებს,რომლებიც ამტკიცებენ,რომ ღმერთი უბრალოდ არ არსებობს

0

გუშინ ნათესავთან ვიყავი სტუმრად,რომელიც  ყოველთვის,როდესაც ახლობლები მასთან   ვიკრიბებით  საჯარო სიტყვით  გამოდის ღმერთის წინააღმდეგ და სასიკვდილო იარებს აყენებს  ჩემს გულს.  ცდილობს  გაანადგუროს  ჩემი  სამყარო და  სურვილი აქვს  შეარყიოს ჩემი რწმენა. არ ვიცი ამას რატომ აკეთებს, მაგრამ  ყოველთვის ირონიულად იმეორებს,რომ  ღმერთი, უბრალოდ  არ არსებობს. რამდენჯერ ვცადე დამემტკიცებინა მისთვის  საპირისპირო,მაგრამ როდესაც  იმის შესახებ  იწყებ მსჯელობას  არსებობს თუ არა ღმერთი, ყველაფერი იცრიცება და ნაცრისფერი ხდება გარშემო.    მრავალი ნაშრომი შექმნეს მეცნიერებმა ,რომ   დაემტკიცებინათ   ღმერთის არსებობა,მაგრამ მიუხედავად ამისა   ორიათას წელზე მეტია  გრძელდება ამ საკითხზე   დავა სკეპტიკოსებთან,  რადგან შეუძლებელია  სიტყვების საშუალებით დაამტკიცო ნამდვილად არსებობს თუ არა ამ სამყაროში ღმერთი.მე არ ვარ მეცნიერი და ამ თემაზე ვერ დავწერ დისერტაციას, არ ვარ ფილოსოფოსი და ვერ გამოვცემ ფილოსოფიურ ნაშრომს. მე ერთი პატარა ადამიანი ვარ,რომელსაც გული  ღმერთის სიყვარულით მაქვს სავსე,ამიტომ ვფიქრობ აუცილებლად უნდა დავწერო ჩემი სათქმელი.

საღამოს ნათესავის სახლიდან  შინ რომ ვბრუნდებოდი,ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, რადგან არ შემეძლო სხვებისთვის გამეზიარებინა ჩემი ფიქრები. მივხვდი ამ რამდენიმე საათში,    კიდევ უფრო გაიზარდა  ჩემი  ქრისტეს მიმართ სიყვარული, ამიტომ ამ განცდამ  ნელ-ნელა  გაათბო ჩემი გული. მერე კი მთელი გზა ვფიქრობდი,  ღმერთი  რომ  არ არსებობდეს, არაფერს   ექნებოდა აზრი. ღმერთი, რომ არ არსებობდეს  არც სიკეთე  იარსებებდა  და მოწყენილ ადამიანებს კიდევ უფრო სევდიანი გული ექნებოდათ. აღარც ბოროტებას ექნებოდა საზღვარი და სიცოცხლე დაკარგავდა თავის  მნიშვნელობას. ღმერთის გარეშე ჩვენ ვერ შევნიშნავდით  სამყაროს სილამაზეს,რადგან ჩვენს ირგვლივ არაფერი  იქნებოდა ასეთი ლამაზი და თვალწარმტაცი. ფერდობზე შეფენილი ყვავილები და ადამიანებიც კი ცუდად იგრძნობდნენ თავს   ღმერთის გარეშე. რადგან ყველაფერი ღმერთის მიერ არის შექმნილი.  ფოთლების შრიალი ქარში, ზამთარში საკვამურიდან ამოსული კვამლი  და  ჩიტუნები,  რომლებიც   ტოვებენ სევდიან კვალს ცაზე, როდესაც მიფრინავენ თბილ ქვეყნებში. არ ვიცი როგორ შეიძლება ამაში შეგეპაროს ეჭვი,როგორ შეიძლება ვერ ამჩნევდე ასეთ საოცრებას? გადავიქნიე სინანულის ნიშნად თავი და დავაკვირდი ცას. მართალია შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს,მაგრამ  დაახლოებით 10 მილიონიდან რამდენიმე ტრილიონამდე ვარსკვლავი დაგვყურებს  ადამიანებს თავზე.ასევე მიიჩნევენ,რომ სამყაროში 100 მილიარდი გალაქტიკა არსებობს.მაგრამ  ზოგიერთი ადამიანისათვის  მაინც  დაუჯერებელია,რომ ეს ყველაფერი ზებუნებრივმა ძალებმა  შექმნეს.

სამწუხაროდ მე არ მაქვს ზოგადსაკაცობრიო  კითხვებზე პასუხების სრული ჩამონათვალი, მაგრამ ვიცი,  ჩემს გულში ბავშობიდან ცხოვრობს  ღმერთი.  ბავშვობაში,  როდესაც ადამიანის  გული ჯერ კიდევ  სუფთა და უცოდველია,ის არ ეძიებს ბევრ  კითხვაზე  პასუხს,რადგან ადვილად სწამს  ჭეშმარიტება. დედა ბავშობიდან მასწავლიდა –  თუ გულით    ილოცებ, აუცილებლად შეისმენს შენს ლოცვას ღმერთი. მეც ბავშვობაში ტაძარში რომ შევდიოდი ყოველთვის ვესაუბრებოდი უფალს. მახსოვს ბევრი თხოვნა მქონდა, მაგრამ სასოწარკვეთილი,მხოლოდ იმას  ვუამბობდი ღმერთს , რომ მამა ყოველ საღამოს ნასვამი ბრუნდება  სახლში. ამის გამო   დედა ყოველ საღამოს ტიროდა და  ღმერთს  ვთხოვდი   გაეკეთებინა     ისე, რომ აღარ დაელია მამას.   რადგან დედა ხშირად ავადმყოფობდა,  მინდოდა მალე გამოჯამრთელებულიყო და  ყველას   ერთად   გვეცხოვრა  ბედნიერად. მინდოდა დედისთვის ვერაფერი  დაეკლო დროს  და არასდროს დაბერებულიყო. მიუხედავად იმისა  ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა და ჩემი ძმის ნაქონი ტანსაცმელი მეცვა სკოლაში,  რის  გამოც ხშირად დამცინოდნენ კლასელები, მე არასდროს მითხოვია მისთვის  ძვირფასეულობა. ეკლესიაში განსაკუთრებით კარგად ვგრძნობდი თავს. ეს იყო  ყველაზე  ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ  სიყვარულს სიტყვებით ვერ გამოხატავს ადამიანი,ვერც მე გამოვხატავ ამ უხილავ გრძნობას.  არ ვიცი როგორ ავღწერო ჩემი რწმენა.მე  ერთი უბრალო ადამიანი ვარ,რომელსაც ხეიარიანად მსჯელობა და კამათიც კი არ შეუძლია,მაგრამ   როდესაც სხვა ადამიანები ამბობენ,რომ ღმერთი არ არსებობს, ჩემს გულში  მაინც არ ქრება იმედი. მართალია მრავალი საუკუნეა ადამიანების გარკვეული ნაწილი   დევნის უფალს და  ამტკიცებს,რომ  სამყარო დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა და ისინი  ყველანაირად   უგულვებელყოფენ ღმერთის როლს სამყაროს შექმნაში ,მაგრამ ღმერთი რომ არ არსებობდეს, ადამიანიც არ იარსებებდა და უბრალოდ ვერ შესძლებდა ასეთ  საკითხებზე დავას. არ ვიცი რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს გაუღონ გულის კარი  უფალს  და  შესძლონ უანგარო  სიყვარული, მაგრამ იქნებ სწორედ   ამაშია   სამყაროს საიდუმლო და რადგან ჩემი გონება ვერ წვდება ღმერთის სიბრძნეს,   ცრემლებით ვწერ ამ წერილს,ამიტომ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა,  როდესაც ერთნი  უარყოფენ ღმერთს  და ამის გამო სხვა ადამიანები ტირიან,   ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა ,რომ ღმერთი ნამდვილად ჩვენს გვერდით არის.

ვინ იცის რამდენი პრობლემა შემხვედრია ცხოვრების გზაზე, რამდენჯერ მოვსულვარ ტაძარში სასოწარკვეთილი და  მიფიქრია,რომ აღარ არის ჩემი ადგილი ამ სამყაროში, მაგრამ ჩამოვმჯდარვარ  ეკლესიის ზღრუბლთან, დამბრუნებია  სიცოცხლის ხალისი და მიფიქრია,რომ  მომავალში აუცილებლად შევძლებდი მომეგვარებინა  ყველა პრობლემა.  მართალია ასეთ განცდებს  ვერ  აჩვენებ მონიტორზე და ვერაფერს  დაუმტკიცებ ადამიანებს,რომლებსაც არ სჯერათ უფლის არსებობა, მაგრამ მე მაინც მინდა თითოეულ  ადამიანს  სჯეროდეს  და სწამდეს,ენატრებოდეს და უყვარდეს უფალი.  ღმერთო,  იქნებ მომავალში აპირებ გაათბო  ასეთი ადამიანების გული.  იქნებ გულის სიღრმეში  მათაც სჯერათ შენი,  მაგრამ უბრალოდ ჯიუტი ადამიანები არიან და  თავიანთი  დოგმებით სპეციალურად უპირისპირდებიან  სამყაროს.

მე კი  ღმერთმა  პირველად მაშინ შემისრულა   თხოვნა, როდესაც სიღატაკის დასამალად მაჩუქა ფრთები და ამ ფრთების დახმარებით  სრულიად სხვა სამყარო  აღმოვაჩინე ჩემს გულში. რა თქმა უნდა ეს ფრთები არ იყო სპეციალური საფრენი მოწყობილობა,რომელიც შემეძლო  ზურგზე დამემაგრებინა    და გაფრენილიყავი.  ეს იყო გულში ჩაღვრილი  ნუგეში, იმედი და სიყვარული. როდესაც ადამიანი ღარიბია,სევდიანია ან პრობლემები აქვს, საოცარ სიღრმეებამდე  ჩადის თავის გულში და უხილავი ხმა ეუბნება,რომ მომავალში ყველაფერი   იქნება კარგად. მე კი   სწორედ ასეთ ფიქრებს ვუწოდებ სულიერ ფრთებს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის გვჩუქნის  ღმერთი.ამ ფრთების დახმარებით ადამიანი მოგზაურობს  თავისი სულის ისეთ ლაბირინთებში, სადაც  იმედით ივსება   გული.

ჩემი ლოცვა   მაშინ  შეისმინა  ღმერთმა,როდესაც ქართულის რესპუბლიკურ ტურში გავიმარჯვე და რადგან ფულადი სახით გადმომცეს პრიზი ,სასწრაფოდ შინ  გავიქეცი და  იმ ფულით წამლები ვუყიდე დედას. შემდეგ კი ძალიან მალე გამოჯამრთელდა დედა და ჩვენ  მოვიარეთ მთელი სამყაროს მთები და მინდვრები ერთად.  ვინ იცის რამდენი ლამაზი წუთი გვიჩუქნია ერთმანეთისთვის.  ახლა დედაჩემი  60 წლის არის და ამბობენ, რომ  კვლავ  მშვენიერი და მომხიბვლელია.  ოქროსფერი თმები მხრებზე აქვს ჩამოყრილი და თითქოს უკვდავების ელექსირი დაელიოს, არ ეკარება სიბერე.  რაც შეეხება მამას ის ახლა იშვიათად  სვამს, იშვიათად  ჩხუბობს და   ყოველთვის    გვიყურებს სიყვარულით.

მადლობა უფალო, რომ  ჩემს  გულში გამონახე  ადგილი შენთვის და მოხვედი,   ჩემს ძველისძველ ქოხში. უფალო,  ჩემს გულს უყვარხარ  და  უხარია  შენთან ყოფნა. ვერ გხედავს,მაგრამ გრძნობს შენს არსებობას. რა ვქნა, ასეთ სიყვარულს თუ ვერ იგრძნობ, ვერ დაიჯერებ და რომ იგრძნო უნდა შეგეძლოს  ამოიცნო ყველა   ნიშანი,  რომელსაც გვიგზავნის ყოველდღე    სამყარო.   მე ძალიან ბევრჯერ ვცადე   პასუხი გამეცა მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ უფალი არ არსებობს.  ძალიან ბევრს ვფიქრობდი  ამის შესახებ. ერთ დღეს კი მივხვდი, როდესაც  გული ღმერთის  სიახლოვეს  გრძნობს, ასეთ წუთებში უდიდეს ბედნიერებას განიცდი. რადგან  უფლის იმედი გაქვს. სწორედ რწმენა და  ღმერთის მიმართ  სიყვარული არის უტყუარი მტკიცებულება  იმისა, რომ ჩვენ  –  ადამიანებს და ღმერთს ერთმანეთი გვიყვარს და ის ვინც  მთელი გულით გიყვარს,  შეუძლებელია  არ არსებობდეს. ვინც  გიყვარს, იმედს არასდროს გაგიცრუებს და ყოველთვის იქნება შენთან.

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply